„რუსეთში თუ სიტუაცია არ აირევა, დასავლეთის დახმარების გარეშე უკრაინას გამარჯვება გაუჭირდება“

„რუსეთში თუ სიტუაცია არ აირევა, დასავლეთის დახმარების გარეშე უკრაინას გამარჯვება გაუჭირდება“

ამ დროისთვის, თითქმის 2 წლის თავზე, ექსპერტებისთვის ჯერ კიდევ რთულია რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შესაძლო თარიღის დასახელება. მათი ნაწილი ფიქრობს, რომ თუკი თავად რუსეთში მოხდება რაიმე სერიოზული ცვლილება და ქვეყანაში ვითარება აირევა, უკრაინის გამარჯვების შანსი იზრდება. მეორე ნაწილის შეფასებით კი, აუცილებელია დასავლეთმა უკრაინის დახმარება გააგრძელოს, ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, სხვა შემთხვევაში, უკრაინას რუსეთზე დომინირება, მით უმეტეს გამარჯვება, ძალიან გაუჭირდება.

რუსეთ-უკრაინის ომი, რომელიც დაახლოებით ორი წელია მიმდინარეობს, დასასრული ჯერ კიდევ არ უჩანს. იმის მიუხედავად, რომ ექსპერტთა ნაწილი პროგნოზირებდა, ომი 2023 წლის მიწურულს უნდა დამთავრდებულიყო, ისევ გვესმის ცნობები რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიების საჰაერო დაბომბვის შესახებ. ამის ფონზე, უკრაინის ხელისუფლება დასავლეთს დახმარებას სთხოვს, რომ ძლიერი მტერი როგორმე დაამარცხოს, რაც მსოფლიო დღის წესრიგს რადიკალურად შეცვლიდა.

საგარეო პოლიტიკის ექსპერტი, თორნიკე შარაშენიძე For.ge-სთან საუბარში ამბობს, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის „გამოფიტვის ომი“ მიდის და რუსეთი აშკარად ლიდერობს. მისი შეფასებით, არსებულ ვითარებაში მნიშვნელოვანია უკრაინამ ევროპისგან დახმარება მიიღოს.

„პირველ რიგში, სწორედ დასავლეთის დახმარებაზეა დამოკიდებული ყველაფერი. უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეს არის „გამოვფიტვის ომი“ და ამ შემთხვევაში, რუსეთს მეტი რესურსი აქვს. ასე რომ, უკრაინას ძალიან სერიოზული დახმარება სჭირდება. რუსეთში, შიგნით თუ სიტუაცია არ აირევა, უკრაინას გამარჯვება გაუჭირდება. „გამოფიტვის ომი“ შეიძლება გააგრძელონ იმ იმედით, რომ რუსეთში რაიმე შეიცვლება. თუ დასავლეთის დახმარება არ ექნება უკრაინას, „გამოფიტვის ომის“ გაგრძელებაც გაუჭირდება. სხვა შემთხვევაში, ეს ომი რუსეთის უპირატესობით მიდის“, - განაცხადა თორნიკე შარაშენიძემ.

ექსპერტი ამირან სალუქვაძე ჩვენთან საუბარში აღნიშნავს, რომ ამ დროისთვის, უკრაინასთან მიმართებაში, რუსეთის უპირატესობა იკვეთება. მისი თქმით, იმ დახმარების ფონზე, რაც უკრაინამ მიიღო, მან შეძლო რუსეთისთვის სერიოზული წინააღმდეგობის გაწევა.

„უკრაინისთვის ვითარება არის საკმაოდ მძიმე. იქიდან გამომდინარე, რომ ძველი, საბჭოთა მარაგები მთლიანად არ ამოწურულა, საკმაოდ შეუმცირდა. იგი თითქმის, მთლიანად არის დამოკიდებული დასავლეთის დახმარებაზე. ევროპის დახმარების მიღება დროში გაიწელა და ძლივს მიიღეს 50-მილიარდიანი პაკეტი, რაზეც დიდი ხნის განმავლობაში იყო საუბარი.

ამ ეტაპზე უპირატესობას რუსეთი ფლობს, ისინი ნელ-ნელა იკავებენ პატარ-პატარა ტერიტორიებს. რაც შეეხება მსხვილ ქალაქებს, მის მიდამოებში ან შესაძლოა უკვე კვარტლებში, მიმდინარეობდეს საბრძოლო მოქმედებები. იმის მიუხედავად რომ რუსეთს დიდი ტერიტორია აქვს დაკავებული, ჩანს, რომ უკრაინამ შეძლო სერიოზული წინააღმდეგობის გაწევა და რუსეთის შეკავება. ჰქონდა გარკვეული წარმატება, განსაკუთრებით ხარკოვის მიმართულებით. საკმარისი დახმარების შემთხვევაში, უკრაინა გაცილებით მეტ წარმატებას მიაღწევდა.

ამასთან, უკრაინის კონტრშეტევა იყო მოუმზადებელი, რადგან მას არ გააჩნდა სათანადო რაოდენობის ავიაცია, საჰაერო თავდაცვა, არ ჰქონდა უპირატესობა არტილერიის და სხვა მძიმე ტექნიკის კუთხით. თუ არ გაქვს უპირატესობა, შეტევაზე გადასვლა ყოვლად მიუღებელია. მიუხედავად ხარვეზებისა, ცუდი უზრუნველყოფის პირობებში, მაქსიმუმს მიაღწია გენერალმა ზალუჟნიმ.

არ ვიცით რა მარაგები გააჩნია დღეს უკრაინას და სადამდე შეძლებენ რუსეთის შეკავებას გარე დახმარების გარეშე, მაგრამ რაც მალე დაამთავრებენ შიდა პოლიტიკურ კინკლაობას და გადაწყვეტენ, რა მოცულობით ეხმარებიან უკრაინას, მით უკეთესი იქნება. ამ შემთხვევაში, უკრაინა შეაფასებს, რისი იმედი უნდა ჰქონდეს და აქედან გამომდინარე, უნდა დაგეგმოს შემდგომი საომარი მოქმედებები, თუ რა სტრატეგიები უნდა აირჩიონ“, - განაცხადა ამირან სალუქვაძემ For.ge-სთან.

აქვე უნდა აღინოშნოს, რომ უკრაინულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, რუსულმა ძალებმა უკრაინის ტერიტორიისკენ რაკეტები გაუშვეს, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაშია გამოცხადებული.

გავრცელებული ინფორმაციით, ხერსონსა და მიკოლაივში აფეთქებების ხმები ისმოდა. მოგვიანებით, უკრაინის საჰაერო ძალებში განმარტეს, რომ რუსებმა ხარკოვს ბალისტიკური რაკეტებით შეუტიეს.

ამასთან, სოციალურ ქსელებში ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუსებმა მიკოლაივისა და ხერსონის მიმართულებით X-22 ტიპის რაკეტები გაუშვეს. რაკეტები დაფიქსირდა სუმისა და პოლტავის ოლქებშიც.

trampi გადამრევს ეს ხალხი-------აკი საცააა მოსკოვს აიღებენო ??
10 თვის უკან