რამდენიმე წლის შემდეგ დედამიწაზე კვლავ გამოჩნდებიან მამონტები. ისტორიამდელი ცხოველების აღორძინება შესაძლებელი გახდება კლონირების ტექნოლოგიის განვითარების შედეგად.
2011 წელს იაპონელმა სწავლულმა, დოქტორმა ტერუხიკო ვაკაიამამ, რომელმაც ბიოლოგიის განვითარების ცენტრ „რაკენში“ შეძლო თაგვის კლონირება, 16 წლის განმავლობაში გაყინული თაგვის უჯრედები გამოიყენა.
ახლა მის საქმეს აგრძელებს კიოტოს უნივერსიტეტის პროფესორი აკირა ირიტანი – მას სურს, ისეთი ორგანიზმების „გაცოცხლება“, მუდმივ გამყინვარებაში ხუთი ათასი წელი რომ დაჰყო. „მთავარია, გაყინული მამონტიდან მივიღოთ რბილი ქსოვილების კარგი ნიმუშები“, – განაცხადა მან.
ბატონი ირიტანი გეგმავს რომ მამონტის უჯრედებიდან გამოჰყოს ბირთვები, შემდეგ აარჩიოს მათ შორის შედარებით ჯანმრთელი. ამ ბირთვებს მოათავსებენ აფრიკული სპილოს კვერცხუჯრედში, რომელიც მამონტის სუროგატული დედა გახდება.
პროფესორის აზრით, ნაყოფის ჩასახვისთვის საჭირო იქნება სპილოს საშოს მომზადება, რასაც ორი წელი დასჭირდება, ნაყოფის მომწიფებას კი – 600 დღე.
მომავალი წლის ზაფხულში იაპონელი სწავლული ესტუმრება ციმბირს, რათა მუდმივ გამყინვარებაში იპოვოს მამონტის „კარგი ნედლეული“. „ვიმედოვნებ, 4-5 წლის შემდეგ დედამიწას ჯანმრთელი მამონტი მოევლინება“, – განაცხადა მან.