შვეიცარიის პოლიციამ მოკლა ნაჯახითა და დანით შეიარაღებული ირანელი, რომელმაც მატარებელში 15 მძევალი აიყვანა

შვეიცარიის პოლიციამ მოკლა ნაჯახითა და დანით შეიარაღებული ირანელი, რომელმაც მატარებელში 15 მძევალი აიყვანა

პოლიციამ მოკლა ნაჯახითა და დანით შეიარაღებული ირანელი, რომელმაც შვეიცარიაში, მატარებელში 15 მძევალი აიყვანა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იტყობინება.

32 წლის ირანელს, რომელსაც შვეიცარიაში თავშესაფრის მინიჭებაზე განაცხადი ჰქონდა შეტანილი, დაახლოებით 4 საათის განმავლობაში მატარებელში მძევლები ჰყავდა აყვანილი. მან აიძულა მემანქანე, დაეტოვებინა საკუთარი ადგილი და შეერთებოდა დანარჩენ 14 მძევალს მატარებელში, რომელიც ესერ-სუ-შამვენტის სადგურზე იყო გაჩერებული.

დაახლოებით ოთხი საათის შემდეგ პოლიციამ მატარებლის შტურმი დაიწყო და თავდამსხმელის ყურადღების გადასატანად ასაფეთქებელი ნივთიერება გამოიყენა. ოპერაციაში სულ 60 პოლიციელი და 30 მაშველი იყო ჩართული.

„როდესაც ნაჯახით შეიარაღებული თავდამსხმელი სამართალდამცველებისკენ გაიქცა, ერთ-ერთმა პოლიციელმა ის სასიკვდილოდ დაჭრა“, - აცხადებენ პოლიციაში. ადგილზე მობილიზებული სასწრაფო დახმარების ექიმების მცდელობების მიუხედავად, თავდამსხმელის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

შვეიცარიის გენერალური პროკურორის, ერიკ კალტენრიდერის განცხადებით, დანაშაულის მოტივები უცნობია.