ბრიტანული კინოსა და ტელევიზიის აკადემიის დაჯილდოებაზე, BAFTA 2024-ზე, საუკეთესო მსახიობი ქალი ემა სტოუნი გახდა. მან Poor Things-ში ბელას როლი შეასრულა. სტოუნი ფილმის პროდიუსერიც იყო.
ემას სიტყვა ემოციური გამოდგა, რადგან დედაზე ისაუბრა და აღნიშნა, რამხელა მნიშვნელობა იქონია მისმა მხარდაჭერამ მსახიობის ცხოვრებაზე.
"მინდა მადლობა გადავუხადო დედაჩემს, რომელიც საუკეთესო ადამიანია, ვისაც კი ვიცნობ და ყოველდღე აღმაფრთოვანებს. ის ყოველთვის მაჯერებდა, რომ ყველა ჩემი გიჟური ოცნების ახდენა შემეძლო და ამისთვის უზომოდ მადლიერი ვარ. მის გარეშე არაფერი მექნებოდა, მათ შორის, არც სიცოცხლე", — აღნიშნა მსახიობმა.
ამერიკელი მსახიობი ფილმში ინგლისელი ქალის როლს თამაშობდა, შესაბამისად, ცდილობდა, რომ ბრიტანული აქცენტი მოერგო, რის გამოც მადლიერება მეტყველების ინსტრუქტორ ნილ სვეინის მიმართაც გამოხატა.
"მადლობა, ნილ, რომ როდესაც სიტყვებს არასწორი აქცენტით წარმოვთქვამდი, არ დამცინოდი და მადლობა ინგლისს, იმისთვის, რომ მიმიღო", — თქვა სტოუნმა.
ფილმში Poor Things ემა სტოუნის პერსონაჟი ბელა ფრანკენშტეინის თანამედროვე ვერსიაა. მას ზრდასრული ქალის სხეული და ჩვილის გონება აქვს. ფილმი BAFTA 2024-ზე 11 ნომინაციაში იყო წარდგენილი და აქედან 5-ში გაიმარჯვა. თავად ემა სტოუნმა საუკეთესო მსახიობი ქალის ჯილდო მეორედ მიიღო.