ალბათ არ მოიძებნება საქართველოში ადამიანი, რომელსაც მხატვრული ფილმი “გიორგი სააკაძე” არ ჰქონდეს ნანახი. ამ სურათში მრავალი ცნობილი მსახიობი იღებდა მონაწილეობას. გადაღებით კი მეორე მსოფლიო ომის დღეებში იღებდნენ.
რეჟისორი გუგული მგელაძე იმ ხანად 14 წლის იყო და ამ ამბებს შემდეგნაირად იხსენებდა:
„ემზადებოდნენ მეფე ლუარსაბის დიდ მოურავთან სტუმრობის სცენის გადასაღებად. პავილიონში ნაგებ დეკორაციაში, რომელიც სააკაძის სადარბაზოს წარმოადგენდა, რამდენიმე რიგად გაშლილ მაგიდებს „თავად-აზნაურობა” და „მეფის ამალის” წევრები უსხდნენ.
შემწვარ-მოხრაკული ფრინველი, გოჭები თუ ინდაურები უხვად ეყარა ამ მადლიან სუფრაზე. ეს იმ დროს, როცა ჩვენი დღიური ნორმა ბარათებით მიღებული პურისა 300-400 გრამი იყო. ბაზარში კი მსახიობის თვიური ხელფასით ერთ კილოგრამ ხახვსაც ვერ იყიდდი.
მიხეილ ჭიაურელმა აკაკი ხორავასთან რეპეტიცია დაამთავრა და ის-ის იყო გადაღება უნდა დაწყებულიყო, რომ საჭმლის ნასახიც აღარ იყო მაგიდებზე, „მეფის ამალის” მშიერ წევრებსა და “თავად-აზნაურობას” სუფრა მთლიანად მოესუფთავებინათ.
არც ჭიაურელს და არც ფილმის დირექტორს ერთი უბრალო საყვედურიც არ დასცდენიათ მსახიობების მიმართ. ორი დღის შემდეგ კი, რაღაც სასწაულით, ისეთივე პურ-მარილი დაახვავა მაგიდებზე.
გადაღების წინ მან მისი ჩვეული, ოდნავ შესამჩნევი ღიმილით, გადახედა სუფრასთან მსხდომ „დიდებულებს” და პავილიონიდან გავიდა.
გადაღებამ შესანიშნავად ჩაიარა. არათუ გადაღებაზე, გადაღების შემდეგაც კი კაციშვილი არ გაკარებია საჭმელს. თურმე, ამ ზღაპრული “სუფრისათვის” ნავთი გადაესხათ. სხვა გზა არ იყო, გადაღება კიდევ რამდენიმე დღეს უნდა გაგრძელებულიყო,
„მეფის ამალა” კი მშიერი გახლდათ”.