მოლას გრძელი წვერი ჰქონდა. ერთ ღამეს წიგნში ამოიკითხა, „გრძელი წვერი და პატარა თავი სისულელის ნიშანიაო“. მოლა იმწუთშივე ადგა და მაკრატლის ძებნა დაიწყო, რომ წვერი შეემოკლებინა. რკი მაკრატელი ვერ იპოვა, სანთლის წინ დადგა და წვერი ალს მიუშვირა - ცოტათი შევტრუსავ და წვერი შემიმოკლდებაო, მაგრამ ცეცხლი არა მარტო წვერზე, თმებზეც მოედო და მთელი სახე შეერუჯა. კარგა ხნის მკურნალობის შემდეგ მოლამ ის წიგნი კვლავ მონახა და ზედ წააწერა: „ეს აზრი დამტკიცებულია და სრულ სიმართლეს შეიცავს“.
(მოლა ნასრედინის ოხუნჯობანი)
რა ვერ გავიგე - ეს ტიპი ჯერ კიდევ პრეზიდენტია? ვგულისხმობ, 17 ნოემბრამდე კიდევ რამის უფლება აქვს თუ ისეთ პონტში, რაღაცაზე რომ იტყვიან, ტრუხააო! თუ კიდევ რამე შეუძლია, მაშინ დავიტოვოთ იმედი, რომ 17 ნოემბრამდე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა აღდგება? როგორც მახსოვს, იქადნებოდა, ჩემი მეორე საპრეზიდენტო ვადის დასასრულს სოხუმი და ცხინვალი დედასამშობლოს დაუბრუნდებიანო...
სამ კვირაში რამდენი რამე უნდა მოასწროს ერთმა კაცმა? სერვანტი გამოალაგა, ტუმბუჩკები ამოალაგა, ყუთები ჩაალაგა (გადარჩენილი ჰალსტუხებიც ჩააწყო), სახეჩამოდღლეზილ თანამებრძოლებს შეხვდა, გაფრინდა და არც ის ვიცით, როდის ჩამოვა და მგონი არც აღარავინ კამათობს იმაზე, რომ სულ არ ჩამოესვლება.
სამი კვირის შემდეგ იტყვის, გუშინწინ ნატოში უნდა შევსულიყავით, გუშინ - სოხუმში, მაგრამ არ დამცალდაო.
მაგან წასვლა ვერ მოასწრო და აგერ, იგორ გიორგაძე გვიბრუნდება, ანუ რუსები ცვლილებას ახდენენ - „რუსეთის ფეესბეს საქართველოს ფილიალში ცვლილებაა - ვმესტა ვიბივშეგო იზ იგრი მიხაილა სააკაშვილი, ვ იგრუ ვსტუპაეტ იგორ გიორგადზე“.
ვერ გაიგეს, რომ მიშა გაძევებულია, გაძევებული! გაძევებული მოთამაშეები კი ცვლილებას არ ექვემდებარებიან და, საერთოდ, კარლსონისებურად რომ ვთქვათ - ეგრე არ ვთამაშობთ, თან ბარათი იყო უსასტიკესად წითელი და ეგეც რომ არა, არჩევნებზე ცოტა მეტი ხალხი რომ მისულიყო, ეს გაძევება კი არა, პანღურით გაგდება უფრო იქნებოდა, თუმცა, რაც იყო - იყო და ახლა, ჯანდაბას მაგათი თავი. მანამდეც იყო რაღაცეები, არჩევნებამდე.
სხვათა შორის, ზუსტად ვიცი, რომ დეპუტატობის ერთ-ერთი კანდიდატი რამდენიმე კვირის წინ ამერიკაში იმყოფებოდა, შეხვდა ოფიციალურ პირებს და ცხვირებს, მაგრამ იმდენად ეს შეხვედრები კი არ არის საინტერესო (ან შეხვდა, ან არა), არამედ ის, რომ მას თან ახლდა ჟურნალისტთა რამდენიმეკაციანი ჯგუფი და, თითქოს პირი შეკრესო, ყველა ამერიკაში დარჩა.
