ახალ წელს თსუ–ს ახალ რექტორთან ერთად შევხვდებით და ეს არ იქნება რექტორის მოვალეობის დროებითი შემსრულებელი, ნუგზარ სურგულაძე, ხელისუფლების მიერ ინიცირებული და აკადემიური საბჭოს არჩეული; მან წინასწარ გამოაცხადა – რექტორობას არ ვაპირებ, ამ თანამდებობაზე მხოლოდ სამი თვე ვიქნები და ამ ხნის განმავლობაში ჩემი მთავარი ფუნქცია იქნება, აკადემიური საბჭოს და შემდეგ რექტორის არჩევნები დემოკრატიულად ჩავატარო და ყოფილმა რექტორმა, გია ხუბუამ, რაც კარგი გააკეთა, იმას მივხედოო.
ხუბუას გაფუჭებულ საქმეს რას უზამს, ამაზე რექტორის მოვალეობის შემსრულებელს არაფერი უთქვამს. როგორც უნივერსიტეტელებმა განგვიმარტეს, პროფესორი ნუგზარ სურგულაძე პრეტენზიებს მხოლოდ მაშინ გამოთქვამდა, როცა იურიდიულ ფაკულტეტზე, სხვებთან ერთად მასაც დაბალ ხელფასს აძლევდნენ. მისი კოლეგების განმარტებით, სურგულაძის მთავარი ნაკლი უპრინციპობაა.
პრესა.გე დაინტერესდა როგორ, რა ნიშნით მოხდა სურგულაძის კანდიდატურის წამოყენება 12–კაციანი აკადემიური საბჭოს წინაშე; ჩვენ ტელეფონით ვესაუბრეთ ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორს, გუგული მაღრაძეს, რომელიც ამავდროულად აკადემიური საბჭოს წევრია. ამასთან, შევხვდით და ვესაუბრეთ უნივერსიტეტის პროფესორ–მასწავლებლებს, რომლებმაც ნუგზარ სურგულაძის შესახებ გარკვეული ინფორმაცია მოგვაწოდეს, მაგრამ ვინაობის გამხელა არ ისურვეს, რისთვისაც მკითხველს ბოდიშს ვუხდით.
გუგული მაღრაძე ხელისუფლებას სულსწრაფობაში სდებს ბრალს და ჩვენს კითხვაზე – ვინ წარადგინა სურგულაძის კანდიდატურა, აკადემიური საბჭოს წინაშე, ამბობს:
გუგული მაღრაძე: შვებულებაში ვარ, ქალაქში არ გახლავართ და გამომდინარე აქედან, არ ვიცი მისი კანდიდატურა ვინ წარადგინა, მაგრამ წინა შეხვედრაზე, აკადემიური საბჭოს ერთ–ერთმა წევრმა, ფრიდონ თოდუამ (რომელიც პარალელურად პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეა!) ახსენა ეს სახელი და გვარი.
იცნობდნენ მას აკადემიური საბჭოს წევრები?
– აკადემიური საბჭოს წევრთა უმეტესობა მას არ იცნობდა და ამიტომ, საბჭომ მოითხოვა, რომ გაეცნოთ ეს ადამიანი; მას თავისი ხედვა უნდა წარმოედგინა. ჩვენ ველოდებოდით ამას და ამიტომ, ჩემთვის მოულოდნელი იყო რიგგარეშე სხდომის ასე სწრაფად დანიშვნა. წინა სხდომაზე მხოლოდ ორმა ადამიანმა (ფრიდონ თოდუამ და გია დავითაშვილმა) თქვა, “ვიცნობთ ამ პიროვნებას, იმიტომ რომ ჩვენთან მუშაობსო“; დანარჩენები არ იცნობდნენ.
თქვენ არ დაგირეკეს, რიგგარეშე სხდომააო?
– როგორ არა?! მე გუშინ დამირეკეს და მითხრეს ხვალ სხდომააო. მივუგე – ერთხელ შვებულება დავარღვიე, რადგან გია ხუბუას პირადი თხოვნა იყო, რომ აკადემიური საბჭოს რიგგარეშე სხდომა მოეწვიათ და ახლა ყოველ წუთში იმის გამო, რომ ვიღაცას რაღაცა უნდა, ნამდვილად არ ვთვლი მიზანშეწონილად კუთვნილი შვებულებიდან თავ–პირის მტვრევით გამოქცევას–მეთქი.
