ახალი კვლევის მიხედვით, მზის სისტემაში არსებული ორი ჯუჯა პლანეტის ზედაპირის ქვეშ შესაძლოა, ოკეანე იყოს. ესენია ერისი და მაკემაკე, რომელთა შესახებაც ინფორმაცია ჯეიმს ვების კოსმოსურმა ტელესკოპმა მოიპოვა.
ეს ორივე ციური სხეული კოიპერის სარტყელშია განლაგებული. ერისი ასტრონომებმა 2005 წლის იანვარში აღმოაჩინეს. სწორედ ამან დააყენა ეჭვქვეშ პლუტონის პლანეტის სტატუსი. ერისი პლუტონზე 44 კილომეტრით პატარაა, მაგრამ მასზე 25%-ით მასიურია, რაც ამ ობიექტის ბირთვში მყარი მატერიის მაღალი კონცენტრაციითაა განპირობებული. ის ჯუჯა პლანეტის პროტოტიპად იქცა, რომლის კრიტერიუმებშიც პლუტონიც ჩაჯდა.
რაც შეეხება მაკემაკეს, ის ერისის აღმოჩენიდან 2 თვეში დააფიქსირეს. მასთან შედარებით ეს ციური სხეული დაახლოებით 1000 კილომეტრით პატარაა და 1430-კილომეტრიანი დიამეტრი აქვს.
ერისი მზისგან 14.4 მილიარდი კილომეტრითაა დაშორებული, ხოლო მაკემაკე — 7.7 მილიარდი კილომეტრით. ასეთი დისტანცია ნიშნავს, რომ მათ შესახებ ბევრი არაფერი ვიცით. ამის მიუხედავად, მსოფლიოში უმძლავრესი ობსერვატორიის დაკვირვებების წყალობით მათი გაყინული მეთანის ზედაპირის წარმოშობის შესახებ მონაცემები მოვიპოვეთ.
"მივაგენით მტკიცებულებას, რომელიც ერისისა და მაკემაკეს შიგნით მეთანის მაფორმირებელ თერმულ პროცესებზე მიანიშნებს", — აცხადებენ სპეციალისტები.
მეთანი ნახშირწყალბადია, კერძოდ ის წყალბადის 4 და ნახშირბადის 1 ატომისგან შედგება. თითოეულ მათგანს განსხვავებული იზოტოპები აქვს, რომლებშიც პროტონები ერთი და იმავე რაოდენობისაა, თუმცა ნეიტრონების რიცხვი იცვლება.
თუ ეს მეთანი იქ ჯერ კიდევ მზის სისტემის ფორმირების დროიდან მოხვდა, მაშინ იზოტოპებს, ჩვეულებრივ წყალბადსა და დეიტერიუმს, კონკრეტული თანაფარდობით უნდა შეიცავდეს. ვების ტელესკოპის მიერ გამოკვლეული თანაფარდობა კი სხვაგვარი აღმოჩნდა, ისეთი, როგორიც კომეტებში გვხვდება.
მეცნიერები ამბობენ, რომ ეს მეთანის გეოთერმულ წარმომავლობაზე მიუთითებს, რომელიც ზემოხსენებული ციური სხეულების სიღრმეში მიმდინარე პროცესებს უკავშირდება. კერძოდ, მათ ბირთვში მაღალი ტემპერატურა უნდა იყოს, რაც მეთანის ფორმირებას შეუწყობდა ხელს. ასევე, მოლეკულური აზოტის, რომლის კვალიც ერისზე დაფიქსირებულია. მეთანი ერისისა და მაკემაკეს ზედაპირზე, სავარაუდოდ, ვულკანიზმის ან აირების გამოთავისუფლების გზით, საკმაოდ ახლო წარსულში, მოხვდა.
მეთანის ამგვარად წარმოსაქმნელად ტემპერატურა 150 გრადუს ცელსიუსს უნდა აღემატებოდეს, რაც მხოლოდ მაშინაა შესაძლებელი, თუ ბირთვში რადიოაქტიური იზოტოპებია. სითბო სწორედ მათი დაშლისას გამოიყოფა, მსგავსი პირობები კი იქ სიცოცხლისთვის პოტენციურად თავსებადი თხევადი ოკეანის არსებობას შესაძლებელს ხდის.