ეკონომიკა ნავარაუდევი ტემპით გაიზარდა, ინფლაცია თითქმის ნულოვანია

ეკონომიკა ნავარაუდევი ტემპით გაიზარდა, ინფლაცია თითქმის ნულოვანია

ქვეყნის ეკონომიკურმა მაჩვენებლებმა წინასწარ პროგნოზირებულ დონეს მიაღწია. შარშანდელი ვარაუდები გამართლდა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2023 წლის დეკემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 8.3 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2023 წლის საშუალო რეალური ზრდა 7.0 პროცენტით განისაზღვრა.

2023 წლის დეკემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ისეთმა დარგებმა, როგორებიცაა მშენებლობა, დამამუშავებელი მრეწველობა, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა, ინფორმაცია და კომუნიკაცია. კლების ტენდენცია დაფიქსირდა ენერგეტიკისა და უძრავი ქონების სექტორებში.

საქართველოს ეკონომიკის მინისტრის მოადგილის, ვახტანგ ცინცაძის შეფასებით, რეგიონში შექმნილი გეოპოლიტიკური დაძაბულობის და საგარეო შოკების მიუხედავად, საქართველოს ეკონომიკა ინარჩუნებს მდგრადობას და აგრძელებს მაღალი ტემპით ზრდას.

„აღსანიშნავია, რომ საქართველოს როგორც ევროპის რეგიონის, ასევე ფართო რეგიონის და ევროპის კანდიდატ ქვეყნებს შორის აქვს ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 2023 წლის განმავლობაში. მოსალოდნელია, რომ აღნიშნული ტენდენცია შენარჩუნდება მომავალ წლებშიც.

აქვე უნდა აღვნიშნო, რომ ეკონომიკური ზრდის ხელშემწყობი იყო როგორც საგარეო ვაჭრობის, ასევე ტურიზმის და საინვესტიციო საქმიანობის კუთხით დაფიქსირებული ტენდენციები. როგორც მოგეხსენებათ, საგარეო ვაჭრობის კუთხით, ექსპორტის დაახლოებით 9-პროცენტიანი ზრდა გვაქვს და ექსპორტის მოცულობამ რეკორდულ, 6.1 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა. ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების მაჩვენებლით ასევე რეკორდული შედეგი გვაქვს 2023 წელს. 4 მილიარდ 100 მილიონ დოლარს გადააჭარბა ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა. ჯამურად კი, წინა წელთან შედარებით, დაახლოებით, 17 პროცენტით გაიზარდა“, – განაცხადა ვახტანგ ცინცაძემ.

ეკონომიკის მინისტრის მოადგილის განმარტებით, ასევე ზრდის ტენდენციით ხასიათდება ქვეყანაში საინვესტიციო აქტივობა.

„ჯამურად, ყოველივე აღნიშნული გვაძლევს პოზიტიურ ოპტიმიზმს, რომ ამ ტემპით ეკონომიკური ზრდა გაგრძელდება 2024 წელსაც და 2024 წელიც იქნება შთამბეჭდავი ეკონომიკური ზრდის მიმართულებით. აქვე გამოვყოფდი იმ გარემოებას, რომ საქართველომ შეძლო და გადააჭარბა იმ პროგნოზებს, რომლებიც წლის დასაწყისიდან სხვადასხვა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტის მხრიდან კეთდებოდა საქართველოს ეკონომიკურ ზრდასთან მიმართებით. ფაქტობრივად, ყველა პროგნოზზე უფრო მაღალი ეკონომიკური ზრდა მივიღეთ 2023 წლის განმავლობაში“, – განმარტა ვახტანგ ცინცაძემ.

ეკონომიკაში მიმდინარე ტენდენციას ასე თუ ისე დადებითად აფასებს ბიზნესიც. „ქუდოს ჯორჯიას“ მმართველმა პარტნიორმა 2023 წლის ეკონომიკის ზრდის წინასწარი მაჩვენებლის შეფასებისას განაცხადა, რომ 2024 წელს პროგნოზირებული 5%-იანი ეკონომიკური ზრდა მიღწევადია, თუმცა ეს არ არის ის მაჩვენებელი, რომელიც თვითკმაყოფილების საფუძველს უნდა გვაძლევდეს.

„მაინცდამაინც არ ვართ განებივრებული არც 7%-იანი ეკონომიკური ზრდით, თუმცა ეს თვითკმაყოფილების საშუალებას არ უნდა გვაძლევდეს. 5%-იანი ზრდა წელს თანაბარ პირობებში მიღწევადი მგონია, თუმცა კიდევ ვამბობ, ეს არ არის ის მაჩვენებელი, რომელიც თვითკმაყოფილების საფუძველს უნდა გვაძლევდეს“, - განაცხადა ირაკლი ჟვანიამ.

დამოუკიდებელი ექსპერტები კი ნათლად მიანიშნებენ ქვეყანაში მიმდინარე მნიშვნელოვან ცვლილებებზე, რომელიც არა მარტო სტატისტიკაში აისახებაა, არამედ ეკონომიკის სხვადასხვა დარგებშიც. ეკონომისტი სოსო არჩვაძ სხვა საკითხებთან ერთად ყურადღებას ამახვილებს ინფლაციაზე.

„2023 წლის დეკემბერში გრძელდებოდა საქართველოს ეკონომიკის დამაჯერებელი ზრდა - საქართველოს ეროვნული პროდუქტი 2023 წლის დეკემბერში გაიზარდა 8.3 პროცენტით (მთლიანად 2023 წელს - 7.0%-ით) და პანდემიამდელი 2019 წლის დეკემბრის მაჩვენებელს დაახლოებით 21.3 პროცენტით გადააჭარბა.