რამდენ ხანს შეასრულებს რექტორის მოვალეობას, თსუ–ს წესდების მიხედვით?
– ალბათ 2–3 თვე იქნება.
რა ნიშნით შეარჩიეს, თქვენი აზრით ნუგზარ სურგულაძე?
– ვერაფერს გეტყვით, მისი საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, რადგან არ ვიცნობ. უნივერსიტეტში ორი–სამი თვე, რომ იმუშავებს, მერე გავიგებთ ვინ არის, რა არის, რა ხედვები აქვს, რა შეუძლია. მე უბრალოდ, არ მომწონს ის სიჩქარე და სულსწრაფობა, რაც ამ პროცესს თან ახლდა. არ იყო აუცილებელი ამ შვებულებების პერიოდში ასეთი სიჩქარე. ჯერ ერთი, სკანდალი თავისთავად ძალიან არასასურველი და მიუღებელია, ზოგადად განათლების სისტემისთვის; რაღაც დაწყნარებული სიტუაცია იყო, უნივერსიტეტი ძალიან ჩვეულებრივად მუშაობდა, იმ კატაკლიზმებთან შედარებით, რაც თსუ–მ გადაიტანა და ახლა კიდევ ახალი მაპროვოცირებელი სკანდალის შემოგდება, ძალიან არასასურველია და მითქმა–მოთქმას აღძრავს, როგორც უნივერსიტეტის შიგნით, ისე მის გარეთ.
კვლავ ვიმეორებ – ასეთი სულსწრაფები არ უნდა ყოფილიყვნენ; ორ თვეში რექტორს ვადა უთავდებოდა და ისედაც ახალი კონკურსი უნდა გამოცხადებულიყო; ხუბუა ისეთი კაცი არ არის, რომ შეწინააღმდეგებოდა ხელისუფლების “რჩევას“; ის აღარ შემოიტანდა თავის კანდიდატურას.
შემოდგომაზე ახალი რექტორი აკადემიურმა საბჭომ ამ შემადგენლობით უნდა აირჩიოს?
– არა, ამ აკადემიური საბჭოს ორი მესამედი უნდა შეიცვალოს, რადგან მისი წევრების ნაწილი 4 წლითაა არჩეული და ნაწილი 2 წლით.
როდის ჩატარდება აკადემიური საბჭოს არჩევნები?
– სექტემბრის ბოლოს, ოქტომბერში იქნება აკადემიური საბჭოს ახალი წევრების არჩევნები. ახლადარჩეული აკადემიური საბჭო გამოაცხადებს კონკურსს, რექტორის თანამდებობის დასაკავებლად; ერთი თვის განმავლობაში განაცხადების მიღება გაგრძელდება, შემდეგ სამი კვირის, ერთი თვის განმავლობაში აკადემიური საბჭო საბუთებს განიხილავს, კანდიდატების პროგრამებს გაეცნობა, კანდიდატებს გაესაუბრება და ბოლოს ფარული კენჭიყრა ჩატარდება და რექტორი აირჩევა.
რამდენი წევრი შეიცვლება, 12–კაციან აკადემიურ საბჭოში და ვინ ირჩევს მათ?
– 8 წევრი შეიცვლება, მაგრამ კანონის თანახმად, ძველ წევრებს აქვთ უფლება ხელახლა წარადგინონ თავიანთი კანდიდატურები. აკადემიურ საბჭოს ფაკულტეტების საბჭოები ირჩევენ.
პრესა.გე–მ რექტორის მოვალეობის შემსრულებლის, ნუგზარ სურგულაძის წინაპრების ირგვლივაც მოიპოვა გარკვეული ინფორმაცია, ისე, ყოველი შემთხვევისთვის – ხომ შეიძლება მოვალეობის შესრულებისას სურგულაძემ ისე მოაწონოს თავი ხელისუფლებას, რომ რექტორის თანამდებობის დასაკავებლად, შემოდგომაზე დაგეგმილ კონკურსში, კანდიდატების სიაში ვიხილოთ?!
