სერიალი ბრიჯერტონი, როგორც იქნა, მესამე სეზონით ბრუნდება! შოუს პირველ 2 სეზონს არნახული წარმატება ხვდა წილად, რის შემდეგაც კომპანიამ დედოფალი შარლოტას ახალგაზრდობაზე გადაღებული სერიალის გამოშვებაც მოასწრო.
Bridgerton-ის ინსპირაცია ჯულია ქუინის ბრიჯერტონების ოჯახზე შექმნილი რომანების სერია გახდა. თითოეული სეზონი ოჯახის და-ძმებიდან ერთ-ერთის სასიყვარულო ისტორიაზე მოგვითხრობს. ამჯერად მთავარი გმირები კოლინ ბრიჯერტონი და პენელოპი იქნებიან. სერიალის აღმასრულებელი დირექტორი გრეის ანატომიის შემქმნელი შონდა რაიმსია.
შოუს ერთგულმა მაყურებლებმა უკვე იციან, რომ პენელოპის კოლინი პირველივე სეზონიდან მოსწონდა, თუმცა ბრიჯერტონი მას მხოლოდ მეგობრობით პასუხობდა. ვალენტინობაზე ნეტფლიქსმა ახალი სეზონიდან უცნობი სცენა გაავრცელა, სადაც წყვილის დიალოგი ჩანს.
ვიდეოში კოლინი პენელოპის უპასუხოდ დატოვებული წერილებისთვის საყვედურობს, პენელოპი კი მას ახსენებს, რომ 2 წელია საქმროს პოვნას უშედეგოდ ცდილობს, ბრიჯერტონს კი მისთვის რომანტიკული თვალით არასოდეს შეუხედავს, პირიქით — ეს იდეა მასხრადაც აიგდო.
როგორც შოუს შემქმნელებისგან ვიცით, ამის შემდეგ კოლინი მისი გულის მოგებას ცდილობს და სწორედ ამის გამო საქმროს პოვნაში ეხმარება. ბრიჯერტონი ამ პროცესში მიხვდება, რომ მისი გრძნობები პენელოპის მიმართ მეგობრობაზე ბევრად მეტია.
ნეტფლიქსმა ახალი სეზონის სერიების სახელებიც გაამხილა და ისიც გავიგეთ, რომ წიგნში აღწერილ სცენას, როდესაც კოლინი ხელს გაიჭრის, ხოლო პენელოპი შეუხვევს, სერიალშიც ვნახავთ.
ამ სეზონში მსახიობების უმეტესობას კვლავაც ვიხილავთ, თუმცა ფიბი დინევორი, რომელიც აქამდე დაფნი ბრიჯერტონის როლს ასრულებდა, ამჯერად აღარ დაბრუნდება.
Bridgerton-ის მე-3 სეზონის პირველი ნაწილის პრემიერა 16 მაისს შედგება, მეორე ნაწილს კი 13 ივნისს ვიხილავთ.