ქართულ ტურიზმს საფრთხე საელჩოებმა შეუქმნეს

ქართულ ტურიზმს საფრთხე საელჩოებმა შეუქმნეს

[ლელა კობერიძე]

უცხო ქვეყნების საელჩოებმა ტურისტების რიცხვის ზრდასთან დაკავშირებით, მთავრობის მისწრაფებებს ცივი წყალი გადაასხეს. ელჩები ტურისტებს საქართველოში მოგზაურობას არ ურჩევენ. ამის ერთ-ერთი მიზეზი კი ქვეყანაში არსებული კრიტიკული კრიმინალური სიტუაციაა.

ასე რომ, საელჩოებმა მარადმწვანე მინისტრის ვანო მერაბიშვილის საქმიანობაც კი ეჭვქვეშ დააყენებს. შინაგან საქმეთა სამინისტრო და მთავრობა მუდმივად იმას აცხადებს, რომ ქვეყანაში კრიმინალური მდგომრაეობა მნიშვნელოვნად გამოსწორდა.  მთავრობის ძალისხმევისა და გახარჯული მილიონების მიუხედავად,  საქართველო ტურისტებით განებივრებული ისედაც არ იყო, ამჯერად კი ამ ბიზნესის განვითარება კითხვის ნიშნის ქვეშაა.

გამოდის რომ, ტურიზმში ჩაყრილი მილიარდები შეიძლება ქვეყნისთვის არც ისე ეფექტური აღმოჩნდეს და ეს ფული მთავრობას ეკონომიკის სხვა დარგებისკენ უნდა წარემართა, მაგალითად, სოფლის მეურნეობისა და მრეწველობის განვითარებისთვის. ამ თვალსაზრისით, ქვეყნის ეკონომიკის განვითარება ტურისტების არჩევანზე არ იქნებოდა დამოკიდებული, ხოლო მოსახლეობას შედარებით იაფად, საკუთარი ბოსტნეულის ყიდვის შესაძლებლობა მაინც ექნებოდა.

ერთი სიტყვით, ამერიკის საელჩო ქვეყანაში არსებულ კრიმინალურ სიტუაციას კრიტიკულს უწოდებს. გამოცემა „ფაინანშელ“-ში გასულ სტატიაში აღნიშნულია, რომ უცხოეთის საელჩოები ტურისტებს საქართველოში მოგზაურობას ჯერ კიდევ არ ურჩევენ. 2010 წელს ქვეყანაში კრიმინალური სიტუაციის შესახებ ამერიკის მიერ მომზადებული დოკუმენტის მიხედვით, მდგომარეობა განსაკუთრებით კრიტიკულია.

ამ დოკუმენტის საფუძველზე კი, ზოგიერთი ქვეყნის საელჩო საკუთარი ქვეყნის მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ საქართველოში ჩასვლისგან თავი შეიკავონ. დიდი ბრიტანეთის საელჩოს ექსპერტები თბილისის პრესტიჟულ უბნებსა და ზოგადად თბილისის ყველა ტურისტულ მიმართულებას ყველაზე საშიშად მიიჩნევენ.

ბოლო ანგარიშის მიხედვით, საქართველოში ტერორიზმის საფრთხეც არსებობს. ტურისტებს საქართველოში მოგზაურობის რეკომენდაციას არ აძლევს საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოც. ასე რომ, ტურისტების მოზიდვის თვალსაზრისით, მთავრობა არა მარტო ამინდმა, არამედ მეგობარმა ამერიკამ და ევროპამაც „გადააგდო“.

შეგახსენებთ, რომ მარტო ზამთარში მთავრობა 100 ათასი ტურისტის ჩამოსვლას ელოდა. საერთოდ კი, თუ მთავრობის მონაცემებს დავეყრდნობით, შარშან სულ საქართველოში 2 მილიონი ტურისტი შემოსულა, მათ შორის დიდი წილი ევროპელებზეც მოდის.