სამომხმარებლო ბაზარზე ფასების დონე ინარჩუნებდა სტაბილურობას. ინფლაციამ წინა წლის დეკემბერთან შედარებით 0.4 პროცენტი შეადგინა, მათ შორის სასურსათო საქონელზე და უალკოჰოლო სასმელებზე ადგილი ჰქონდა დეფლაციას (-2.7%). დეკემბრის თვეში ასეთი დაბალი წლიური ინფლაცია პირველად დაფიქსირდა 2012 წლის შემდეგ.

304 დასახელების საქონელ-წარმომადგენლიდან, საიდანაც იანგარიშება სამომხმარებლო ფასების ინდექსი (ინფლაცია), 2023 წლის დეკემბერში წინა წლის დეკემბერთან შედარებით ფასების დონე შემცირდა 128 დასახელების საქონელსა და მომსახურებაზე. - ეს 2.9-ჯერ აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს (ფასები 2022 წლის დეკემბერში წინა წლის დეკემბერთან შედარებით შემცირდა 44 დასახელების საქონელსა და მომსახურებაზე).

დაბალი ინფლაციის, ხოლო სასურსათო საქონლის მნიშვნელოვან ნაწილზე ფასების ინდექსის საგრძნობი შემცირების პროცესი ხორციელდება შრომის საშუალო ანაზღაურებისა და დასაქმების მაჩვენებლის არსებითი გაუმჯობესების ფონზე, რაც ცალსახად მიუთითებს მოსახლეობის უმრავლესობის ცხოვრების დონსა და მატერიალური კეთილდღეობის ზრდაზე.

დაბალმა ინფლაციამ უზრუნველყო მოსახლეობის რეალური შემოსავლების მნიშვნელოვანი მატება: თუ 2022 წელს საშუალო ხელფასის მატების ყოველ ერთ ლარზე რეალური მატება შეადგენდა მხოლოდ 31 თეთრს, 2023 წელს - უკვე 94 თეთრს. შედეგად, საშუალო რეალური ხელფასი თუ 2022 წელს გაიზარდა 70.2 ლარით (5.1%-ით), 2023 წელს - უკვე 3.5-ჯერ მეტად - 244.8 ლარით (15.3%-ით)”, - აღნიშნა არჩვაძემ.

ეკონომიკის ზრდაში საგრძნობი წვლილი შეაქვს საგარეო სექტორს. ამასთან, დეკემბერში ექსპორტი და იმპორტი წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით, შემცირდა (შესაბამისად, -7.5%-ით და 11.3%-ით). ექსპორტის შემცირება უკავშირდება იმ სანედლეულო პროდუქციის მსოფლიო ბაზრის ფასების შემცირებას, რომელთაც საკმაოდ მაღალი წილი უკავიათ საქართველოს ექსპორტში.

„რეექსპორტის ზრდამ და ადგილობრივი ექსპორტის ზემოხსენებული მიზეზებით მკვეთრმა შემცირებამ მნიშვნელოვნად შეცვალა მათ შორის პროპორციები. თუ ადრე ადგილობრივი ექსპორტი რეექსპორტს მნიშვნელოვნად აღემატებოდა, ამჟამად ეს არსებითად შეცვლილია. 2023 წლის დეკემბერში ადგილობრივი ექსპორტის ყოველ 100 დოლარზე 124.0 დოლარის რეექსპორტი მოდიოდა (2022 წ. დეკემბერში - 86.6 დოლარი).

2023 წლის დეკემბერში საქართველომ განახორციელა 624 დასახელების სასაქონლო ნომენკლატურის პროდუქციის ექსპორტი, საიდანაც 51 დასახელების პროდუქციის (8.2%) ექსპორტის მოცულობა 1.0 მლნ აშშ დოლარს აღემატებოდა. იმავე პერიოდში განხორციელდა 985 დასახელების პროდუქციის იმპორტი, რომელთაგან 221 დასახელების (22.4%) მიხედვით იმპორტის ღირებულება აჭარბებდა 1.0 მლნ აშშ დოლარს. საშუალოდ, ერთი სასაქონლო პოზიციის ექსპორტის ღირებულებამ შეადგინა 824.0 ათასი აშშ დოლარი, ხოლო იმპორტისამ, შესაბამისად, 1324.0 ათასი აშშ დოლარი.

საქართველოდან მთავარი მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტია (სულ 2023 წელს 2126.6 მლნ აშშ დოლარი, მათ შორის მხოლოდ დეკემბერში - 179.7 მლნ აშშ დოლარი). მათზე 2023 წელს მოდიოდა საქართველოს მთლიანი ექსპორტის 34.8 პროცენტი და რეექსპორტის 64.5 პროცენტი, რაც საგრძნობლად აღემატება მის შემდეგ მოცულობით ყველაზე დიდი ცხრა (!) სასაქონლო ჯგუფის ჯამურ მოცულობას“, - აღნიშნა არჩვაძემ.

ყველაზე მნიშვნელოვანი კი ისაა, რომ საქართველომ 2023 წელი დაასრულა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსით, უფრო მასშტაბური საერთაშორისო აღიარებით და ცნობადობით. ეკონომიკური განვითარების ტემპით მან გადაუსწრო ევროკავშირის 27-ვე სახელმწიფოს.