მერე რომ არ დამავიწყდეს - უშიშროების საბჭოს მდივანი მართლა ქალი უნდა იყოს? ხიდაშელი, ლაგაზიძე, ზურაბიშვილი, იმერლიშვილი... ჩემი აზრი თუ გაინტერესებთ, ყველაზე შესაფერისი კანდიდატურა ნესტან კირთაძეა - გამოცდილი პოლიტიკოსია, დასავლეთში ბევრი ნაცნობი ყავს, ამერიკაშიც კი იცნობს ოფიციალურ პირებს... მაგრამ ეს მომავლის საქმეა, ხოლო ჩვენ გვაინტერესებს ის, რაც ხდებოდა წინა კვირაში, რასაც მხოლოდ მას შემდეგ ვიგებთ, როცა ჩემი მეგობარი სააგენტოს ვებ-გვერდს ვხსნი. ისედაც, თუ არ გახსენი, რას გაიგებ? ერთადერთი, რისი გაგებაც გაუხსნელად შეიძლება, ეს არის ავღანეთიდან ჩამოსული ხმები. მაგალითად, გასულ კვირაში ავღანეთიდან ჩამოიტანეს ჩვენი ჯარისკაცების ხმებით სავსე დალუქული ყუთი და სანამ გაიხსნებოდა, რამდენიმე დღით ადრე, მიშმაკები და მიშმაკაკები უკვე ჭკუაზე არ იყვნენ, ქლიბმა 70 პროცენტი მიიღოო. შემდეგ, როცა გაიხსნა და ყველაფერი მთლად ისე არ აღმოჩნდა, როგორც ამბობდნენ, გაისუსნენ და ხმა აღარ ამოუღიათ.
სხვათა შორის, გასულ კვირაში, სოფელ ფოლადაანთკარში სამალავი აღმოაჩინა. გახსნაზე გამახსენდა - „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ფოლადაანთკარში, ყოფილი ბანაკის კოტეჯებში ნაპოვნი საიდუმლო საწყობი გახსნა. კოტეჯებში, რომელიც ადგილობირივ გამგეობის ბალანსზეა, დევნილებისთვის განკუთვნილი ჰუმანიტარულ ტვირთს მიაგნეს“.
როგორ ფიქრობთ, რას იფიქრებდნენ მპოვნელები, სანამ სამალავს გახსნიდნენ? რა თქმა უნდა, იფიქრებდნენ, რომ მიაგნეს ფარული ჩანაწერების მორიგ პარტიას, მაგრამ კოვზი ნაცარში ჩაუვარდათ - სამალავში მხოლოდ გაფუჭებული სგუშჩონკები და ტუშონკები აღმოჩნდა.
კობა სუბელიანი გასუსულია და ხანდახან სოციალურ ქსელში თუ დახატავს ხოლმე კოჰაბიტაციურ გულებს, მეოცნებეების ეიმედება და არცთუ ტყუილად. როგორც მარგველაშვილმა თქვა, ყოველ შემთხვევაში, როგორც მე გავიგე, მისი არჩევა კოჰაბიტაციის დასასრულის დასაწყისი კი არ არის, როგორც გვეგონა, არამედ მისი არჩევით, უკვე, თავისთავად, დასრულდა კოჰაბიტაცია - მიშა რომ პრეზიდენტი აღარ არის, ეს უკვე კოჰაბიტაციის დასასრულიაო. მა, სამართლიანობის აღდგენა? მა, წართმეული ქონების უკან დაბრუნება? მა, დამნაშავეთა გასამართლება?
