ქეით უინსლეთი, რომელიც საზოგადოებამ ტიტანიკში შესრულებული როლით გაიცნო, ამბობს, რომ ადრეულ ასაკში მოპოვებული პოპულარობა სძულდა. მსახიობმა 22 წლის ასაკში ლეგენდარულ ფილმში ლეონარდო დიკაპრიოსთან ერთად მთავარი როლი ითამაშა.
უინსლეტი ადრეულ წლებს იხსენებს, როდესაც ტიტანიკი მთელ მსოფლიოში გახდა ცნობილი და პაპარაცები ყველგან უკან დაყვებოდნენ. მსახიობის თქმით, პოპულარობამ მის მენტალურ ჯანმრთელობაზე უარყოფითი გავლენა იქონია, რის გამოც გადაწყვიტა, ტიტანიკის შემდეგ პატარა და ნაკლებად მნიშვნელოვანი როლები მოერგო.
"ჟურნალისტები ყოველთვის მეკითხებიან ხოლმე, ტიტანიკის შემდეგ ნებისმიერ ფილმში თამაში შეგეძლო, პატარა როლებით დაკმაყოფილება რატომ აირჩიეო. იმიტომ, რომ პოპულარულობა საშინელება იყო! არ მინდოდა, მედია ყველგან კუდში ამდევნებოდა", — ამბობს ქეითი.
უინსლეტს აქამდეც გაუხსენებია ნეგატიური კომენტარები, რომელთაც ხალხი მის წონასა და გარეგნობაზე აკეთებდა.
"გადაწყვიტეს, რომ ზედმეტად მსუქანი ვიყავი. ახლა ჩემთვის იგივე რომ ეთქვათ, თავის დაცვას აუცილებლად შევძლებდი. ახალგაზრდა ქალი ვიყავი, ჩემი სხეული იცვლებოდა, თავდაჯერებულობა მაკლდა, ეს კომენტარები კი ჩემს ყოველდღიურობას კიდევ უფრო რთულს ხდიდა", — აღნიშნავს მსახიობი.
ქეითი ამატებს, რომ მიუხედავად ყველაფრისა, იმ შესაძლებლობებისთვის, რომლებიც ფილმმა მისცა, მადლიერია და უხარია, რომ 20-იან წლებში ამ შემოსავლის წყალობით საკუთარი სახლის ყიდვა შეძლო.
"ცნობადობა ახლა ნაკლებად მაწუხებს. მადლიერი ვარ, რომ ტიტანიკი ამდენ ადამიანს უყვარს. დამალვა მხოლოდ მაშინ მინდება, როცა გემით ვმგზავრობ ხოლმე", — ამატებს უინსლეტი.