მაშ ასე, ნუგზარ სურგულაძის ბაბუიდან დავიწყოთ – იროდიონ სურგულაძე 1892 წელს დაიბადა. იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი იყო. განათლება ესტონეთში, ტარტუს უნივერსიტეტში მიიღო. თსუ–ში, სამართლის დარგში პირველი დისერტაცია იროდიონ სურგულაძემ დაიცვა. ლექციებს კითხულობდა სახელმწიფო სამართალში და ადმინისტრაციულ სამართალში. ოციან წლებში იყო სამართლის ისტორიისა და სამოქალაქო სამართლის გაერთიანებული კათედრის გამგე. შემდეგ საბჭოთა აღმშენებლობისა და სამართლის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე; 1933–1937 წლებში თსუ–ს იურიდიული ფაკულტეტის დეკანი იყო, შემდეგ სამართლის ისტორიის კათედრის გამგე.
ნუგზარ სურგულაძის მამა, ივანე სურგულაძე დაიბადა 1903 წელს და სკოლის დამთავრების შემდეგ მამის, იროდიონ სურგულაძის კვალს გაყვა – სამართლის ისტორიკოსი გახდა. სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოს სახელმწიფოსა და სამართლის ისტორიის კათედრის გამგე, მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე იყო.
ნუგზარ სურგულაძემაც წინაპრების გზა აირჩია – სამართლის ისტორიის სპეციალისტია. მისი კოლეგები მთავარ მინუსად უპრინციპობას უთვლიან და პრესა.გე–სთან საუბრისას განმარტავენ, რომ “ერთადერთი, რაზეც სურგულაძე დაიჩივლებდა ხოლმე, იყო დაბალი ხელფასები, მაგრამ მას შემდეგ, რაც ხელფასები გაგვიზარდეს (2006 წლის შემდეგ), პრეტენზია აღარაფერზე გამოუთქვამს, ამ ხელისუფლების მეხოტბე გახდა და იმ უკანონობებზე, რაც უშუალოდ უნივერსიტეტში ხდებოდა, სიტყვას არასდროს ძრავდა, თავისთვის იყო და მით უმეტეს, აღარაფერს ამბობდა, იმ უკანონობებზე, რაც უნივერსიტეტის გარეთ, პარლამენტში ხდებოდა. ხელისუფლების მკაფიოდ გამოხატული მომხრეა. უხარია ხელისუფლების “წინსვლები“. არის უწყინარი, ბუნჩულა ადამიანი, რომლისთვისაც მთავარია ჰქონდეს მაღალი ხელფასი“.
2008 წლის აგვისტოში, იურიდიულ ფაკულტეტზე ჩატარებული კონკურსის შედეგად, რასაც თავის დროზე დიდი ხმაური მოჰყვა, ნუგზარ სურგულაძე, ისტორიის სამართლის სპეციალისტი, რომელიც სტუდენტებს მუსლიმურ სამართალს უკითხავს, მოხვდა კერძო სამართლის (სამოქალაქო სამართლის) მიმართულებაში. დაინტერესებულ მკითხველს შეუძლია უნივერსიტეტის ვებ–გვერდზე, იურიდიულ ფაკულტეტზე, მიმართულებების ჩამონათვალში შევიდეს და ნახოს, რომ სიაში რიგით მეოთხეა სრული პროფესორი ნუგზარ სურგულაძე და ამ დროს, არც ერთი პუბლიკაცია არ აქვს გამოქვეყნებული სამოქალაქო სამართალში.
“საინტერესოა, სამართლის ისტორიის სპეციალისტი, საიდან მოხვდა კერძო სამართლის მიმართულებაში?! კერძო სამართალი სხვა მიმართულებაა და ბატონი ნუგზარი სამართლის ისტორიის სპეციალისტია. 2008–ში, იურიდიულ ფაკულტეტზე, საკონკურსო კომისიის შემადგენლობაში მოსამართლეები იყვნენ და რაც დაავალეს, ის გააკეთეს. კაცი რომ სჭირდებათ, სადღაც გაჰყავთ ხოლმე და ალბათ, ასე გაიყვანეს ნუგზარ სურგულაძეც, რაც თავად მას სადაო არ გაუხდია. ხელფასი დაუნიშნეს, რითაც კმაყოფილი, ბედნიერია და ამ დროს სხვისი ადგილი დაიკავა“, – ამბობენ უნივერსიტეტის პროფესორ–მასწავლებლები.