„უკრაინამ სამხედრო მრეწველობა არ განავითარა, მუდმივად დასავლეთის დახმარების იმედად ამ ომს ვერ გააგრძელებს და ცეცხლის შეწყვეტის რაღაცა საშუალება უნდა გამოინახოს“

„უკრაინამ სამხედრო მრეწველობა არ განავითარა, მუდმივად დასავლეთის დახმარების იმედად ამ ომს ვერ გააგრძელებს და ცეცხლის შეწყვეტის რაღაცა საშუალება უნდა გამოინახოს“

ემზადება თუ არა რუსეთი უკრაინის ომში ახალი კონტრშეტევისთვის და როგორ შეიძლება მოვლენები ფრონტის ხაზზე განვითადეს, თუკი ამერიკის კონგრესი უკრაინისთვის დახმარების პაკეტს არ დაამტკიცებს?

ანალიტიკოსები for.ge-სთან ამბობენ, რომ სამწუხაროდ, რუსეთის ყველა მოქმედება იმაზე მიუთითებს, რომ კონტრშეტევისთვის ემზადება. მათი თქმით, დასავლეთიდან უკრაინისთვის დაგვიანებული დახმარების ფონზე, რუსეთმა ჯარის შევსება ერაყიდან, ავღანეთიდან და ჩრდილო კორეიდან დაქირავებული ჯარისკაცებით დაიწყო. ასევე ჩრდილო კორეიდან მიიღო იმ ტიპის შეიარაღება, რომელიც დასავლური შეიარაღების საპირწონეა, ეს კი უკრაინის ამოცანას კიდევ უფრო ართულებს და სიტუაცია ფრონტის ხაზზე უფრო დრამატული ხდება.

უკრაინის გენშტაბის ცნობით, რუსული ძალები უკრაინის შეიარაღებული ძალების პოზიციების გარღვევას ერთდროულად 7 მიმართულებით ცდილობენ. უკრაინელებმა კუპიანსკის მიმართულებით, ხარკოვის ოლქის სინკოვკას დასახლების მახლობლად, რუსების 5 თავდასხმა მოიგერიეს. რუსულმა ძალებმა, ლიმანის მიმართულებით, დონეცკის ოლქის ტერნის დასახლების აღმოსავლეთით, ორი წარუმატებელი შეტევა განახორციელეს. უკრაინელებმა რუსების კიდევ ორი თავდასხმა ბახმუტის მიმართულებით დონეცკის ოლქის კლეშჩიევკასა და ანდრეევკას რაიონებში მოიგერიეს.

მარინკას მიმართულებით კი უკრაინის შეიარაღებული ძალები აგრძელებენ დამპყრობლების შეკავებას დონეცკის ოლქის გეორგიევკასა და ნოვომიხაილოვკას რაიონებში, სადაც მათ 12 შეტევა მოიგერიეს. ამასთან, ზაპოროჟიეს მიმართულებით, რუსული ძალები უკრაინის პოზიციების გარღვევას ცდილობდნენ. ამ მიმართულებით, უკრაინელებმა რუსების შვიდი შეტევა მოიგერიეს.

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ანდრეი ერმაკმა დავოსში განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტი, ვლადიმერ ზელენსკი არასოდეს დათანხმდება რუსეთთან ომის გაყინვას.

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თქმით, უკრაინის „სამშვიდობო გეგმის“ შესახებ მოლაპარაკებების მეოთხე რაუნდის ყველა მონაწილეს უკრაინის დამოუკიდებლობის, მისი ტერიტორიული მთლიანობისა და გაერო-ს წესდების საკითხებზე საერთო ხედვა აქვს, მაგრამ ყველა პოზიცია არ არის „აბსოლუტურად ერთნაირი“.

სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია არ გამორიცხავს, რომ რუსები კონტრშეტევისთვის ემზადებოდნენ. მაისაია for.ge-სთან ამბობს, რომ ამისთვის ისინი ფრონტის ხაზზე სხვადასხვა მიმართუებით უკრაინელებზე დაწოლას და შეტევას აძლიერებენ.

„სამწუხაროდ, ფრონტის ხაზზე ტაქტიკური უპირატესობა რუსი ოკუპანტების მხარეს გადავიდა. მათ, ფაქტობრივად, მარინკა დაიკავეს და ცდილობენ ავდეევკას დაკავებას ე.წ. ტომარას შექმნა უნდათ, სადაც უკრაინის შეიარაღებული ძალების დაჯგუფების ალყაში მოქცევას შეძლებენ. რუსების მთავარ მიზანს წარმოადგენს ის, რომ უკრაინელები დონეცკიდან რაც შეიძლება შორს გაწიონ. უკრაინელები კი თავის მხრივ ცდილობენ, რომ დონეცკთან მისასვლელი ფრონტის ხაზი გააფართოვონ, თუმცა რუსები ამის საშუალებას არ აძლევენ. რუსებს უკვე აქვთ ამბიცია, რომ ხარკოვი დაიკავონ. ასევე არაოკუპირებული დონეცკის და ლუგანსკის სრულად დაკავების სურვილი ჩანს. სავარაუდოდ, ისინი შეტევას სამხრეთის მიმართულებიდან დაიწყებენ, რისთვისაც ინტენსიური მზადება მიდის“, - ამბობს მაისაია.

