დასაქმება „გუდვილის“ და კვეზერელის ხარჯზე

დასაქმება „გუდვილის“ და კვეზერელის ხარჯზე

[გიორგი ბექაური]

მარტიდან საქართველოსა და ევროკავშირის შორის გამარტივებული სავიზო რეჟიმი ამოქმედდება, თუმცა ეს არალეგალი ქართველი მიგრანტების რეადმისიის ხარჯზე მოხდება. შესაბამისად, გამორიცხული არ არის, რომ უახლოეს მომავალში საქართველოში მიგრანტების რამდენიმეათასიანი არმია მოაწყდეს.

მათ მისაღებად კი მთავრობამ მზადება უკვე დაიწყო, ჰიპერმარკეტ „გუდვილს“ დაბრუნებულების დასაქმება დაევალა, სოფლის მეურნეობის სამინისტროს კი, ახალი სამუშაო ადგილების შექმნის მიზნით, საგანგებო რეჟიმში მუშაობა.

რამდენად მოახერხებს მთავრობა დაბრუნებული მიგრანტების სამუშაო ადგილებით უზრუნველყოფას, როდესაც ადგილზე მყოფების დიდი ნაწილის დასაქმება ვერ ხერხდება, ცოტა გაუგებარია. თუმცა, უკვე ცხადია, რომ საქართველოში მათი ჩამოსვლა გარდაუვალი იქნება. უკვე ცნობილია, რომ პროექტის „ქართველი მიგრანტების ინტეგრაცია საქართველოს შრომის ბაზარზე“ ფარგლებში საქართველოში დაბრუნებული ემიგრანტების ნაწილი ჰიპერმარკეტ „გუდვილში“ დასაქმდება.

როგორც „საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციიდან“ იტყობინებიან, პროექტი დაბრუნებულ მიგრანტებსა და იძულებით გადაადგილებულ პირებზეა ფოკუსირებული და მათი შემდგომი დასაქმების მიზნით, შრომითი უნარ-ჩვევების გაზრდას და საკუთარი ბიზნესის დაწყებაში დახმარებას ისახავს მიზნად.

„აღნიშნული პროექტის ფარგლებში საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია თავის წევრ კომპანიებთან აქტიურად თანამშრომლობს.  კომპანია „გუდვილმა“, რომელიც ამ პროექტში საკმაოდ აქტიურად ჩაერთო, ასოციაციასთან ერთად სხვადასხვა ღონისძიებები უკვე განახორციელა.

კერძოდ, ჩატარდა გასაუბრება 42 დაბრუნებულ მიგრანტთან, იძულებით გადაადგილებულ პირებთან და მათი შემდგომი გადამზადებისათვის მისაღები კანდიდატების სელექცია განხორციელდა. ხვალიდან შერჩეული კანდიდატების უნარ-ჩვევების განვითარების მიზნით „გუდვილში“ 4 პოზიციაზე ტრეინინგები დაიწყება, რომელიც თეორიულ და პრაქტიკულ ნაწილს მოიცავს.  სატრენინგო ნაწილის დასრულების შემდეგ საბოლოოდ შერჩეული ბენეფიციარები „გუდვილში“ დასაქმდებიან“, - აცხადებენ დამსაქმებელთა ასოციაციაში.

ამასთან, სააკაშვილმა სოფლის მეურნეობის სამინისტროს ახალი სამუშაო ადგილების შექმნის მიზნით საგანგებო რეჟიმში მუშაობის დავალება მისცა.

„ქვეყანაში, სადაც ყველა დასაქმებულია, ხალხს ნაკლებად აინტერესებს წიწიბურა ორჯერ ნაკლები ღირს თუ იგივე ფასი დარჩა. იქ კი, სადაც ხალხს ყოველდღიურად უწევს ბრძოლა არსებობისთვის, არ აქვს სამსახური, ეს არის უზარმაზარი დარტყმა. ამიტომ ახალი სამუშაო ადგილების შექმნა არის ახლა საგანგებო რეჟიმში გასაკეთებელი საქმე - განსაკუთრებით სოფლის მეურნეობაში არის პერსპექტივა უფრო მეტი ადამიანის დასაქმებისა. ეს მაღალი ფასებისგან გამოწვეულ დარტყმას ქალაქისთვისაც შეამსუბუქებს“, - განაცხადა სააკაშვილმა ქვეყნის ეკონომიკურ გუნდთან შეხვედრაზე.

მისი თქმით, სწორედ ახალი სამუშაო ადგილების შექმნაა საქართველოს ხელისუფლების პასუხი მსოფლიოს გაზრდილ ფასებზე.

„თუ არ ვისწავლეთ სოფლის მეურნეობის პროდუქტების მეტი წარმოება და ამაში დაუყოვნებლივ არ ჩავდეთ მეტი ფული, გაზრდილი ტურიზმის პირობებში სოფელი ვერ იხეირებს. რეალურად ტურისტსაც ვეღარ გამოვკვებავთ, მით უმეტეს, რომ წელს 3 მილიონ ტურისტს ველოდებით საქართველოში. ჩვენ გვჭირდება გადამამუშავებელი საწარმოების სერიოზული მუშაობა, იმიტომ რომ მთავარი ჩვენი პასუხი გაზრდილ მსოფლიოს ფასებზე არის მეტი სამუშაო ადგილის შექმნა“, - განმარტა ქვეყნის პირველმა პირმა.

სააკაშვილმა სოფლის მეურნეობის მინისტრსა და ეკონომიკური გუნდის სხვა წევრებს მოუწოდა „ხალხისადმი სოლიდარობის რეჟიმში ყოველდღიურად იმუშაონ“ და მათ გასაჭირზე იფიქრონ.

სად და როგორ შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს მინისტრი კვეზერელი, როცა სოფლის მეურნეობა თავზე ენგრევა, ცოტა გაუგებარია. ასევე გაუგებარია „გუდვილი“, რომელსაც ამ დროისთვის მხოლოდ ორი მაღაზია აქვს, ამდენ ადამიანს როგორ დაასაქმებს. თუმცა, სიტყვა ითქვა და ის შესრულდება თუ არა, მთავრობისთვის უკვე პრობლემას აღარ წარმოადგენს.