53 მილიონით დაჯარიმებული ფარმაცევტები ფარ-ხმალის დაყრას არ აპირებენ, ჯანდაცვის სამინისტრო კი დამატებით იმუქრება

53 მილიონით დაჯარიმებული ფარმაცევტები ფარ-ხმალის დაყრას არ აპირებენ, ჯანდაცვის სამინისტრო კი დამატებით იმუქრება

საქართველოში უკვე მეორედ კარტელური გარიგების საბაბით ბიზნეს სუბიექტებს სოლიდური ჯარიმა დააკისრეს. რამდენიმე წლის წინ ასეთი გადაწყვეტილება კონკურენციის სააგენტომ ნავთობიმპორტიორების გამო მიიღო, ამჯერად კი ფარმაცევტების წინააღმდეგ გაილაშქრა. ჯარიმის მოცულობაც მაშინაც და დღესაც თითქმის იდენტურია – 55 და 53 მილიონი.

საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ, ფარმაცევტულ სექტორში, 4 კომპანია შეთანხმებული ქმედების გამო დააჯარიმა - „ავერსის“, „გეფას“ („ჯიპისი“ და „ფარმადეპო“), პსპ-სა და „მერმისის“ მიერ ონკოლოგიური მედიკამენტების სახელმწიფო დაფინანსების პროგრამის ფარგლებში ფასების შეთანხმება, ფასების ფიქსაცია დადგინდა. სააგენტოს შეფასებით, აღნიშნული ქმედება წარმოადგენს კონკურენციის შემზღუდველი მიზნის მქონე შეთანხმებულ ქმედებას და კვალიფიცირდება, როგორც კონკურენციის კანონმდებლობის მძიმე ფორმის დარღვევა. სააგენტოს გადაწყვეტილებით, კომპანიებს ჯამში 53 მილიონ ლარამდე ჯარიმა დაეკისრათ.

„საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ, ფარმაცევტულ სექტორში, 4 კომპანია კონკურენციის საწინააღმდეგო ქმედების გამო დააჯარიმა. საკითხი ეხება - ონკოლოგიური მედიკამენტების სახელმწიფო დაფინანსების პროგრამის ფარგლებში, „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის (შეთანხმებული ქმედება) დარღვევის ფაქტს.

კონკურენციის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებით, მოკვლევის ფარგლებში დადგინდა, რომ 2021-2023 წლებში (აგვისტოს ჩათვლით), 4 კომპანიის მიერ (ავერსი, გეფა, პსპ, მერმისი) ადგილი ჰქონდა ონკოლოგიური მედიკამენტების სახელმწიფო დაფინანსების პროგრამის ფარგლებში შეთანხმებულ ფასებს, ფასების ფიქსაციას.

სააგენტოს მიერ მიღებული და დამუშავებული მასალების მიხედვით, იდენტიფიცირებულ იქნა 42 მედიკამენტი, სადაც 4 კომპანიის მიერ ადგილი ჰქონდა იდენტურ ფასწარმოქმნას. კერძოდ, კომპანიების მიერ სამინისტროს დახურულ პორტალზე წარდგენილი ფასები 1 თეთრის სიზუსტით ემთხვეოდა ერთმანეთს.

სააგენტომ გამოავლინა იდენტური ფასის 88 შემთხვევა, რაც მოიცავს: 23 შემთხვევას 2 კომპანიის მონაწილეობით; 47 შემთხვევას 3 კომპანიის მონაწილეობით; 18 შემთხვევას 4 კომპანიის მონაწილეობით.

„ავერსის“ შემთხვევაში ადგილი ჰქონდა იდენტური ფასის 74 ფაქტს, გეფას (ჯი-პი-სი, ფარმადეპო) შემთხვევაში ასევე 74 ფაქტს, პსპ-ს შემთხვევაში 81 ფაქტს და „მერმისის“ შემთხვევაში 29 ფაქტს.

სააგენტოს შეფასებით, აღნიშნული ქმედება წარმოადგენს კონკურენციის შემზღუდველი მიზნის მქონე შეთანხმებულ ქმედებას და კვალიფიცირდება, როგორც კონკურენციის კანონმდებლობის მძიმე ფორმის დარღვევა. შესაბამისად, სააგენტოს გადაწყვეტილებით, კომპანიებს ჯამში 53 მილიონ ლარამდე ჯარიმა დაეკისრათ: „ავერსი“ - 14 402 425 ლარი; გეფა - 20 349 336 ლარი; პსპ - 17 094 872 ლარი; „მერმისი“ - 951 301 ლარი.

