კრისტოფერ ნოლანი გასულ წელს კიდევ ერთხელ იქცა კინომოყვარულების წრეში განხილვის ერთ-ერთ მთავარ თემად. ბრიტანელ-ამერიკელი რეჟისორის გადაღებულმა ეპიკურმა ბიოგრაფიულმა ფილმმა ოპენჰაიმერი $960 მილიონამდე გამოიმუშავა და ოსკარის წლევანდელ დაჯილდოებაზე 13 ნომინაციასაც გამოჰკრა ხელი.
არანაკლებ წარმატებული აღმოჩნდა წინა ნამუშევარი, Tenet, რომელიც 2020-ში გამოვიდა და, კოვიდპანდემიის მიუხედავად, წლის ერთ-ერთ ყველაზე მაღალშემოსავლიან ფილმად იქცა. ამ საი-ფაი თრილერმა მაყურებელში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია, რასაც ცოტა ხნის წინანდელ ინტერვიუში თავად რეჟისორიც შეეხო.
"ზოგი ამბობს, რომ Tenet ვერ გაიგო. ამბობენ, რომ ფილმში ყველაფერი არ ესმით. თქვენ თუ გესმით ყველაფერი?", — ჰკითხა ნოლანს კომიკოსმა და ტელეწამყვანმა სტივენ კოლბერტმა.
"Tenet-ში ყველაფერი კი არ უნდა გაიგოთ", — უპასუხა რეჟისორმა, — "ასე ნათელიც არაა ყველაფერი. ეს იგივეა, მკითხოთ, ვიცი თუ არა, რა ბედი ეწევა ბზრიალას Inception-ის [ნოლანის 2010 წლის ფილმი] დასასრულს".
კინოხელოვანს აქ კოლბერტი ჩაეკითხა, იცის თუ არა, რა ბედი ეწევა ბზრიალას ზემოხსენებული ფილმის ბოლოს, რაზეც რეჟისორმა უპასუხა, რომ ამ ფინალური კადრის აზრი სწორედ ორაზროვნებაშია.
ორაზროვანი სცენების გარდა, ნოლანი იმითაცაა ცნობილი, რომ ფილმებში კომპიუტერულად გენერირებული სურათების (CGI) გამოყენება არ უყვარს და ამჯობინებს, გამოსახულება რეალისტურად მიიღოს. ასე გააცოცხლა ატომური ბომბის აფეთქება ოპენჰაიმერისთვის. მსგავსად მოიქცა Tenet-ის გადაღების დროსაც — ნამდვილი ბოინგ 747 ააფეთქა. ამის გამო, ფილმმა ოსკარიც მიიღო საუკეთესო ვიზუალური ეფექტების კატეგორიაში.