მართალი გითხრათ, აღარ გამკვირვებია. რამდენიმე დღით ადრე, როცა ეს კითხვები ირაკლი სესიაშვილს დავუსვი, ასე მიპასუხა, თქვენ შურისძიება გსურთ, ადამიანების გატყავება გინდათო და... მართლაც მომინდა სესიაშვილის გატყავება. ერთადერთი შანსი მაქვს, რომ ისტორიაში შევიდე, ოღონდ - „ვირისტყაოსნის“ სახელით. მთავარი ვირი კი, როგორც ამბობენ, ბუდაპეშტშია, რა თქმა უნდა ზურაბ ადეიშვილს სტუმრობს ბალატონისა ტბის პირას... ნიჭიერია ეგ... ნამდვილად წაკითხული ექნება ეს: „ერთხელ მოლამ ვირი თივით დატვირთა. ვნახოთ, ვირზე დადებულ თივას ცეცხლი როგორ გაუჩნდებაო და მუგუზალი მიუნთო. ალი ავარდა, თივამ წვა დაიწყო. გაგიჟებული ვირი ყროყინით გაიქცა, მოლა გამოეკიდა, მაგრამ ვერ დაეწია და მიაძახა: „ერთი ბეწო ჭკუა თუ გაქვს, ტბისკენ გაიქეცი, შე მართლა ვირო!“
რამდენადაც ვიცი, მიშამ სანდრა არ წაიყვანა, რომ წაეყვანა, „ოქროს კერპსაც გავიხსენებდი“: „სახეშეშლილი გრაფინია ტბორისაკენ გარბის“.
სახეშეშლილი გრაფინია... რომელმაც არჩევნებში მონაწილეობა არ მიიღო. მიზეზი? მიზეზი მარტივია - სანდრამ ქართული არ იცის, სანდრამ იცის მარტო რუსული, საარჩევნო ბიულეტენები კი, თბილისისთვის, მხოლოდ ქართულ ენაზე იყო დაბეჭდილი.
სანდრას რუსულში, მიშას რუსულში, ვანოს რუსულში და მთელი ამ ბანდის რუსულში სულ მალე დავრწმუნდებით და ერთხელ კიდევ მოგვივლის სიბრაზე, მაგრამ მათ არაფერი ემუქრებათ - ირაკლი სესიაშვილი უმალ ჩვენ გაგვატყავებს, ვიდრე მთელი ამ ნაცბოზბანდის სამართალში მიცემის ნებას დაგვრთავს. ფარული ჩანაწერები... კოჰაბიტაციის თავგადაკლულ მომხრეებს ფარული ჩანაწერების ფონზე ვხედავ.
აი, ნახეთ - „საბოტაჟი არ ნიშნავს დაპირისპირებას. საბოტაჟი ნიშნავს, რომ ადამიანები, ვინც არიან მასში, ჩვენი მთავრობის მიერ განხორციელებულ პროექტებს უქმნიდნენ პრობლემებს. ეს ხდებოდა განათლებაში, სოფლის მეურნეობაში და ეს სავარაუდოდ ახლა ხდება თავდაცვის სისტემაში“, - განაცხადა მარგველაშვილმა“.
ჰოდა ახლა, ისინი, ვინც ამ საბოტაჟის მომწყობთა გასამართლებას ვითხოვთ, ვართ კაციჭამიები, ხოლო ირაკლი სესიაშვილი არის თავდაცვისა და უსაფრთხოების ექსპერტი, დეპუტატი, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე და, სხვათა შორის, ხელფასს ჩვენ ვუხდით - კაციჭამიები, მაგრამ ჯერ პრემიების საკითხია გასარკვევი. საერთოდ, ეს ექსპერტები, ოღონდ - ძალად ექსპერტები და... მოლა - „მოლა ათ კვერცხში ორ საურს აძლევდა, თვითონ კი შაურად ჰყიდდა. „ეგ როგორ იქნება, მოლა, აგრე ხომ იზარალებ?!“ - უთხრეს მეგობრებმა. „წავაგო, არა უშავს, რა, ოღონდ კი ილაპარაკონ, მოლა ვაჭრობსო“ - მიუგო მოლამ“.