ბაზარზე კონკურენტული გარემოს გაუმჯობესების მიზნით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიმართ, კონკურენციის სააგენტომ განსახილველად სავალდებულო რეკომენდაცია გასცა - საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის და ზოგადად პორტალის ფუნქციონირება ნორმატიულ დონეზე დარეგულირდეს.

სააგენტოს მიერ მოკვლევის დაწყების საფუძველს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ, 2023 წლის 23 მარტს ონკოლოგიური მედიკამენტების იმპორტიორი და რეალიზატორი კომპანიების მხრიდან ფასების ზრდის და ამავე მედიკამენტებზე იდენტური ფასწარმოქმნის შესახებ გასაჯაროებული ინფორმაცია წარმოადგენდა.

საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტო მოკვლევას 5 კომპანიის - „ავერსი“, გეფა, პსპ, „მერმისი“ და „ეს კა იმპექსის“ მიმართ აწარმოებდა. საკითხის შესწავლის პროცესში, „ეს კა იმპექსის“ მიმართ დარღვევის ფაქტი არ დადგინდა“, - ნათქვამია განცხადებაში.

დამატებითი კომენტარი გააკეთა კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ ირაკლი ლექვინაძემ. მისი თქმით, სააგენტოს მიღებული აქვს ინფორმაცია სხვადასხვა მედიკამენტზე მაღალი ფასნამატის და ამ ეტაპზე მონაცემებს ამუშავებს, შესაბამისად დაახლოებით ერთი თვის ფარგლებში მორიგ მოკვლევას დაიწყებენ. საკითხი ეხება მედიკამენტებს, რომლებზეც ამ ეტაპზე რეფერენტული ფასი არ ვრცელდება და მათზე 400%-იანზე მეტი ფასნამატი ვლინდება.

„ეს ეხება მედიკამენტებს, რომლებზეც ჯერჯერობით არ ვრცელდება რეფერენტული ფასი, თუმცა საბაჟო ღირებულებიდან საცალო ფასამდე ფიქსირდება ძალიან მაღალი ფასნამატი - 400%-ზე მეტი, რომლებიც რიგ შემთხვევაში 3000%-ზეც კი არის. ჩვენი მიზანია, ჯანდაცვის სამინისტროსგან მოწოდებული ინფორმაცია დავამუშაოთ, იდენტიფიცირება გავუკეთოთ აღნიშნულ მედიკამენტებს, იმპორტიორ თუ რეალიზატორ კომპანიებს და იმ შემთხვევაში, თუ ბაზრებზე აღმოჩნდებიან დომინანტები, მოკვლევის დაწყების საფუძველი გვექნება დომინანტური მდგომარეობის შესაძლო არასათანადო გამოყენების კუთხით. არ ვიცით, რომელ კომპანიებზეა საუბარი, შესაძლოა, იყოს ჩვენთვის უცნობი იმპორტიორი კომპანიებიც. შეიძლება მოცულობაშიც დიდები არ არიან, მაგრამ კონკრეტული მედიკამენტების შემომტანები იყვნენ და ბაზარზე შემცვლელები არ გააჩნდეთ და ერთადერთები იყვნენ ბაზარზე“, - განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.

კონკურენციის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებას მყისვე გამოეხმაურა ჯანდაცვის სამინისტრო, სადაც დაასახელეს სხვა დარღვევებიც, რომელიც სამინისტრომ მიმდინარე წელს გამოავლინა. მაგალითად, გამოვლინდა თურქეთიდან იმპორტირებულ წამლებზე ფასების ხელოვნურად გაზრდისა და და ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან იმპორტირებული, იგივე დასახელების მედიკამენტების ღირებულებასთან გათანაბრების ფაქტები, ასევე ეპილეფსიის სამკურნალო პრეპარატზე ხელოვნური დეფიციტის შექმნის შემთხვევები.

