ქვეყანაში ზამთრის საბურავების დეფიციტია - მძღოლები ახალი რეგულაციით უკმაყოფილებას ვერ მალავენ

ქვეყანაში ზამთრის საბურავების დეფიციტია - მძღოლები ახალი რეგულაციით უკმაყოფილებას ვერ მალავენ

საქართველოში როგორც ახალი, ასევე მეორადი ზამთრის საბურავების დეფიციტია. პირველი იანვრიდან ძალაში შევიდა კანონი, რომელიც სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავით აღჭურვის ვალდებულებას ითვალისწინებს. ცვლილებების თანახმად, 1-ლი დეკემბრიდან 1-ელ მარტამდე პერიოდში, გზის ცალკეულ მონაკვეთებზე სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა სავალდებულოა მხოლოდ ზამთრის საბურავებით.

ახალმა კანონმა მძღოლებს და პატრულს საქმე გაურთულა. ინფორმაცია ავტოფლობელებამდე სრულფასოვნად არ მისულა და შესაბამისად, უამრავმა მძღოლმა არც კი იცის სად რა ტიპის საბურავებით უნდა გადაადგილდეს. გზაზე მოძრავ პატრულს კი ავდარსა და თოვ-ჭყაპში მანქანების თვალიერება უწევს და ხანდახან საბურავის პროტექტორის გაზომვასაც ავალდებულებენ.

კომპანია „ავტობანის“ დამფუძნებელი ბაკურ ხუნდაძე ახალ წესს უარყოფითად აფასებს და ამბობს, რომ ეს კანონი არასწორია, რადგან სახელმწიფო პირდაპირ არ უნდა ერეოდეს მსგავს რეგულაციებში.

„ჩვენ არ ველოდით, თუ ასეთი დიდი მოთხოვნა იქნებოდა ზამთრის საბურავებზე და შესაბამისად, ამისთვის მზადაც არ ვიყავით. აქედან გამომდინარე, ბაზარზე დეფიციტია შექმნილი. ფასები დეფიციტის მიუხედავად დიდად არ გაზრდილა. ზოგი სარგებლობს ამ სიტუაციით, ხოლო ზოგი ადეკვატური ფასნამატით ყიდის საბურავებს“, - თქვა ბაკურ ხუნდაძემ.

მოთხოვნის გაზრდასა და დეფიციტზე ამახვილებს ყურადღებას მეორადი საბურავების შემომტანი კომპანია „ვილსიც“. მისი დირექტორი, პავლე შეყლაშვილი ამბობს, რომ ბაზარზე არსებული დეფიციტი მრავალმა მიზეზმა გამოიწვია, მაგრამ ფასი გასულ წელთან შედარებით, არა თუ გაზრდილი, არამედ შემცირებულია.

„ფასები საქართველოში არსებული სიტუაციიდან გამომდინარე არ გაიზარდა, მაგრამ მოთხოვნა საგრძნობლადაა მომატებული. საბურავებზე დეფიციტიც კი შეიქმნა, რადგან ყველა ზამთრის საბურავებს ეძებს. ასევე არსებობს პრობლემური ზომები. მაგალითად, რაც ევროპიდან შემოდის, ამერიკულ ზომებს ვერ აკმაყოფილებს და მომხმარებელს პრობლემა ექმნება.

რაც შეეხება ფასებს, ის მეტწილად ევროს კურსის მიხედვით რეგულირდება. წინა წელს ევრო უფრო მაღალ კურსზე იყო, შესაბამისად, საბურავი შარშან უფრო ძვირი ჯდებოდა, წელს კი ეს თანხა შედარებით ნაკლებია“, - განმარტა „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბარისას შეყლაშვილმა.

საბურავებთან დაკავშირებული რეგულაციების ფორმა მიუღებელია სატრანსპორტო სფეროს სპეციალისტებისთვისაც. ისინი აცხადებენ, რომ მოუმზადებელად შემუშავდა კანონპროექტი. როგორც „გრინლაით კონსალტინგის“ დამფუძნებელმა, ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის თავმჯდომარემ დავით მესხიშვილმა აღნიშნა, გაუგებარია, რატომ არ მიმართავს შინაგან საქმეთა სამინისტრო კონსულტაციებისთვის არასამთავრობო ორგანიზაციებს ან ექსპერტებს.