ამის შემდეგ, რა უნდა გავიხსენოთ, თუ არა ეს: „პრეზიდენტობის კანდიდატი აკაკი ასათიანი მხარდამჭერებს მოუწოდებს, 27 ოქტომბრის არჩევნებში ხმა მის ნაცვლად, ნინო ბურჯანაძეს მისცენ. კანონით დადგენილი პროცედურების გამო, ასათიანი არჩევნებიდან კანდიდატურას ვერ ხსნის, საარჩევნო ბიულეტენში წარმოდგენილი იქნება, თუმცა საკუთარ ამომრჩეველს არჩევანის ნინო ბურჯანაძის სასარგებლოდ გაკეთების თხოვნით მიმართავს“.
ვაღიარებ, მართლა მაგარი რამეა ეს არჩევნები - რამდენი უვიცი და უსაქმური ამოტივტივდება ხოლმე, რამდენი კვერცხუჯრედში ჩარჩენილი სპერმატოზოიდი, და რამდენი ისეთი, 10-15 ათასი წლის შემდეგ მის თავის ქალას რომ აღმოაჩენენ და რომ იტყვიან, 21-ე საუკუნეში საქართველოში პითეკანტროპები ცხოვრობდნენო. ანაც ეს - „საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთი ლიდერი აკაკი ბობოხიძე ლოგიკას ვერ ხედავს, 2008 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს რატომ უნდა მოეწყო წინა ხელისუფლებას ტერაქტის იმიტაცია“.
იპოვნიან ბობოხიძის თავის ქალას და მოახდენენ განზოგადებას. რატომ, თორემ - კი!
აი, მომავალი თავის ქალების საინტერესო ჩამონათვალი: კახა ოქრიაშვილი, გიორგი გოზალიშვილი, გოდერძი ბუკია, ენზელ მკოიანი, სერგო ხაბულიანი, გოგი ლიპარტელიანი. ჯერჯერობით ფრაქციის გარეშე საქმიანობენ: იაშა შერვაშიძე, გოჩა ენუქიძე, მარიკა ვერულაშვილი, გურამ მისაბიშვილი, გიორგი ფეიქრიშვილი და ანზორ ბოლქვაძე.
ცალ-ცალკე ყველა გაგვიგია, ერთად კი იმიტომ გამახსენდნენ, რომ გასულ კვირაში... "ნაციონალური მოძრაობიდან" წასულ მაჟორიტარ დეპუტატებს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი შეხვდა. შეხვედრა პრემიერის ბიზნესცენტრში 19 ოქტომბერს გაიმართა. როგორც "ინტერპრესნიუსს" პრემიერის პრესსამსახურში განუცხადეს, საუბრის თემა მიმდინარე საკითხები იყო, შეხვედრა კი, დეპუტატების ინიციატივით შედგა. "დიდი ხანია, პრემიერთან ასეთ ფორმატში შეხვედრა გვინდოდა. არ გვისაუბრია დიდ პოლიტიკურ თემებზე - არჩევნებზე, კონსტიტუციაზე. ვიმსჯელეთ პრობლემებზე, რომელიც ჩვენს რაიონებში არსებობს და მათი გადაჭრის გზებზე. იყო საკმაოდ თბილი და ნაყოფილერი შეხვედრა", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" ოქრიაშვილმა“.
ეს „საკმაოდ თბილი“ მაინც ვერ გავიგე, რას ნიშნავს. ბოლო-ბოლო, თბილი იყო თუ ცივი? იყო, რა - ისხდნენ, ლაპარაკობდნენ. რომელი სულელი დაიჯერებს, რომ ყოფილი ნაცები სხვის პრობლემებზე იმსჯელებდნენ? მაშ, რაზე იქნებოდა საუბარი? ალბათ - აქტუალურ კოჰაბიტაციაზე და გარანტიებზე, რაც საკმაოდ სენსიტიური საკითხია.