„ჯანდაცვის სამინისტრომ ფარმაცევტული კომპანიების მხრიდან, არაჯანსაღი კონკურენციის, ფასების ხელოვნური ზრდის, შეთანხმებული ქმედებებისა და მედიკამენტებზე ხელოვნური დეფიციტის ფაქტები, მიმდინარე წელს, არაერთხელ გამოავლინა. დაფიქსირდა 1000%, 2000% და 3000%-იანი ფასნამატები და იდენტური ფასები მედიკამენტებზე, რომლებზეც რეფერენტული ფასები არ იყო ამოქმედებული;

გამოვლინდა თურქეთიდან იმპორტირებულ წამლებზე ფასების ხელოვნურად გაზრდისა და და ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან იმპორტირებული, იგივე დასახელების მედიკამენტების ღირებულებასთან გათანაბრების ფაქტები;

გამოვლინდა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან, ეპილეფსიის სამკურნალო პრეპარატზე (დეპაკინი ხრონო), ხელოვნური დეფიციტის შექმნის ფაქტები.

ჯანდაცვის სამინისტროსთვის მიუღებელია მსგავსი არაკეთილსინდისიერი, სახელმწიფოსა და მოქალაქეების წინააღმდეგ მიმართული ქმედებები. უწყებას თითოეულ დარღვევაზე ექნება მკაცრი რეაგირება“, - ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

უშუალოდ ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა კი ხაზგასმით აღნიშნა, რომ სამინისტროს რეაგირება მკაცრი იქნება.

„იყო ხელოვნური საბოტაჟის მცდელობა, კონკრეტულ მედიკამენტებზე ხელოვნური დეფიციტის შექმნა. ასევე, იმ მედიკამენტებზე, რომლებზეც რეფერენტული ფასი გავრცელებული არ იყო - ფასების მკვეთრი ზრდა. მსგავსი შემთხვევები მომავალში მაქსიმალურად იქნება თავიდან აცილებული.

სამწუხაროდ, დამატებით ტენდენციაა, როდესაც ისეთი მედიკამენტების, რომლებიც რეცეპტული არ არის და შეიძლება ბიოლოგიურად აქტიურ დანამატებს ან ვიტამინებს ეხებოდეს, ფასებიც იზრდება და რეცეპტებში ამას ხელოვნურად წერენ. ამაზეც ყოველთვის გვექნება მკაცრი რეაგირება. ვფიქრობ, ერთხელ და სამუდამოდ ამ ქვეყანაში მოწესრიგდება ფარმაცევტული ბაზარი. ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ სახელმწიფო ზრუნავს მოქალაქეებზე და ასეთი შემთხვევები მომავალში მაქსიმალურად თავიდან იქნება აცილებული“, - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

სულ სხვა დამოკიდებულება აქვთ ფარმაცევტული ბიზნესის წარმომადგენლებს. კომპანიები - „ავერსი“, „პეესპე“, „გეფა“ და „მერმისი“ კონკურენციის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებას შეთანხმებული ქმედების გამო მათი დაჯარიმების თაობაზე სასამართლოში გაასაჩივრებენ. ამ საკითხის შესახებ ფარმაცევტული კომპანიების ასოციაციამ განცხადებაც გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ ასოციაციის წევრი ეს კომპანიები კონკურენციის ეროვნული სააგენტოს მოკვლევის შედეგებს ცალსახად არ ეთანხმებიან.

„ფარმაცევტული კომპანიების ასოციაციას სურს გამოეხმაუროს საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს მიერ ფარმაცევტულ სექტორში, 4 კომპანიის კონკურენციის საწინააღმდეგო ქმედების გამო დაჯარიმების ფაქტს.

ფარმაცევტული კომპანიების ასოციაციის წევრი კომპანიები „ავერსი“, პსპ და „მერმისი“ ცალსახად არ ეთანხმებიან აღნიშნული მოკვლევის შედეგებს და ყველა მათგანი ამ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს სასამართლოში. იმედს ვიტოვებთ, სამართლიანი სასამართლოს პირობებში, ყველა კომპანია შეძლებს სიმართლის დამტკიცებას.

ჩვენს მოსახლეობას კიდევ ერთხელ ვუცხადებთ, რომ ფარმაცევტულ სექტორში დასაქმებული ყველა კომპანია ოპერირებს კანონით განსაზღვრულ ჩარჩოში და მაქსიმალურად ცდილობს მოსახლეობის მაღალი ხარისხისა და უსაფრთხო ფარმაცევტული პროდუქტით, მაქსიმალურად ხელმისაწვდომ ფასად, უზრუნველყოფას“, - ნათქვამია განცხადებაში.

