ალეგრი

ალეგრი "ინტერთან" დუელზე: "ქურდებს პოლიციელები მისდევენ"

„იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „ინტერი“ ქურდებს შეადარა. „სასუოლოსთან“ მატჩის შემდეგ მან თქვა, რომ ქურდებს პოლიციელები მისდევენ.

„ინტერმა“ „ჯენოასთან“ (1:1) და „ვერონასთან“ (2:1) სამი გოლიდან ორი ისეთი გაიტანა, რომელიც არ უნდა ჩათვლილიყო. ეს აღიარა იტალიის მსაჯთა კორპუსის ხელმძღვანელმა ჯანლუკა როკიმ, რომელმაც თქვა, რომ არბიტრები და VAR-ი ორივე შემთხვევაში შეცდნენ. შედეგად, მილანური გუნდის წინააღმდეგ კრიტიკა გაისმა, რასაც „ნერაძურის“ გენერალურმა დირექტორმა ჯუზეპე მაროტამ შემდეგნაირად უპასუხა: „ჩვენ ვართ კურდღელი, რომელზეც ნადირობენ“.

„სასუოლოსთან“ მატჩის შემდეგ ალეგრის სწორედ ამ ეპითეტის შესახებ ჰკითხეს, რაზეც მან თითქოს ხუმრობით უპასუხა, მაგრამ ცხადია, „ინტერის“ შესახებ უფრო ირონიული პასუხი გამოუვიდა:

„თუ წინ კურდღელია, უკან არის ვიღაც, ვინც მას მისდევს, როგორც ქურდების და პოლიციელების შემთხვევაში, იგივეა - ქურდები გარბიან და პოლიციელები მისდევენ. ჩვენ მშვიდად უნდა ვიყოთ, კვირას ლეჩეში რთული თამაში გვაქვს, ამიტომ კარგად უნდა მოვემზადოთ, განსაკუთრებით იმიტომ, რომ მეხუთე ადგილოსანს 16 ქულით ვუსწრებთ, მაგრამ წინ კიდევ 18 თამაშია დარჩენილი. ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა ვიაროთ“, - თქვა ალეგრიმ.

შეგახსენებთ, რომ 20 ტურის შემდეგ „ინტერი“ 51 ქულით პირველ ადგილზეა, „იუვენტუსი“ კი მას ორი ქულით ჩამორჩება.