ყველაზე მასშტაბური წვრთნები ცივი ომის შემდეგ - NATO რუსეთთან ომს აანონსებს

ყველაზე მასშტაბური წვრთნები ცივი ომის შემდეგ - NATO რუსეთთან ომს აანონსებს

ჩრდილოატლანტიკური ალიანსი, ცივი ომის შემდეგ, ყველაზე მასშტაბურ წვრთნებს იწყებს. NATO-ში განიხილავენ, თუ როგორ შეუძლია აშშ-ის სამხედრო ძალებს ევროპელი მოკავშირეების გაძლიერება რუსეთის მოსაზღვრე ქვეყნებში და ალიანსის აღმოსავლეთ ფლანგზე, თუკი კონფლიქტი გაჩაღდება. წვრთნებს, სახელად „Steadfast Defender 2024“ - მტკიცე მცველი 2024“, ალიანსის 90 000 ჯარისკაცი შეუერთდება.

როგორც ალიანსში აცხადებენ, „Steadfast Defender 2024“ წარმოაჩენს NATO-ს უნარს, სწრაფად განალაგოს ძალები ჩრდილოეთ ამერიკიდან და ალიანსის სხვა ნაწილებიდან ევროპის თავდაცვის გასაძლიერებლად. აღსანიშნავია, რომ „Steadfast Defender“-ზე მასშტაბური წვრთნა 1988 წელს ჩატარდა. მასში 125,000 ჯარისკაცი მონაწილეობდა.

NATO-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარის, რობ ბაუერის განცხადებით, დასავლეთში მცხოვრები მშვიდობიანი მოქალაქეები უნდა მოემზადონ რუსეთთან კონფლიქტისთვის, რომელმაც შესაძლოა, მათ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ცვლილებების აუცილებლობა შექმნას. ნიდერლანდელი ადმირალი აცხადებს, რომ მშვიდობიანი მოქალაქეები მზად უნდა იყვნენ კონფლიქტისთვის მომდევნო 20 წლის განმავლობაში, რომელიც მოითხოვს მათ ცხოვრებაში დიდ ცვლილებას.

„იმ შემთხვევაში, თუ გლობალური ომი დაიწყება, მთავრობები დაწმუნებული უნდა იყვნენ, რომ მათი ქვეყნები მზად არიან ომისთვის. NATO რუსეთთან კონფლიქტისთვის ემზადება. უნდა გავაცნობიეროთ, რომ მშვიდობა, რომელიც გვაქვს, არაა თავისთავადი მოცემულობა. ამიტომ ჩვენ NATO-ს ძალები ვემზადებით რუსეთთან კონფლიქტისთვის.

უნდა გავაცნობიეროთ, ის, რომ მშვიდობიანად ვცხოვრობთ, მოცემულობა არ არის. სწორედ ამიტომ ვემზადებით რუსეთთან კონფლიქტისთვის, მაგრამ დისკუსია გაცილებით ფართოა. ეს არის ინდუსტრიული ბაზა და ასევე ადამიანები, რომლებსაც უნდა ესმოდეთ, რომ ისინი გარკვეულ როლს ასრულებენ. უნდა დავიწყოთ იმის გაცნობიერებით, რომ ყველაფრის დაგეგმვა არ შეიძლება და ყველაფერი შოკოლადში არ იქნება მომდევნო 20 წლის განმავლობაში“, - განაცხადა რობ ბაუერმა.

მაშ ასე, ალიანსი რუსეთთან ომს აანონსებს, თუმცა შესაძლებელია თუ არა, რომ რუსეთ-უკრაინის ომი გასცდეს საზღვრებს და რეალურად მივიღოთ რუსეთ-ნატოს ომი, ანალიტიკოსების შეფასებით ამ ეტპაზე ამის საფრთხე არ არსებობს.

პოლიტილოგი რამაზ საყვარელიძე აცხადებს, რომ შეგვიძლია ასეთ წვრთნად, ოღონდ სისხლიან წვრთნად ჩავთვალოთ უკრაინის ომი, რადგან უკრაინის ომში ჩადებული არის ნატოს იარაღი. პოლიტილოგი ეჭვობს, რომ უკვე უკრაინის ომიდან გამოსულმა ნატომ და რუსეთმა ერთმანეთთან დაიწყონ ომი. ამიტომ თვლის, რომ ეს რიტორიკა უფრო სხვა მიზნებს ისახავს, მათ შორის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის დაფინანსებას.

„ეს ძალიან სერიოზული ფაქტორია იმისთვის, რომ პოლიტიკოსებმა განცხადებები აკეთონ. გვახსოვს რეიგანმა განაცხადა, რომ საბჭოთა კავშირი ბოროტების ღერძია და ომისთვის უნდა მოვემზადოთო. შესაბამისად, გაიზარდა დაფინანსება, კონგრესს გამოართვეს უფრო მეტი დაფინანსება სამრეწველო კომპლექსისათვის. სამრეწველო კომპლექსი ამუშავდა ძალიან ძლიერად და რეიგანმა გაიმრჯვა იმით, რომ უმუშევრობის პრობლემა დაამარცხა.

