ხელბურთი: საქართველოს ნაკრების ისტორიული გამარჯვება ევროპის ჩემპიონატზე

ხელბურთი: საქართველოს ნაკრების ისტორიული გამარჯვება ევროპის ჩემპიონატზე

ევროპის ჩემპიონატი ხელბურთში საქართველოს ნაკრებმა ისტორიული გამარჯვებით დაასრულა, მას შემდეგ, რაც ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში ბოსნიის ნაკრები 22:19 დაამარცხა.

ტიტე კალანდაძის გუნდმა პირველად ითამაშა კონტინენტის პირველობაზე და დებიუტანტის კვალობაზე მართლაც ჩინებული შთაბეჭდილება დატოვა. ნიდერლანდებსა (29:34) და შვედეთთან (26:42) წაგებების შემდეგ ბოსნიასთან მატჩი ჩვენთვის ფინალის ტოლფასი იყო.

მატჩი არ დაწყებულა საქართველოსთვის კარგად, შეტევაში გუნდს უჭირდა და 2:8 ჩამორჩა, მაგრამ პირველი ტაიმის ბოლო ნაწილი მთლიანად კალანდაძის შეგირდების იყო, შედეგად, შესვენებაზე გუნდები თანაბარი ანგარიშით გავიდნენ - 9:9.

მეორე ნახევარიც ბოსნიელებმა კარგად დაიწყეს, სამი ბურთითაც წინ გავიდნენ, მაგრამ საქართველოს ნაკრების მეკარის, ზურაბ ცინცაძის მიერ ერთ წუთში მოგერიებულმა ორმა პენალტმა (თავისი დამატებებით) თამაშში გარდატეხა შეიტანა. 42-ე წუთზე გიორგი დიხამინჯიას გოლით საქართველო პირველად დაწინაურდა (14:13) და დარჩენილ დროში უპირატესობა ხელიდან აღარ გაუშვია. აღსანიშნავია, რომ ცინცაძემ ორი პენალტის მოგერიების გარდა, ჯამში 19-დან 7 დარტყმა უკუაგდო, ორჯერ კი საგოლე პასიც კი გააკეთა და მატჩის ბოლოს, დამსახურებულად მიიღო საუკეთესო მოთამაშის პრიზი.

ყველაზე შედეგიანი გიორგი ცხოვრებაძე იყო 7 გოლით. 5-ჯერ გამოიჩინა თავი გიორგი დიხამინჯიამ, სამ-სამჯერ თემურ ორჯონიკიძემ, ირაკლი კბილაშვილმა და ერეკლე არსენაშვილმა, ხოლო ერთხელ ხაზეინ რუსტამოვმა.

ამრიგად, საქართველოს ნაკრებმა E ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავა 1 მოგებით და 2 წაგებით (2 ქულა), რაც სადებიუტო ევროპის ჩემპიონატის კვალობაზე უარყოფითი შედეგი არ არის, მით უფრო, რომ შვედეთისა და ნიდერლანდების სახით ჯგუფში მართლაც უძლიერესი მეტოქეები ჰყავდა და მეტის მოთხოვნა, ახლა უბრალოდ, უტოპიაც იქნებოდა.