მადამ ვები, რომელსაც მარველის სამყაროს ერთგული გულშემატკივრები დიდი ხანია ელიან, დღეს გამოდის. მთავარი როლის შემსრულებელმა, დაკოტა ჯონსონმა, გადაღებების პერიოდსა და სხვა მსახიობებთან ურთიერთობაზე ისაუბრა.
დაკოტასთან ერთად ფილმში 26, 25 და 22 წლის სიდნი სვინი, სელესტ ო'კონორი და იზაბელა მერსედი თამაშობენ. 32 წლის ჯონსონის თქმით, ეს პირველი შემთხვევა იყო, როდესაც ჯენ ზი მსახიობებთან ასე ახლოს მოუწია მუშაობა და თავს მუდმივად მოხუცად გრძნობდა, მიუხედავად იმისა, რომ სხვებზე სულ რამდენიმე წლით დიდია.
დაკოტა ყვება, რომ სიდნის, სელესტსა და იზაბელას საერთო ჩატი ჰქონდათ, რომელშიც თვითონ არ იყო და ამის მიზეზად სწორედ მათ შორის ასაკობრივ სხვაობას ასახელებს. მან ეს სიტუაცია ცნობილ სიტკომში The Office თამაშს შეადარა.
მსახიობი 2013 წელს პოპულარული სერიალის ბოლო ეპიზოდში გამოჩნდა. ჯონსონის თქმით, თავად ამ შანსით ძალიან ბედნიერი იყო, თუმცა შოუს მსახიობებს, როგორც აღმოჩნდა, 10-წლიანი მუშაობის შემდეგ ერთმანეთთან კარგი დამოკიდებულება სულაც არ ჰქონდათ, ზოგიერთი კი ერთმანეთს არც კი ელაპარაკებოდა, ამიტომ დაკოტას მისვლით ბედნიერი არავინ ყოფილა და არც არავის ადარდებდა.
ჯონსონის თქმით, გოგოები უყვარს და მათთან მუშაობა უხაროდა, თუმცა თაობებს შორის განსხვავება მათ შორის დისტანციას ქმნიდა. დაკოტას მიმართ სიყვარულს სიდნი სვინიც გამოხატავს და ამბობს, რომ მისი ფილმები თინეიჯერობიდანვე მოსწონდა.
ფილმ Madame Web-ში კომიქსების გმირ კასანდრა ვებს უკეთ გავიცნობთ. ვები პარამედიკოსია, რომელიც მომავლის წინასწარმეტყველების უნარს შეიძენს.
მაყურებლებს მადამ ვების პერსონაჟი სპაიდერმენის ანიმაციიდან ახსოვთ, რომელშიც ის მისტიკური ძალის მქონე მოხუცი ქალი იყო და მთავარ გმირს ხშირად ეხმარებოდა. ახალ ფილმში ვების ახალგაზრდობას და მის განვითარებას ვნახავთ.