ბატონ ზვიად ძიძიგურს პოლიტიკური მოღვაწეობის მდიდარი გამოცდილება გააჩნია და რასაკვირველია მოსაყოლიც ბევრი აქვს. ერთ-ერთ ადრინდელ შემთხვევას ხშირად იხსენებს:
„ჩვენთან, სამტრედიის რაიონში 1989 წელს აქცია მოვაწყეთ და რკინიგზა გადავკეტეთ, რომ წვევამდელები საბჭოთა ჯარში არ წასულიყვნენ. თბილისიდან ჩამოვიდნენ მერაბ კოსტავა, ვაჟა ადამია, ირაკლი ბათიაშვილი და კიდევ ერთი-ორი კაცი. ღამის 12 საათი იყო, მაშინვე მამა-პაპური სუფრა გაიშალა ახლობლის ოჯახში. საქართველოს სადღეგრძელოზე ადგა მერაბ კოსტავა და ამბობს:
- იმპერია მალე დაინგრევა, ძალიან მალე დაინგრევა და ჩვენ დამოუკიდებლობას მოვიპოვებთ. მთავარი მისი მოპოვება კი არაა, არამედ ამ დამოუკიდებლობის შენარჩუნებაა.
მთელი სუფრა გაისუსა და ისეთი თვალებით მიაჩერდა, კაცი რომ შეგეცოდება. მეც ძლივს შევიკავე ღიმილი და გვერდით მჯდომს წავჩურჩულე.
- ხედავ, ბიჭო, რა თქვა? რა იმპერია დაინგრევა, რის დამოუკიდებლობა.
- რას იზამ, - ამოიოხრა, - ეტყობა ციხემ იმოქმედა, მაგრამ არ შევიმჩნიოთ, ეწყინება.
რაც ცუდი რამე მოხდებოდა, გამსახურდია ყველაფერს “სუკის” მოწყობილ პროვოკაციად ნათლავდა და კრემლის ლანძღვას იწყებდა. გამოსვლა არ მახსოვს, “პროვოკაცია” და “აგენტი” არ ეხსენებინოს. ერთხელ რომელიღაც რაიონში ვიყავით, დარბაზი ხალხით გაივსო. დაიწყო ზვიადმა გამოსვლა და უცებ, შუქი ჩაქრა. ჩაბნელდა თუ არა, მისი ომახიანი ხმაც გაისმა:
- მეგობრებო, ეს არის სუკის ელექტროპროვოკაცია!“