,,ცვლილება, რომელიც გამოვიდა და მილიონზე მეტ მძღოლს შეეხო, არის მოუმზადებელი, მოუფიქრებელი. სამწუხაროდ, კომპეტენციის ნაკლებობა იგრძნობა. მხოლოდ ის ჩაწერო, რომ საბურავზე ფიფქი იყოს, არ არის საკმარისი. თვითონ იდეას, რომ ზამთარში ავტომობილებმა შესაბამისი საბურავებით უნდა იმოძრაონ, არავინ ეწინააღმდეგება, მაგრამ იმ ფორმით, რა ფორმითაც ის გავრცელდა, არასწორია. დაახლოებით სამოყვარულო დონეზე შექმნილი პროექტია“, - აღნიშნა მესხიშვილმა.

სპეციალისტთა მეორე ნაწილი უფრო დადებითად არის განწყობილი ცვლილებებისადმი. საავტომობილო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტის, მევლუდ მელაძის ინფორმაციით, ზამთრის საბურავების პრობლემა მხოლოდ საქართველოს პრობლემა არ არის. საქართველოში კი იქიდან გამომდინარე, რომ ყინვა და სიცივე ყველაზე ხანმოკლე პერიოდითაა, ადამიანები ამ პერიოდის გადავლას ცდილობენ.

„ზამთრის საბურავების კუთხით ევროპაში კარგი გამოსავალი იპოვეს, როდესაც შედარებით დაბალფასიან დისკებზე საბურავები აქვთ აწყობილი და სეზონზე მას ამონტაჟებენ. ვფიქრობ, ეს კულტურა ჩვენს ქვეყანაშიც ნელ-ნელა შემოვა. ზამთრის საბურავების სეზონზე დაყენება ბევრ საგზაო შემთხვევას თავიდან აგვარიდებს. პროცენტულად რომ ავიღოთ, ზაფხულის საბურავების მოჭიდება ზამთარში 5%-მდე ჩამოდის, რაც არაფერს ნიშნავს და საგზაო შემთხვევის საფრთხეს ქმნის.

რაც შეეხება ნეგატიურ მხარეს, საზოგადოების ინფორმირება იმ სიმძლავრით არ მომხდარა, რამდენადაც საჭირო იყო. თავიდანვე ვამბობდი, რომ ამის ადმინისტრირება იქნებოდა ურთულესი. შესაბამისად, აღნიშნული საკითხი პოლიციელებზე ტყდება, რომლებმაც კანონი უნდა აღასრულონ და გაყინულ საბურავებზე ფიფქის ნიშანი მოძებნონ, რომელიც კანონის თანახმად, ზამთრის საბურავის მანიშნებელია. თუმცა, ჩემზე რომ იყოს დამოკიდებული, უბრალოდ, ზამთრის საბურავებს ჯაჭვების გარეშე ჩავთვლიდი, რადგან ჯაჭვების ადმინისტრირება კიდევ უფრო რთული საკითხი იქნებოდა“, - განაცხადა მელაძემ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ზამთრის საბურავისა და მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვის მოთხოვნებთან შეუსაბამობის შემთხვევაში, პირი დაჯარიმდება 100 ლარით და მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულათა რაოდენობა შეუმცირდება 5 ქულით.

ლაზი ზაფხულის, ანუ ძირითადად კაპრონის საბურავებით, რომ ზამთარში თოვლიან გზაზე მოძრაობა საფრთხის შემცველია, ამაზე არავინ დაობს, მაგრამ საქართველო სპეციფიკური კლიმატის ქვეყანაა. აქ სხვისი გამოცდილების პირდაპირ გადმოტანა ვერ იძლევა ეფექტს. საბურავების დავალდებულება, ვფიქრობ საჭირო არ იყო. საკმარისია თოვლიან და ყინულიან მონაკვეთებზე მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენების ვალდებულების შემოღება, რაც სრულიად საკმარისია და ამასთანავე, ფინასურადაც არ დაწვება მოსახლეობას, რასაც საბურავების ორი კომპლექტის ყიდვა იწვევს.
ასე რომ, ყველაზე გავრცელებული M&S ნიშნიანი საბურავების (რომლითაც ავტომობილთა უმრავლესობაა აღჭურვილი) და მოცურების საწინააღმდეგო ჟაჭვების სავალდებულო გამოყენება, თოვლიან და ყინულიან მონაკვეთებზე, სრულიად საკმარისია საქართველოს კლიმატური პირობებიდან გამომდინარე.
3 თვის უკან