კონტროლის პალატასა და მზღვეველებს შორის ვითარება ძალიან იძაბება

კონტროლის პალატასა და მზღვეველებს შორის ვითარება ძალიან იძაბება

[ეკა ბაქრაძე]

სადაზღვევო სფეროში დიდი სკანდალი მზადდება. კონტროლის პალატამ უკვე დეტალურად წარმოადგინა თავისი კვლევის შედეგები, რომელმაც მზღვეველების გაღიზიანება გამოიწვია. წამყვანი სადაზღვევო კომპანიების ხელმძღვანელები წარმოუდგენლად დიდი მოგების მიღებას უარყოფენ.

საქართველოს კონტროლის პალატა 2008-10 წლების სახელმწიფო სამედიცინო დაზღვევაზე გახარჯული თანხების სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებს. პალატის მონაცემებით, 2008-10 წლებში კომპანია „არქიმედეს გლობალ ჯორჯიამ“ 10 961 514 ლარი პრემია მოიზიდა, საიდანაც მოგების მარჟამ 58,98% შეადგინა. ამავე პერიოდში „ალდაგი ბისიაის“ მიერ მოზიდული პრემია 29 733 947 ლარით, ხოლო მოგების მარჟა 65,48%-ით განისაზღვრა. „ჯიპიაი ჰოლდინგის“ მოზიდული პრემია 60 056 756 ლარია, ხოლო მოგების მარჟა 57,38%.

ბოლო ორი წლის განმავლობაში სახელმწიფო სამედიცინო დაზღვევის პროგრამიდან „აი სი ჯგუფმა“ 34 721 138 ლარის პრემია მოიზიდა, ხოლო კომპანიის მოგების მარჟა 77 32%-ით განისაზღვრა.  კომპანია „იმედი ელ“-მა აღნიშნული პროგრამიდან 2008-10 წლებში 66 658 874 ლარი მოიზიდა და მოგების მარჟა 55,79%-ით განისაზღვრა.

2008-10 წლებში კოპანია „ირაოს“ მიერ მოზიდული პრემიის მოცულობა 40 134 478 ლარია, ხოლო სახელმწიფო სამედიცინო დაზღვევიდან მიღებული მოგების მარჟამ 51,07% შეადგინა.  აღნიშნული პროგრამიდან ყველაზე ნაკლები მოგების მარჟა - 27,16%, კომპანია „ქართუმ“ მიიღო, ხოლო მოზიდული პრემიის მოცულობამ 3 303 621 ლარი შეადგინა.

კონტროლის პალატის აუდიტის წინასწარი მონაცემებით, 284 მილიონი ლარიდან სადაზღვევო კომპანიებმა მოსახლეობის მომსახურებაზე დახარჯეს მხოლოდ 40%, რომელიც მოხმარდა დაზღვეულთა მხოლოდ მეხუთედს. ამავე მონაცემებით, კომპანიების მოგების მარჟამ გადააჭარბა 60%-ს, მაშინ როდესაც კერძო დაზღვევაში მოგების მარჟა 4%-ია, რაც შეესაბამება სადაზღვევო ბიზნესის მომგებიანობის საერთაშორისო პრაქტიკას.

„2008-10 წლებში უმწეოთა პროგრამით დაზღვეულ 808 000 მოქალაქეს დაუფინანსდა მხოლოდ 171 000 შემთხვევა, რაც ნიშნავს იმას, რომ პროგრამით ისარგებლა დაზღვეულთა მხოლოდ 21%-მა. სახელმწიფოს, სამედიცინო პერსონალისა და პროგრამით მოსარგებლეთა ინტერესების უგულებელყოფის ხარჯზე, სადაზღვევო კომპანიებმა მიიღეს 170 მილიონი ლარის შემოსავალი“, - აცხადებს კონტროლის პალატა.

აღნიშნულ მონაცემებზე დაყრდნობით, კონტროლის პალატა ასკვნის, რომ დაზღვევის სექტორი ხასიათდება შემდეგი მომატებული რისკებითა და ნაკლოვანებებით - სახელმწიფო მკაცრი რეგულირების არარსებობა, სადაზღვევო კომპანიების არაკეთილსინდისიერი ქმედება, სამედიცინო მომსახურების ხელოვნურად შეზღუდული ხელმისაწდომობა, პროგრამით მოსარგებლეთა არასაკმარისი ინფორმირება, პროგრამით მოსარგებლე პირთა მონაცემთა ბაზის ცდომილება.

სადაზღვევო კომპანიები კონტროლის პალატის შუალედურ დასკვნას არ ეთანხმებიან. „კონტროლის პალატის შუალედურ დასკვანს არ ვეთანხმებით. იმედი გვაქვს, მათი საბოლოო დასკვნა რეალურ მონაცემებთან იქნება შესაბამისობაში. ჩვენგან ეროვნულ ბანკს ყოველ კვარტალურად ეგზავნება ფინანსური და სტატისტიკური ანგარიშგება, რომელიც აბსოლიტურად არ შეესაბამება ამ მონაცემს“, - განაცხადა კომპანია „აისი ჯგუფის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსმა, ირინა შენგელაიამ.

კომპანია „ჯიპიაი ჰოლდინგის“ გენერალურ დირექტორს, გიორგი კვირკაძეს მიაჩნია, რომ კონლტროლის პალატის პირველადი დასკვის გამოქვეყნება ჩრდილს აყენებს ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ სადაზღვევო რეფორმას.

„ეს არის წინასწარი შუალედური დასკვნა და მასზე კომენტარის გაკეთება ძნელია. თუმცა, ეს ყველაფერი იმდენად ნეგატიურად იყო წარდგენილი, რომ საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ რეფორმას ჩრდილს აყენებს“, - აღნიშნა კვირიკაძემ.  მისივე თქმით, 2007-10 წლებში „ჯი პი აი ჰოლდინგის“ წმინდა მოგება სახელმწიფო სამედიცინო დაზღვევის პროგრამის ფარგლებში 6,8%-ია.

კომპანია „იმედი ელი“-ის გენერალური დირექტორის მოადგილის, ლაშა ნიკოლაძის განცხადებით, კონტროლის პალატის მიერ გამოქვეყნებული მონაცემები აბსოლუტურად განსხვავდება რეალური წმინდა მოგებისგან.

„კონტროლის პალატის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცია არ იძლევა კონკრეტული დასკვნების გაკეთების საფუძველს. კერძოდ, მოგების მარჟა აბსოლუტურად განსხვავდება რეალური წმინდა მოგებისგან, რომელიც ჩვენს კომპანიას ამ სახელმწიფო პროგრამების განხორციელებიდან დარჩა. არანაირ სუპერმოგებებეზე ლაპარაკი არ შეიძლება“, - განუცხადა „ინტერპრენიუსს“ ლაშა ნიკოლაძემ.

სადაზღვევო სექტორზე კონტროლის პალატის ხმაურიანი დასკვნა, ჯანდაცვის საპარლამენტო კომიტეტის მსჯელობის საგანი გახდება. კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ განაცხადა, საბოლოო დასკვნის გამოქვეყნების შემდეგ კომიტეტზე სადაზღვევო კომპანიებსაც და კონტროლის პალატასაც მოუსმენენ. გიორგი გოდაბრელიძე ამბობს, რომ სადაზღვევო სფეროში პრობლემები რეალურად არის და არ არის გამორიცხული, მოსმენების შემდეგ რეგულაციების გამკაცრების საკითხი დადგეს.