Arctic Ice-მა დუბაის ბარებში გრენლანდიური ყინულის მიწოდება დაიწყო

Arctic Ice-მა დუბაის ბარებში გრენლანდიური ყინულის მიწოდება დაიწყო

სტარტაპმა Arctic Ice დუბაის ბარებში გრენლანდიის მყინვარების ყინულის მიწოდება დაიწყო. ამის შესახებ The Guardian-ი წერს.

გამოცემის ინფორმაციით, კომპანიაში აცხადებენ, რომ მყინვარებზე 100 ათასი წლის წინ ფორმირებულ ყინულს მოიპოვებენ, რომელსაც არ ჰქონია კონტაქტი ნიადაგთან და არ არის დაბინძურებული. ამიტომ, ეს „ყველაზე სუფთა ყინულია დედამიწაზე“, რომელიც ჩვეულებრივ ყინულზე ნელა დნება.

გრენლანდიის მყინვარებიდან მოპოვებულ ყინულს სასმელებში უკვე დიდი ხანია ამატებენ. მისი ექსპორტის გამართვას მრავალი წელია ცდილობს სხვადასხვა კომპანია, თუმცა უშედეგოდ. Arctic Ice-მა მუშაობა 2022 წელს დაიწყო, თუმცა დუბაიში ყინულის პირველი 20 ტონა სულ ცოტა ხნის წინ გაგზავნა.

კომპანიაში განმარტავენ, რომ ამ გზით ცდილობენ გრენლანდიისთვის, რომელიც დიდწილად დანიის დაფინანსებაზეა დამოკიდებული, შემოსავლის ახალი წყარო იპოვონ.

თუმცა სოცქსელების მომხმარებლების ნაწილმა სტარტაპი გააკრიტიკა - ისინი გლობალური დათბობის ფონზე მყინვარების შენარჩუნებაზე ღელავენ. Arctic Ice-ში კი განმარტავენ, რომ კომპანიის მიერ მოპოვებული ყინული ეკოლოგიურად სუფთაა, მისი მოპოვება კი ეკოლოგიას ზიანს არ აყენებს, რადგან მას იმ მყინვარებიდან იღებენ, რომლებიც აისბერგებს უკვე მოწყდა.