ბიონსემ 11 თებერვალს გამართულ Super Bowl-ზე ორი ახალი სიმღერის გამოსვლა დააანონსა და ისიც გაგვიმხილა, რომ ალბომ Renaissance-ის მეორე ნაწილი 29 მარტს გამოვა. მომღერალმა Renaissance 2022 წელს გამოუშვა და თქვა, რომ ალბომი სამნაწილიანი პროექტის დასაწყისი იქნებოდა.
რეკლამაში ჩანს, რომ ბიონსეს ნახვებით კიდევ ერთი რეკორდის დამყარება უნდა და ამისთვის უამრავ რამეს ცდის, მათ შორის, კოსმოსში გაფრენასა და პრეზიდენტობასაც კი, თუმცა როცა სასურველ შედეგს ვერ მიაღწევს, ახალ პროექტს აანონსებს: "ახალი ალბომის გამოშვების დროა", — გვესმის ვიდეოში.
როგორც გულშემატკივრები ვარაუდობდნენ, Renaissance II ქანთრის ჟანრის იქნება, რაზეც ახალი სიმღერების TEXAS HOLD ‘EM და 16 CARRIAGES-ის ესთეტიკაც მოწმობს.
ბიონსე Renaissance-ისთვის საუკეთესო ელექტრონული ალბომის ჟანრში გრემიც მოიპოვა. მომღერალმა მუსიკალური ტურნე 2023 წლის მაისში დაიწყო და ოქტომბერში დაასრულა. ტურნემ არტისტს $579 მილიონი მოუტანა და მის შესახებ ბიონსემ ფილმიც გამოუშვა.