ცალ-ცალკე გამოეხმაურნენ კონკურენციის სააგენტოს პოზიციას კომპანიები. „პეესპე“ პირველი იყო, რომელმაც კონკურენციის სააგენტოს მიერ დაკისრებულ 17 მილიონი ლარის ჯარიმის სასამართლოში გასასაჩივრების გადაწყვეტილება მიიღო. სააფთიაქო ქსელი განმარტავს, რომ მათ კონკურენციის სააგენტოს წარუდგინეს სრული დოკუმენტაცია მათი ფასწარმოქმნის შესახებ და არ იზიარებენ სააგენტოს შეფასებას იმის შესახებ, რომ კომპანია ონკოლოგიურ მედიკამენტებს ბაზრის სხვა მოთამაშეებთან შეთანხმებული ფასებით ყიდდა.

„კომპანია პსპ არ ეთანხმება კონკურენციის სააგენტოს დასკვნას!  პსპ არ ეთანხმება კონკურენციის სააგენტოს მიერ მტკიცებულებების გარეშე მიღებულ დაუსაბუთებელ გადაწყვეტილებას და გამოიყენებს შესაბამის სამართლებრივ მექანიზმებს გადაწყვეტილების გასასაჩივრებლად.

მიუხედავად იმისა, რომ კომპანია „პეესპემ“ სრულად წარადგინა მტკიცებულებები, რომელიც გამორიცხავდა ნებისმიერი სახის შეთანხმებულ ქმედებას, კონკურენციის სააგენტომ არ შეაფასა და მხედველობაში არ მიიღო წარდგენილი მტკიცებულებები. შესაბამისად, დასაბუთების გარეშე, რეკორდულად მცირე დროში გამოიტანა მიკერძოებული და უსაფუძვლო გადაწყვეტილება. კონკურენციის სააგენტოს დასკვნა არ შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობას, ასევე ევროკომისიისა და ევროპის მართლმსაჯულების სასამართლოს დადგენილ პრაქტიკას და „პეესპე“ მიმართავს სასამართლოს კანონით განსაზღვრულ დროში“,  - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

„ავერსში“ კი ამტკიცებენ, რომ მათ არასდროს არავისთან ჰქონიათ რაიმე გარიგება:

„კონკურენციის ეროვნული სააგენტოს აღნიშნული გადაწყვეტილება არის სრულიად უსაფუძვლო და სრულიად უსამართლო. „ავერსს“ არასდროს არავისთან არ ჰქონია რაიმე გარიგება, მით უმეტეს ფასებზე. ამიტომ აღნიშნულ გადაწყვეტილებას ავერსი აუცილებლად გაასაჩივრებს სასამართლოში“, - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

ჯანდაცვის მინისტრი კი ფარმაკოლოგიურ კომპანიებს საგანგებოდ მიმართავს და აცხადებს, რომ სახელმწიფოს რეაგირება ყოველთვის მკაცრი და პრინციპული იქნება.

„დღეს კონკურენციის სააგენტოს მიერ დადასტურდა ძალიან მძიმე ფაქტი, რასაც ჩვენ რამდენიმე თვის განმავლობაში მყარი ეჭვებისა და არგუმენტების საფუძველზე ვამბობდით, დღეს კონკურენციის სააგენტომ თითქმის 9-თვიანი მოკვლევის საფუძველზე გაასაჯაროვა შედეგები, რომელიც ძალიან სამწუხაროა. დადასტურდა, რომ ეს კომპანიები მიზანმიმართულად ხალხის და სახელმწიფოს წინააღმდეგ ცდილობდნენ ვერაგული მეთოდების გამოყენებას, თან ყველაზე მძიმე პაციენტების მიმართ - ფასის გაზრდას მედიკამენტებზე.

ჩვენ მაშინვე ვთქვით, რომ ფასები ონკოლოგიურ მედიკამენტებზე 3-4-ჯერ გაიზარდა, რის საფუძველზეც ხდებოდა ლიმიტების ნაადრევად ამოწურვა და ეს ადამიანები მედიკამენტების გარეშე თვეების განმავლობაში რჩებოდნენ. რაზეც სახელმწიფოს მყისიერი რეაგირება ჰქონდა. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო კონკურენციის სააგენტოს, რომელმაც კვალიფიციურად შეისწავლა აღნიშნული ფაქტები და შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღო.

მინდა, მივმართო ფარმაცევტულ კომპანიებს და დავამშვიდო ჩვენი მოსახლეობა, სახელმწიფო ყოველთვის იზრუნებს მათ კეთილდღეობაზე და სახელმწიფოს რეაგირება ყოველთვის იქნება პრინციპული და მკაცრი იქნება“, - განაცხადა მინისტრმა.