ამერიკულმა როკ-ჯგუფმა Dream Theater დრამერ მაიკ პორტნოისთან ერთად ახალ ალბომზე მუშაობა დაიწყო. ინფორმაცია ამის შესახებ სოციალურ ქსელებში ჯგუფის ოფიციალურ ანგარიშებზე გამოქვეყნდა.
გამოქვეყნდა მუსიკოსების ახალი ფოტოც. ჯგუფისთვის ეს მე-16 ალბომი იქნება და პირველი ჩანაწერი 2009 წლიდან, რომელზეც დრამზე პორტნოი დაუკრავს.
პროგრესული მეტალ-ჯგუფი Dream Theater 1985 წელს, სახელწოდებით Majesty ჩამოყალიბდა. მისი დამაარსებლები იყვნენ მაიკ პორტნოი, ბასისტი ჯონ მაიანგი და გიტარისტი ჯონ პეტრუჩი. ჯგუფი ამ ჟანრის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ბენდად ითვლება. პორტნოიმ DT 2010 წელს დატოვა. ინფორმაცია მისი ჯგუფში დაბრუნების შესახებ გასული წლის ოქტომბერში გავრცელდა.