რეალურად, გამოვიდა, რომ საბჭოთა კავშირით მსოფლიოს დაშინება მიზნად ისახავდა რეიგანის არჩევნებში გამარჯვებას. ახლა მანდ როგორი მექნიზმებია ეს არ ვიცით, შესაბამისად მიზნების გაგებაც ცოტა ძნელია. მაგრამ, მე მაინც მგონია, რომ ეკონომიკური და შიდა პოლიტიკური მიზნებია, ვიდრე ის, რომ რეალურად მიაჩნდეთ ომის დაწყება რუსეთსა და ნატოს შორის“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე.

ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში დავით კუხალაშვილი ამბობს, რომ დღეს კონფლიქტი სწორედ ამ ჩარჩოს ქვეშ მიმდინარეობს, რასაც ნატო-რუსეთის კონფლიქტი ჰქვია. კოლექტიური დასავლეთი და ნატო პირდაპირ მონაწილეობს რუსეთ-უკრაინის ომის როგორც ინსპირირებაში, ისე განგძობადობაში.

„აქ არაფერი ახალი არ ხდება, ეს არის გარკვეული ძალის დემონსტრირება. გარკვეულ კულმინაციას აღწევს მოვლენათა განვითარება და ეს არის ფსიქოლოგიური წეზოლის ელემენტები რუსეთის ფედერაციასთან მიმართებაში. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, თანამედროვე ეტაპზე 90 ათასის ჯარისკაცების მონაწილეობა ამ წვრთნებში და მათი რიცხოვნობა ძალიან დიდ მნიშვნელობას არ იძენს, თუ სასწორზე დადგება ისეთი ქვეყნის ინტერესები, რომელსაც გააჩნია ბირთვული და სხვა სახის იარაღი.

ამ შემთხვევაში სამხედროების რაოდენობა ძალიან დიდ გადამწყვეტ მნიშვნელობას ვერ ითამაშებს. ამიტომ, ვფიქრობ, რომ გონიერება ეყოფა როგორც ნატოს, ისე სხვა სახელმწიფოებსაც, რომ აღნიშნული ქმედება, რომელიც ჯერჯერობით მაინც პროპაგანდის და დემოლარიზაციის მიზნით განხორციელებული ქმედებაა, განგრძობადობა არ ექნება“, - ამბობს for.ge-სთან საუბრისას დავით კუხალაშვილი.

ექსპერტი საგარეო ურთოერთობა საკითხებში თენგიზ ფხალაძე აცხადებს, რომ უკრაინის თემამ მართლაც ბევრი ქვეყანა გამოაღვიძა და მათ შორის ნატოს წევრი ის ქვეყნები, რომლებიც რუსეთს საერთოდ საფრთხედ არ აღიქვამდნენ. როგორც ფხალაძე ამბობს, დღევანდელ დღეს ალიანსმა მართლაც აქტიურად დაიწყო არა მხოლოდ ლაპარაკი, არამედ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა სწორედ ამ ტიპის მოწყვლადი ქვეყნების თავდაცვის უნარიანობის გაძლიერებისათვის.

„აქ რამდენიმე ფაქტორია, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ნატოს ტერიტორიაზე გადავიდეს კონვენციური ომი. რუსეთს არც ამის რესურსი და არც ძალა ნამდვილად არ აქვს, მაგრამ წერტილოვანი დარტყმები, დივერსიები, ეს შესაძლებელია. ჩვენ ვნახეთ დივერსიები მილსადენებზე, ვნახეთ კიბერშეტევები, ასეთი რაღაცეები შეიძლება გაძლიერდეს. ანუ, დარტყმები კრიტკულ ინფრასტრუქტურაზე, რომელმაც შეიძლება სერიოზული ზიანი და ზარალი მიაყენოს ამა თუ იმ ქვეყანას.

ამიტომ, ალიანსმა ამ შემთხვევაში ყველაზე სწორი გადაწყვეტილება მიიღო. ისინი ამუშავებენ ყველა შესაძლო სცენარს და ემზადებიან ყველა შესაძლო სცენარისათვის, რაც არის საუკეთესო პრევენცია. აქციომაა, თუ გინდა მშვიდობა, ემზადე ომისათვის. სწორედ ეს ხდება. მზად იყვენენ ყველა მიმართულებით და აქიდან გამომდინარე, მათ მოახდინონ შესაძლო საფრთხის აღმოჩენა ადრეულ ეტაპზე და მისი განეიტრალება.

ამ ტიპის წვრთნების ჩატარება სწორედაც, რომ კიდევ უფრო ამცირებს იმის შანსს, რომ რამე რეალურად მოხდეს. ეს რომ ალიანს გაცილებით ადრე გაეკეთებინა და თუნდაც 2008 წლის აგვისტოს ომის მერე, ბევრი რამე არ მოხდებოდა. მანამდეც რომ გაეკეთებინა, შეიძლება არც 2008 წლის ომი არ მომხდარიყო“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას თენგიზ ფხალაძემ.