„ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა ჩავიმ პოლონელი თავდამსხმელის რობერტ ლევანდოვსკის გოლების ნაკლებობაზე ისაუბრა ესპანეთის პრიმერა დივიზიონის მე-20 ტურის „ოსასუნასთან“ მატჩის შემდეგ, რომელშიც კატალონიურმა კლუბმა ანგარიშით 1:0 მოიგო.
„ამ დღეებში რობერტს ბევრი ვესაუბრეთ. მას არ სჭირდება საჯარიმო მოედნიდან შორს წასვლა. რობერტი მზად უნდა იყოს და გადაწყვიტოს ეპიზოდები სხვის საჯარიმოში. ვუთხარი, რომ საჭიროა ასე თამაში, რათა პოზიციური შეტევების ეფექტურობა უფრო მაღალი გახდეს.
ლევანდოვსკი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო თავდამსხმელი-დამამთავრებელია. ამიტომ მეტოქის საჯარიმოსთან ყოველთვის ახლო უნდა თამაშობდეს “, - ციტირებს ჩავის სიტყვებს DAZN.
შეგახსენებთ, რომ გოლის გატანამდე ერთი წუთით ადრე შეცვლაზე შესული 18 წლის ბრაზილიელის ვიტორ როკეს ზუსტმა დარტყმამ კატალონიელებს მინიმალური გამარჯვება მოუტანა „ოსასუნასთან“ მატჩში.
მიმდინარე სეზონში რობერტ ლევანდოვსკიმ კლუბის ყველა ტურნირზე ჩატარებულ 30 მატჩში 13 ბურთი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა შეასრულა.
გასულ სეზონში პოლონელმა 46 მატჩში 33 გოლი გაიტანა.