მამარდაშვილმა

მამარდაშვილმა "ატლეტიკოსთან" შესანიშნავად ითამაშა, მაგრამ "ვალენსია" მარცხისგან ვერ იხსნა

ესპანეთის ლა ლიგის 22-ე ტურში „ვალენსია“ მადრიდის „ატლეტიკოს“ ესტუმრა და მარცხი განიცადა, თან ისე, რომ შანსი პრაქტიკულად არ ჰქონია.

მადრიდელები დიდ უპირატესობას ფლობდნენ და რომ არა გიორგი მამარდაშვილი, სხვაობა გაცილებით დიდი იქნებოდა. ქართველი მეკარე ფაქტობრივად მარტო უმკლავდებოდა დიეგო სიმეონეს გუნდის შეტევებს, მაგრამ პირველი ტაიმის მეოთხე კომპენსირებულ წუთზე მანაც ვერაფერი გააწყო. ანგარიში სამუელ ლინომ გახსნა, რომელიც შარშან „ვალენსიაში“ თამაშობდა.

57-ე წუთზე გიორგის კარში გოლის გატანა მემფის დეპაიმაც შეძლო და „როხიბლანკომ“ 2:0 მოიგო. მამარდაშვილმა თამაში 6 სეივით დაასრულა და წაგებაში ბრალი ნამდვილად არ მიუძღვის. მას ერთ მომენტში ექიმების დახმარება დასჭირდა, მაგრამ საგანგაშო არაფერია და თამაში გააგრძელა. ქართველ მეკარეს 22 ტურში 26 გოლი აქვს გაშვებული და 7-ჯერ კარი მშრალად შეინახა.

„ვალენსიამ“ ლა ლიგაში ზედიზედ 4 მოგების შემდეგ წააგო და 32 ქულით მერვე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 3 თებერვალს, „ალმერიას“ უმასპინძლებს.