ბრიტანელი მსახიობი ჰენრი კავილი, რომელსაც მაყურებელთა ნაწილი სუპერმენად იცნობს, მეორე ნაწილი კი — გერალტად, ფიქრობს, რომ თანამედროვე ფილმებში სექსის სცენებს მეტისმეტად ხშირად იყენებენ.
ცოტა ხნის წინ გამოვიდა ახალი ჯაშუშური თრილერი Argylle, რომელშიც კავილი ერთ-ერთ მთავარ როლს ასრულებს. სწორედ ამ ფილმს განიხილავდნენ მსახიობი და რეჟისორი მეთიუ ვონი უახლეს ინტერვიუში, სადაც ამ უკანასკნელმა აღნიშნა, რომ "სექსის სცენების [მნიშვნელობა] არ ესმის".
"არც მე არ მესმის", — აჰყვა ვონს ჰენრი, — "დიდად არც მომწონს. არსებობს სიტუაციები, როცა სექსის სცენა ფილმისთვისაა მნიშვნელოვანი და არა — მაყურებლისთვის. თუმცა, ვფიქრობ, რომ დღეს [სექსის სცენებს] მეტისმეტად ხშირად იყენებენ".
კავილი ამატებს, რომ ასეთ სცენას ფილმისთვის შეიძლება გარკვეული დატვირთვაც ჰქონდეს — ამბის ან სიუჟეტის მნიშვნელოვანი ნაწილი იყოს — მაგრამ მაინც ჯობს, შემქმნელებმა ეს ყველაფერი მაყურებლის წარმოსახვას ანდონ.
ჰენრი კავილი ერთადერთი არაა, ვინც ასე ფიქრობს — გასულ წელს ჩატარებულმა კვლევამ დაასკვნა, რომ მოზარდებსა და ახალგაზრდებს "ფილმებსა და სერიალებში ნაკლები სექსის და მეტი მეგობრობის ხილვა სურთ". კვლევაში მონაწილე 1500 პირიდან 44,3 პროცენტმა განაცხადა, რომ ფილმებსა და სერიალებში რომანტიკა ჭარბი დოზითაა, 47,5 პროცენტის აზრით კი, "სიუჟეტებში სექსი ზედმეტია".