Calcio Napoli-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს „ნაპოლის“ პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი მამუკა ჯუღელს შეხვდა, თუმცა მათ ქართველი ფეხბურთელის კონტრაქტზე საბოლოო შეთანხმებას ვერ მიაღწიეს, თავად აგენტმა არ დაადასტურა.
ჯუღელმა კომენტარი ტელეკომპანია იმედთან გააკეთა:
"სიმართლე არ არის, ეგეთი საუბარი ჯერ არ ყოფილა. კრისტიანო ძაკარდოც საქართველოშია და მსგავსი ლაპარაკი არ ყოფილა. კონტრაქტზე რაღაც დოზით მოლაპარაკებები მიმდინარეობდა, თუმცა სერიოზული არაფერი. ყველაფერი მას შემდეგ გადაწყდება, როდესაც იტალიაში დავბრუნდები", - განაცხადა ჯუღელმა იმედთან ინტერვიუში.
შეგახსენებთ, გუშინ იტალიური მედია წერდა, რომ კლუბის ხელმძღვანელობა ქართველ ფეხბურთელს სეზონში 3-4 მილიონ ევროს სთავაზობს, ხოლო ქართული მხარე 7 მილიონს ითხოვს.
კვარაცხელიას იტალიის მოქმედ ჩემპიონტან კონტრაქტი 2027 წლის ივლისამდე აკავშირებს. მან მიმდინარე სეზონში „ნაპოლის“ მაისურით 5 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა. ვალტერ მაძარის ხელმძღვანელობით, "პარტენოპეი" 4 თებერვალს, შინ, „ვერონას“ შეხვდება და სწორედ ამ შეხვედრაში დაუბრუნდება მოედანს დისკვალიფიკაციის შემდეგ ხვიჩა კვარაცხელიაც.