ტურისტული სეზონი მესტიაში, ბაკურიანსა და გუდაურში დიდი ზარზეიმით რამდენიმე კვირის წინ უკვე გაიხსნა, მაგრამ ეს კურორტები ტურისტების სიმრავლით ნამდვილად ვერ დაიკვეხნის.

„შარშან უამრავი ტურისტი გვყავდა. საოჯახო სასტუმრო მაქვს და ნომრები ყოველთვის წინასწარ იჯავშნებოდა. სტუმრების მიღება გაცილებას ვერ ავუდიოდი, წლეულს კი სიტუაცია რადიკალურად განსხვავებულია. ორი ტურისტი მივიღე და ესენიც რამდენიმე დღეში წავლენ. ფასის გამო დიდ სასტუმროებზე მეტად დატვირთულები ყოველთვის საოჯახო სასტუმროები იყვნენ. შესაბამისად, როდესაც ჩვენი კლიენტები ასე მასშტაბურად შემცირდა, წარმომიდგენია დიდი სასტუმროების მფლობელები რა დღეში იქნებიან“, - ამბობს ბაკურიანელი მურმან ადამიანცი.

მისი თქმით, ბაკურიანში თოვლი მოვიდა, ტრასებიც წესრიგშია, მაგრამ ყველაზე მეტი ტურისტი დეკემბრის ბოლოსა და იანვარში ჩამოდიოდა, საახალწლო არდადეგებზე. ვინაიდან, დეკემბერ-იანვარმა, ფაქტობრივად, თოვლის გარეშე ჩაიარა, ტურისტებისთვის თებერვალი, თუნდაც უხვთოვლიანი ისეთი მიმზიდველი აღარ არის.

შარშან ზამთრის სეზონზე გუდაურსა და ბაკურიანს 60 000-მდე ტურისტი სტუმრობდა, ყოველ შემთხვევაში, ოფიციალურად. რაც შეეხება წლევანდელ წელს, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ტურიზმის დეპარტამენტში 100 ათასს ტურისტს ელოდებიან. თანაც დარწმუნებულები არიან, რომ დაგვიანებული თოვლი ამ მაჩვენებელს არ შეამცირებს, ვინაიდან თურმე ბაკურიანში ზამთარი მარტის ბოლომდე გრძელდება.

მთლიანობაში, რამდენი ტურისტი ჩამოვიდა საქართველოში ამ სეზონზე, ჯერჯერობით, უცნობია. ასევე უცნობია, ის თუ რამდენს ხარჯავს ტურისტი საქართველოში. თუმცა, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ წლეულს საკურორტო ზონებში სასტუმროების ხელმძღვანელობას ფასი, პრაქტიკულად, არ გაუზრდიათ, დიდი ალბათობაა, რომ ეს ციფრი შარშანდელის ანალოგიურად ისევ 150 აშშ დოლარს შეადგენდეს. შეგახსენებთ, რომ შარშან ჩატარებული კვლევის თანახმად, თითოეული ტურისტი საქართველოში, საშუალოდ, 1502 აშშ დოლარს ხარჯავდა, დღიურად კი 337 აშშ დოლარს.

შესაბამისად, თუ გასულ წელს ზამთრის სეზონზე ქვეყანაში შემოვიდა 60 ათასი უცხოელი ტურისტი და თითოეულმა აქ ყოფნისას, საშუალოდ, 1 502 დოლარი დახარჯა, გამოდის, რომ სეზონზე ქვეყანაში 90 120 000 დოლარი მარტო ტურისტებისგან შემოვიდა. თუ ტურიზმის დეპარტამენტის პროგნოზი გამართლდა და წლეულს ქვეყანაში 100 ათასი ტურისტი შემოვიდა, საშუალო დანახარჯი კი არ შეიცვალა, გამოვა, რომ ქვეყანაში უცხოელი ტურისტებისგან საერთო ჯამში 150 200 000 დოლარი შემოვა.

თუმცა, ეს მოლოდინება უკვე ოცნებად იქცა, განსაკუთრებით მას შემდეგ როდესაც მეგობარი ამერიკა საქართველოს სახიფათო ქვეყნად მიიჩნევს.