ვაშინგტონის მკვიდრმა, ჯონ ჩიკსმა, რომელიც მიიჩნევს, რომ ლატარიაში 340 მილიონი დოლარი მოიგო, Powerball-სა და DC Lottery-ს სასამართლოში უჩივლა, რომლებიც ამტკიცებენ, რომ მათ მიერ გამოქვეყნებული ლატარიის ბილეთის ნომრები შეცდომა იყო. ამის შესახებ BBC წერს.
როგორც კაცი იხსენებს, მან მოგებიანი ბილეთი ლატარიისა და აზარტული თამაშების განყოფილებაში 2023 წლის იანვარში წარადგინა, სადაც მას თანხის გადახდაზე უარი უთხრეს. „ერთ-ერთმა თანამშრომელმა მითხრა, რომ ეს ბილეთი არაფრად ღირს და ნაგვის ურნაში გადაგდება მირჩია“, - უყვება ჩიკსი BBC-ის.
ამ პასუხის მიუხედავად, ამერიკელმა ბილეთი შეინახა და ადვოკატი აიყვანა. ახლა ისინი ზიანის ანაზღაურებას მოითხოვენ.
სასამართლო დოკუმენტების თანახმად, Powerball-ი და ლატარიის კონტრაქტორი, კომპანია Taoti Enterprises-ი ამტკიცებენ, რომ გაურკვევლობა ტექნიკურმა შეცდომამ გამოიწვია.
კერძოდ, Taoti-ს ერთ-ერთი თანამშრომელი აცხადებს, რომ 2023 წლის 6 იანვარს, იმ დღეს, როდესაც ჩიკსმა ბილეთი იყიდა, ხარისხის კონტროლის ჯგუფი საიტზე სატესტო სამუშაოებს ახორციელებდა.
სასამართლო დოკუმენტების თანახმადვე, იმ დღეს ლატარიის საიტზე, Powerball-ის სატესტო ნომრების კომბინაცია „შემთხვევით“ გამოქვეყნდა, რომელიც ჩიკსის ნომერებს დაემთხვა. ეს ნომრები საიტზე 3 დღის განმავლობაში ჩანდა.