დისნეი ცნობილი ანიმაციური ფილმის, მოანას, გაგრძელებას ამ წელს გამოუშვებს. კომპანიამ ფილმის გამოსვლის თარიღი დააანონსა. Moana 2 დიდ ეკრანებზე 27 ნოემბერს გამოჩნდება.
თავდაპირველად იგეგმებოდა, რომ მოანა 2 სერიალი ყოფილიყო, თუმცა დისნეის დირექტორმა ბობ იგერმა კადრების ნახვის შემდეგ აღფრთოვანებით გადაწყვიტა, რომ ფილმის გაგრძელება აჯობებდა.
"მოანა დისნეის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ფილმად რჩება. ერთი სული გვაქვს, მაუის და მოანას პერსონაჟები ახალ ფილმში უკეთ გაგაცნოთ", — გამოაცხადა იგერმა.
მოანას პირველ ნაწილს არნახული წარამტება ხვდა წილად. მისმა შემოსავალმა $680 მილიონს გადააჭარბა, 2017 წელს კი ოსკარზეც იყო ნომინირებული.
ანიმაციური ფილმის მთავარ პერსონაჟ მოანას წინაპრები მშობლიური კუნძულის გადასარჩენად იხმობენ, მას დაბრკოლებების გადალახვაში კი ნახევარღმერთი მაუი ეხმარება.
ფილმის მე-2 ნაწილში მოანას წინაპრები კიდევ ერთხელ უხმობენ, რის გამოც ის მაუისთან და ჩვენთვის ჯერ კიდევ უცნობ მეზღვაურებთან ერთად ახალ თავგადასავალში გადაეშვება.
ანიმაციურმა ფილმმა თავი დასამახსოვრებელი მუსიკითაც შეგვაყვარა და დისნეი არც ამჯერად აპირებს ჩვენი იმედების გაცრუებას. ამასთან, ვიცით, რომ Moana-ს მიხედვით, ფილმსაც გადაიღებენ, რომელშიც ნახევარღმერთ მაუის როლს დუეინ ჯონსონი შეასრულებს, რომელიც ანიმაციაში ამავე პერსონაჟს ახმოვანებს.