გასულ კვირაში ჯერ კიდევ პრეზიდენტმა, ანუ მთავარსარდალმა თბილისის გარშემო გათხრილი ორმოები დაათვალიერა და შემდეგ დიდხანს წუწუნებდა, ნახეთ რა თავდაცვით ზღუდეებს ვაშენებდით და ამათ კიდევ პროექტი შეაჩრესო. მერე ისიც თქვა, რუსებმაც კი იციან, რომ თბილისი დაუცველი რჩებაო. ვიღაცეებმა იკითხეს, საიდან იციან რუსებმა ამდენიო, მაგრამ ეს კითხვა უპასუხოდ დარჩა. პრინციპში, პასუხი ისედაც ყველამ ვიცით, თუმცა მთავარი ის არის, თუ რა რეაქცია ჰქონდა ამაზე ირაკლი სესიაშვილს - "მნიშვნელოვანი საკითხია ფინანსები - რა დაუჯდა სახელმწიფოს თხრილების გაკეთება. მე მქონდა საუბარი შესაბამის უწყებებთან და ეს საკითხი ცალკე შესწავლას ითხოვს. პირველივე შესაძლებლობის ფარგლებში გამოვითხოვ დოკუმენტებს და გავაანალიზებთ, რამდენად რაციონალურად მოხდა თანხების გახარჯვა".
ჰოოო... ახლა, რომ გაირკვეს, რომ ათეულ მილიონობით ლარი ვიღაცის ჯიბეში გადავიდა, რა რეაქცია ექნება ირაკლი სესიაშვილს? თუმცა, უნდა ითქვას, რომ ჯერ-ჯერობით, რეაქცია იყო სრულიად ადექვატური, თვით მოლაც რომ იამაყებდა: „ერთხელ მოლას შვილს კითხეს: „რა არის ბადრიჯანი?“ „ბადრიჯანი პაწაწკინტელა შაშვია, რომელსაც ჯერ თვალები არ გაუხელია“. ეს რომ მოისმინა, მოლამ სიამაყით წარმოთქვა: „მე არ მისწავლებია მისთვის, ეს თვითონ, თავისი ჭკუით გიპასუხათ“.
ამ ძაან გადეპუტატებულ ექსპერტებს რომ ვუსმენ, მოლას შვილი მახსენდება - სულ თავისი ჭკუით ლაპარაკობენ და რას იტყვის ირაკლი სესიაშვილი და რას იტყვიან ირაკლი სესიაშვილები, როცა ამ ამბავს გაიგებენ - რუსთავის #17 სასჯელაღსრულების დაწესებულების ყოფილი დირექტორის, ლაშა ბრეგვაძის წინააღმდეგ პროკურატურაში 600-მდე პატიმარმა საჩივარი შეიტანა.
რას იტყვიან და, იტყვიან, რომ ექვსასამდე პატიმარს ციხის ყოფილი დირექტორის გატყავება უნდა და რომ ეს დაუშვებელია, რადგან სიკორსკის და ნავაროს ეს არ მოეწონებათ.
აი, დარდი, თუ არ მოეწონებათ და არც არავის გატყავებას არ ვითხოვთ, ვითხოვთ სამართლიანობის აღდგენას და თუ ვინმესთვის სამართლიანობის აღდგენა გატყავებას ნიშნავს, იყოს ეგრე და ეგონოს ეგრე, თუმცა, ერთი რჩევა მაქვს - ამ კოჰაბიტაცია- შმოჰაბიტაციით მიშას საფლავში ნუ ჩაყვებით, განა ისეთი რა გადაგიღეს იმ ფარული კამერებით?!
მ.გ. (მოლა გლიჯავს) მოლას ჰკითხეს: „როცა მიცვალებული მიაქვთ, კუბოს წინ უნდა გავუძღვეთ თუ უკან გავყვეთ?“ „მხოლოდ შიგ არ უნდა ჩაჰყვეთ - უპასუხა მოლამ - ისე კი, სულ ერთია“
(მოლა ნასრედინის ოხუნჯობანი)