დათმობას არც ერთი მხარე არ აპირებს: ვინ გაიტანს თავისას - სამინისტრო თუ რესპუბლიკურის მედპერსონალი?

დათმობას არც ერთი მხარე არ აპირებს: ვინ გაიტანს თავისას - სამინისტრო თუ რესპუბლიკურის მედპერსონალი?

რამდენიმე დღეა რესპუბლიკური საავადმყოფოს ირგვლივ ვნებათაღელვა არ ცხრება. მართალია, მედპერსონალის პროტესტი განსაკუთრებული სიმწვავით და უკიდურესი ფორმებით არ გამოირჩევა, მაგრამ დათმობას არავინ აპირებს. თავის მხრივ, პოზიციაზე მყარად დგას ჯანდაცვის სამინისტრო. ჯერჯერობით მხარეებს შორის საერთო ენის გამონახვა ვერ ხერხდება.

ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ მზად არიან კლინიკასთან და მის თანამშრომლებთან დაკავშირებით, ამომწურავი და დეტალური ინფორმაციის მიწოდების მიზნით, გააგრძელონ შეხვედრები რესპუბლიკური საავადმყოფოს პერსონალთან. როგორც სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, რესპუბლიკურ საავადმყოფოში, „სამედიცინო ჰოლდინგის“ ხელმძღვანელობასა და ჯანდაცვის სამინისტროს სპეციალურ სამუშაო ჯგუფთან 5 თებერვლამდე, ყოველდღიურად, 18:00-დან 19:00 საათამდე, იმართება შეხვედრები.

„შეხვედრებზე კლინიკასთან და მის თანამშრომლებთან დაკავშირებით, პერსონალს ყველა საკითხის დეტალურად განხილვის შესაძლებლობა აქვს“, - ნათქვამია განცხადებაში.

პარასკევს რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლები თითქმის მთელი დღე აქციას მართავდნენ და მინისტრთან შეხვედრას მოითხოვდნენ. ურაბ აზარაშვილ მათ მოთხოვნას დაეთანხმა და თითქოს შეხვედრაც ჩაინიშნა, მაგრამ ბოლო მომენტში აქციის მონაწილეებმა პოზიციები შეცვალეს და შეხვედრაზე უარი განაცხადეს. ეს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, ილია ღუდუშაურმა დაადასტურა:

„რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომელთა ნაწილმა ჯანდაცვის მინისტრთან შეხვედრის სურვილი საჯაროდ დააფიქსირა, რაზედაც მინისტრმა მზაობა განაცხადა. შეხვედრის შესახებ მივაწოდეთ ინფორმაცია კლინიკის თანამშრომლებს, თუმცა მათ პოზიციები შეცვალეს და შეხვედრაზე უარი განაცხადეს.

ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილება რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან დაკავშირებით უცვლელია - რესპუბლიკური საავადმყოფოს ბაზაზე აშენდება ახალი, მრავალპროფილური, მაღალტექნოლოგიური, საუნივერსიტეტო კლინიკა. ჯანდაცვის სამინისტრო მზად არის კლინიკასთან და მის თანამშრომლებთან დაკავშირებით, ამომწურავი და დეტალური ინფორმაცია მიაწოდოს რესპუბლიკური საავადმყოფოს პერსონალს“, - განაცხადა ილია ღუდუშაურმა.

რა არის საავადმყოფოს მედპერსონალის განსაკუთრებული შფოთვის მიზეზი? „სამართლიანი ეკონომიკის ინსტიტუტის“ ხელმძღვანელი ბექა ნაცვლიშვილი სამედიცინო პერსონალის პროტესტში ხედავს შიშს, რომ დაწესებულება არ დაიხუროს.

„მთავარი კომპენსაციების საკითხი კი არ არის, ამ ხალხს, ვინც იქ აპროტესტებს, იმის შიში აქვს, რომ მთლიანად შეიძლება რესპუბლიკური საავადმყოფო დაიხუროს. საავადმყოფო დაახლოებით არის 5 დაწესებულებას შორის ერთ-ერთი რომელიც კიდევ სახელმწიფოს საკუთრებაშია. აქედან გამომდინარე, აქ არის შიში, რომ ისედაც მთლიანად კომერციალიზებული და მოგებაზე ორიენტირებული ჯანდაცვის სისტემა არ დარჩეს ასე.

ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ, რომ კლინიკა კლასტერებისგან შედგება და ეს სტრუქტურა რომ დაირღვეს, ისინი ფუნქციას სრულფასოვნად ვერ შეასრულებენ. ძალიან ბევრი ფაქტორია გასათვალისწინებელი, როდესაც კლინიკას აშენებ, მაგრამ რესპუბლიკური თავიდანვე იყო ცენტრალურ საავადმყოფოდ შექმნილი, გამომდინარე იქედან, რომ ყველასთვის თითქმის რეფერალური კლინიკის ხასიათი ჰქონდა - ძირითადად, მისი გეოგრაფიული მდგომარეობიდან გამომდინარე. ხომ არ შეცვლილა არაფერი?! ე.ი. სწორი გადაწყვეტილება იყო მიღებული, როდესაც რესპუბლიკური აქ ააშენეს. აქედან გამომდინარე, ცოტა ბუნდოვანია ამ გადაწყვეტილების მოტივაცია.

ტრაგედია ის იქნება, თუ რესპუბლიკური დაინგრა და იქ კორპუსები აშენდა, მერე სადღაც პატარა კლინიკა გააკეთეს რესპუბლიკურის ნაცვლად - ეს იქნება დანაშაული. კიდევ ერთხელ ვამბობ, კლინიკა უნდა იყოს იქ, სადაც როგორც გეოგრაფიული, ისე სამედიცინო თვალსაზრისით ყველაზე გამართლებული იქნება მისი არსებობა. ის ადგილი, სადაც დღეს რესპუბლიკური დგას, სწორედ ასეთია“, - განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა.

ამასობაში კი ჯანდაცვის სამინისტრომ გაავრცელა კერძო და საჯარო კლინიკების ჩამონათვალი, რომლებშიც რესპუბლიკური საავადმყოფოს მედპერსონალს, დასაქმების ალტერნატიულ შესაძლებლობას შესთავაზებს. ეს კლინიკებია:

რუხის რესპუბლიკური საავადმყოფო;

ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო;

საჩხერის რაიონული საავადმყოფო;

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა;

ინგოროყვას მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების საუნივერსიტეტო კლინიკა;

გ. ჟვანიას სახ. პედიატრიის აკადემიური კლინიკა;

ჯეო ჰოსპიტალის ქსელი;

კავკასიის მედიცინის ცენტრი;

ივ. ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი;

თბილისის ცენტრალური საავადმყოფო;

იმედის კლინიკა;

დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრი;

თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიების დასავლეთის რეგიონული ცენტრი.

რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებს შენობის დემონტაჟის გამო მთავრობა კომპენსაციებსა და სხვა კლინიკებში დასაქმებას რამდენიმე დღეა სთავაზობს. როგორც ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა, თანამშრომლებს შესაძლებლობა ექნებათ რამდენიმე შეთავაზებიდან მათთვის სასურველი აირჩიონ.

ცუგო- Ამ საავადმყოფოს პერსონალს ნაცებთან ხომ არ აქვთ რაიმე კავშირები? Ტყუილების გარეშე ახსნან რა ხდება.
3 თვის უკან
ლაზი სახელმწიფო ვალდებულია დაიცვას საქართველოს შრომის კანონმდებლობა. ამ ხალხმა მიიღოს კანონით გათვალისწინებული კომპენსაციები და საავადმყოფოს აშენების შემდეგ, დაკმაყოფილდნენ სამუშაო ადგილებით.
თუ შენობა ავარიულია, რა უნდა გააკეთოს სახელმწიფომ, ამხელა შენობიდან ის ერთი სართული გამოაძროს, დანარჩენი დაანგრიოს და იმას ხელი არ ახლოს? შენობა თუ 2007 წელს ავარიულად იყო მიჩნეული, ახლა გამოკეთდებოდა? თუ წინ მიშენებული, პოტიომკინის სოფლის მაკეტი გაამაგრებდა.
აბა ერთი, ღმერთმა ნუ ქნას და იქ რაიმე მარცხი მოხდეს, აი მაშინ ვნახავთ რა ამბავი ატყდება. სახელმწიფომ თავისი ფუნქცია ვერ შეასრულაო.
ყველაფრიდან პოლიტიკური სარგებლის გამოძალვა არ შეიძლება. არ გამოდის ეგ საქმე.
3 თვის უკან