მისივე თქმით, ამ კონტრშეტევისთვის კორეამ რუსეთს სერიოზული ტიპის ბალისტიკური და ტაქტიკური რაკეტები გადასცა, რომელიც უკვე გამოიყენეს. ასევე იყენებენ ჩრდილოეთ კორეის უპილოტო დრონებსაც. სტრატეგიული დრონების გადაცემასაც ვარაუდობენ. დასავლეთიდან დაგვიანებულმა დახმარებამ, შესაძლოა, უკრაინას ფრონტის ხაზზე პრობლემები კიდევ უფრო გაამძაფროს.

„რუსები ელოდებიან, რომ დასავლეთიდან დახმარება ან დაიგვიანებს, ან აღარ მოხდება იმ რაოდენობით, როგორც აქამდე ხდებოდა. რუსები ახლა ჩრდილო კორეადან და ირანიდან იღებენ იმ ტიპის შეიარაღებას, რომელიც დასავლურ იარაღს არაფრით ჩამორჩება. ამ ფონზე კი დასავლეთის დახმარების დაგვიანება ძალიან დიდი რისკებს ქმნის.

რუსები ახლა ცდილობენ ფრონტის ხაზზე სრული ინიციატივის ხელში აღებას, რათა საბრძოლო მოქმედებების ფონზე, უკრაინას შეუქმნან პირობები, რომ მოლაპარაკების მაგიდასთან დათმობაზე წამოიყვანონ. რუსებს კარგად აქვთ ათვისებული ურბანისტული საბრძოლო მოქმედებები. მათ აქვთ უკვე გამოცდილება, როგორ დაიკავონ ავდეევკა და ის ტერიტორიები, რომელიც სტრატეგიული ტერიტორიებია“,-ამბობს მაისაია.

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენშტაბის ყოფილი უფროსი და გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე ამბობს, რომ უკრაინის ფრონტზე მიმდინარე სიტუაცია სხვადასხვა მიზეზებით არის განპირობებული. კაპანაძე for.ge-სთან მიიჩნევს, რომ, პირველ რიგში, ეს არის სამხედრო ბაზირებით მიღებული და პოლიტიკური მოტივით განპირობებული გადაწყვეტილებები. ასევე ემოციურ ნიადაგზე მიღებული გადაწყეტილება, რაც ფრონტის ხაზზე მიმდინარე პროცესზე საბოლოოდ გავლენას ახდენს.

„ასეთი იყო ზუსტად ბახმუტთან დაკავშირებული გადაწყვეტილება, რომელიც უფრო ემოციური იყო და იმხელა რესურსის და დროის დაკარგვა მოხდა ამ ქალაქზე, რომ საბოლოოდ ზიანი იმაზე მეტი მიიღეს უკრაინელებმა, ვიდრე რაიმე მნიშვნელოვანი შედეგი ნახეს. ზუსტად ეს ის დროა, რომელიც სუროვიკინმა გამოიყენა იმისთვის, რომ ღრმად ეშელონირებული თავდაცვის ზღუდეები მოეწყო. იმდენი მოცემულობაა, რომ ძნელია უკრაინის ჩავარდნილ კონტრშეტევაზე ვინმე კონკრეტულად დავადანაშაულოთ.

ნუ დაგვავიწყდება ისიც, რომ დასავლეთის შეიარაღების მიწოდება არ ხდებოდა და არ ხდება იმ დროს, როცა საჭიროა, მით უმეტეს იმ რაოდენობით, რაც საჭიროა. სანამ დასავლეთიდან ტანკები მიაწოდეს, ამ ტანკების გასაუვნებელყოფად რუსებმა ტანკსაწინააღმდეგო საშუალებები უკვე განავითარეს. დიდი ეჭვი მაქვს, რომ იგივე თვითმფრინავების მიღების დროს, რუსეთს ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვაც განვითარებული ექნება. ახლა ფრონტის ხაზზე ინიციატივა რუსეთს აქვს. უკრაინამ ახლა ცოტა უნდა ამოისუნთქოს, რადგან ჯარის გადალაგება, გადაჯგუფება შეძლოს“, - ამბობს კაპანაძე.

მისივე თქმით, ევროპა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ უკრაინა არ დამარცხდეს, მაგრამ არაფერს იმისთვის, რომ რუსეთი დამარცხდეს. კაპანაძე მიიჩნევს, რომ ცეცხლის შეწყვეტა არ ნიშნავს ომის შეწყვეტას. გენერლის აზრით, ყარაბაღში აზერბაიჯანელები თავის მომენტს 30 წელი ელოდნენ და ამ მომენტისთვის მუდმივად ემზადებოდნენ.

„ამიტომ, თუკი უკრაინისთვის სწორი ინდუსტრიული მხარდაჭერა მოხდება, ქვეყანას ამოსუნთქვის შესაძლებლობა მიეცემა. თუ უკრაინამ სამხედრო მრეწველობა არ განავითარა, მუდმივად დასავლეთის დახმარების იმედად ამ ომს ვერ გააგრძელებს, ამიტომ ცეცხლის შეწყვეტის რაღაცა საშუალება უნდა გამოინახოს. ვერც ერთი ქვეყანა პასუხის გარეშე ამ ომს ვერ გააგრძელებს. ამიტომ რაღაცა გამოსავალი უნდა მოიძებნოს“,-ამბობს გენერალი.