„ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა ვალტერ მაძარიმ მიმდინარე სეზონში ნეაპოლიტანური კლუბის გარემარბის ხვიჩა კვარაცხელიას როლის შეცვლაზე ისაუბრა.
„ის ცდილობს სხვა პოზიციების ძებნას, მაგრამ სადაც არ უნდა წავიდეს, სამი მცველი ელოდება. ზოგჯერ ძალიან უხეშად ეთამაშებიან და ამისთვის უნდა დაისაჯონ. როცა დაინახავს, რომ ხაფანგშია, შეუძლია ცენტრში გადასვლა, მაგრამ თანაგუნდელების დახმარება სჭირდება. ყოველთვის არ შეიძლება ველოდოთ, რომ კვარა სამ ან ოთხ ადამიანს დაამარცხებს“, - ციტირებს მაძარის სიტყვებს Football Italia.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში კვარაცხელიამ ყველა ტურნირზე 30 მატჩში მიიღო მონაწილეობა, რომელშიც ექვსი ბურთი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა შეასრულა. ფეხბურთელის ამჟამინდელი შრომითი ხელშეკრულება კლუბთან 2027 წლის ზაფხულამდეა ძალაში.