ბატონი მამუკა არეშიძე ერთ“პოლიტიკურ შემთხვევას“ არაერთხელ იგონებს. ეს კურიოზი თოთხმეტი წლის წინ „დაფიქსირდა“.
„1999 წელს ახალი პარლამენტი კი შემოვიდა შენობაში, მაგრამ ჩვენი კომისია კიდევ ორი წელი აგრძელებდა მუშაობას. ოთახები შეარემონტეს, გაანაწილეს და სადაც ჩვენ ვიჯექით, ის მრეწველთა ფრაქციას გადასცეს.
ერთხელაც ფრაქციის სხდომა მიმდინარეობდა. მეც იქ ვიყავი და ერთ-ერთმა მრეწველმა ოთახში თავისი იმერელი ნათესავი - ახვლედიანი შემოიყვანა.
ის კაცი პირველად ყოფილა პარლამენტის შენობაში. შიგნიდან დათვალიერება უკვე მოესწრო და აღტაცებისა და გაკვირვებისგან აზრზე მოსვლა უჭირდა. შემოვიდა და ვისაც შეხედა, ყველა ცნობილი პიროვნებაა! გოგი თოფაძის, ზურაბ ტყემალაძის და განსაკუთრებით რომან გვენცაძის დანახვამ მთლად გადარია, - პარლამენტი თუ ასეთი ხალხით არის „გაძეძგილი“, გვეშველება და ეგააო.
- ბატონო რომან, - ეკითხება მოკრძალებით, - სულ რამდენნი ხართ პარლამენტში?
გვენცაძემ იფიქრა, - ფრაქციის წევრთა რაოდენობა აინტერესებსო და ამაყად ეუბნება:
- თხუთმეტი!
- რამდენი? - შეწუხდა კაცი. ათასის იმედი ჰქონდა.
- თხუთმეტი! რა, ცოტაა?
- ბატონო რომან, საქეიფოდ რო დავდივარ, თხუთმეტი მარტო კლარნეტისტი მომყვება...“