ირლანდიელი მსახიობი კილიან მერფი, რომელსაც წინა წლამდე მაყურებელთა უმეტესობა ტომ შელბის როლით იცნობდა, Peaky Blinders-ში დასაბრუნებლად მზადაა. BBC Radio 4-თან ინტერვიუში მერფიმ აღნიშნა, რომ თუკი მაყურებელი მოისურვებს, მის ცნობილ პერსონაჟს ისევ შეხვდეს, ამას სიამოვნებით გააკეთებს.
"თუ მოსაყოლი ამბავი იქნება და სტივენ ნაითი ისეთივე სცენარს შემოგვთავაზებს, როგორის დაწერაც შეუძლია, [პროექტს] აუცილებლად დავუბრუნდები", — ამბობს მსახიობი, — "თუკი 50 წლის ტომი შელბის ყურება გვსურს, მაშინ საქმეს შევუდგეთ".
ინტერვიუში მერფი ასევე შეეხო მის ბოლო და გახმაურებულ პროექტს — კრისტოფერ ნოლანის ბიოგრაფიულ ფილმს ოპენჰაიმერი, რომელშიც მსახიობმა მთავარი როლი შეასრულა. ამ როლის წყალობით მერფი ოსკარის ნომინანტიც გახდა. კინოვარსკვლავის თქმით, "ატომური ბომბის მამის", რობერტ ოპენჰაიმერის, ფილმში წარმოდგენილი სახე სცენარისეული და მისი საკუთარი ხედვის შერწყმით შეიქმნა. ოპენჰაიმერი წლევანდელ ოსკარზე 13 ნომინაციაში წარდგენილი. კინოსურათმა $960 მილიონამდეც გამოიმუშავა.
რაც შეეხება Peaky Blinders-ს ("ალესილი კეპები"), ის წინა ათწლეულის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბრიტანული სერიალია. ისტორიულ-კრიმინალური დრამა, რომელმაც ექვსი სეზონი მოიცვა, BBC-ზე 2013 წლიდან 2022 წლამდე გადიოდა.
ალესილი კეპები ამავე სახელწოდების კრიმინალურ ბანდაზე გვიყვება, რომელიც ქალაქ ბირმინგემში მე-19 საუკუნის ბოლოს ჩამოყალიბდა. სერიალში მერფიმ მთავარი როლი შეასრულა და ბანდის მეთაური თომას "ტომ" შელბი განასახიერა. როლმა მსახიობს არაერთი პრესტიჟული პრემია და საყოველთაო ცნობადობა მოაპოვებინა.