ცენტრალური ფლორიდის უნივერსიტეტის სტუდენტს ტეილორ სვიფტის ადვოკატები ჩივილით ემუქრებიან. 21 წლის ჯეკ სვინი ცნობილი და მდიდარი ადამიანების კერძო თვითმფრინავების გადაადგილების შესახებ საჯაროდ ხელმისაწვდომ ინფორმაციას აგროვებს და მოგვიანებით ინტერნეტში აქვეყნებს. ამის გამო, სტუდენტმა ცოტა ხნის წინ სვიფტის წარმომადგენლებისგან წერილი მიიღო — პოპვარსკვლავის გუნდის მტკიცებით, სვინის საქმიანობა "ადევნებას" უტოლდება; ისინი მოითხოვენ, სტუდენტმა დაუყოვნებლივ შეწყვიტოს სვიფტის კერძო თვითმფრინავის გადაადგილების შესახებ ინფორმაციის გავრცელება.
ამერიკული მედიის მიერ გასაჯაროებულ წერილში აღნიშნულია, რომ ეს "სიკვდილ-სიცოცხლის საკითხია", რადგან მუსიკოსის უსაფრთხოებას პირდაპირ რისკის ქვეშ აყენებს. სვიფტის წარმომადგენლები ასევე იხსენებენ ადევნების შემთხვევებს წარსულში და ამბობენ, რომ სვინის გავრცელებული ინფორმაცია დამნაშავეებისთვის "გზამკვლევია მათი გეგმების სისრულეში მოსაყვანად".
აღსანიშნავია, რომ სვინი 2022 წელს ილონ მასკმაც დაადანაშაულა მისი "მკვლელობის კოორდინატების" გასაჯაროებაში, რის გამოც სტუდენტი ყოფილ ტვიტერზე (დღეს უკვე X-ზე) დაიბლოკა.
თავად სვინი ამბობს, რომ "სვიფტისთვის ზიანის მიყენება არც უფიქრია".
"მეტიც, მგონია, რომ მას რამდენიმე კარგი სიმღერაც აქვს", — აღნიშნავს სტუდენტი, — "მაგრამ გამჭვირვალობასა და ინფორმაციის საჯაროობას ვუჭერ მხარს".
სვინის თქმით, წერილი მას შემდეგ მიიღო, რაც მედიაგამოცემები ტეილორ სვიფტის ნახშირბადის ნაკვალევით დაინტერესდნენ; ციფრული მარკეტინგის კომპანია Yard-მა 2022 წელს დაასახელა იმ ვარსკვლავების სია, რომელთა კერძო თვითმფრინავების გადაადგილების შედეგად ატმოსფეროში ყველაზე მეტი ნახშირორჟანგი გამოიყოფა. სიის სათავეში სწორედ სვიფტი იყო მოქცეული — კომპანიის ცნობით, მუსიკოსის თვითმფრინავის გამოყოფილი ემისიები საშუალო სტატისტიკური ადამიანის იმავე მონაცემს 1185-ჯერ აღემატება.