ვაუჩერები გამოჩნდა, ერთიანი ქვითრები კი ჯერ არა

ვაუჩერები გამოჩნდა, ერთიანი ქვითრები კი ჯერ არა

[გიორგი ბექაური]

ერთიანი კომუნალური ქვითრები მოსახლეობას ჯერ არ მიუღია, თუმცა უკვე გადაწყვეტილია, რომ ენერგოვაუჩერების დარიგება თებერვლის ბოლოდან დაიწყება. ამ პროექტისთვის განკუთვნილი 20 მილიონი ლარის ანაზღაურება კი სარეზერვო ფონდებიდან მოხდება. მიუხედავად ამისა, მოსახლეობა დღემდე გაურკვეველ ვითარებიაშია და არ იცის, ერთიანი ქვითრის შემოღების შემთხვევაში მთავრობის ეს გადაწყვეტილება მათზე როგორ აისახება. განსაკუთრებით გაურკვეველ ვითარებაში ის ადამიანები არიან, რომლებსაც წყლისა და დასუფთავების დავალიანება აქვთ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს კანონში „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ ცვლილებები, სადაც კომუნალური გადასახადების ერთიანი სისტემით ამოღებაზეა საუბარი, გასული წლის ოქტომბერში შევიდა. ამავე კანონის მიხედვით დენის, გაზის, წაყლმომარაგებისა და დასუფთავების გადასახადის ამოღება კოორდინირებულად მოხდება. ადმინისტრირების სამსახურის შექმნა სემეკს დაევალა. კომუნალური მომსახურების კომპანიები ვალდებულები იყვნენ, 2011 წლის პირველ იანვრამდე ყველა მომხმარებლის შესახებ ინფორმაცია კომისიისთვის მიეწოდებინათ, რათა მონაცემთა ერთიანი ბანკი შექმნილიყო.

მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ გადასახადების ადმინისტრირებას თბილისში „თელასი“ და რეგიონებში „ენერგოპროჯორჯია“ მოახდენდნენ. შესაბამისად, კონკრეტული თარიღის გამოცხადებაც მათი პრეროგატივა გახდა. თავდაპირველად სახელდებოდა, რომ ერთიანი ქვითარი მოსახლეობას იანვარში მოუვიდოდა, თუმცა ეს პროგნოზი არ გამართლდა. მაშინ ეს „თელასში“ ბაზების რეორგანიზაციით ახსნეს. მოგვიანებით, სავარაუდო თარიღაც თებერვლის დასაწყისი დასახელდა, თუმცა დღემდე გაურკვეველია, თუ როდის მოხდება კომუნალური გადასახადების ერთიანი ადმინისტრირებით გადახდა.

როგორც სემეკში აცხადებენ, ეს კომპანიების პრეროგატივაა და თარიღიც შიდა მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ უნდა გამოცხადდეს. „თელასში“ კი ამბობენ, რომ მოლაპარაკებების დასრულების სტადიაშია და კომუნალური გადასახადების ახალი წესით ამოღებაზე კონკრეტული ინფორმაცია მალე გახდება ცნობილი.

მიუხედავად ასეთი გაურკვეველი სიტუაციისა, მთავრობა ანტიინფლაციურ ღონისძიებების (ყოველ შემთხვევაში თავად ასე ჰგონიათ) ერთი რაუნდის განხორციელებას იწყებს და აცხადებს, რომ ენერგო ვაუჩერების დარიგება თვის ბოლომდე მოხდება.

როგორც ფინანსთა მინისტრი კახა ბაინდურაშვილი აცხადებს, პროექტზე სოციალური სუბსიდიების სააგენტო მუშაობს და მისი ბიუჯეტი დაახლოებით 20 მლნ ლარს შეადგენს.

„ეს არის 20 მლნ ლარის ხარჯი. პროექტს სოციალური სუბსიდიების სააგენტო ახორციელებს და სააგენტომ მისი პრეზენტაცია მთავრობის სხდომაზე უკვე გაკეთა. სწორედ ისინი ამზადებენ და ახდენენ მის ადმინისტრირებას. პროგრამისათვის საჭირო თანხა რეზერვებიდან გამოიყოფა და ბიუჯეტში ცვლილება საჭირო არ არის“, - აცხადებს მინისტრი.

ბაინდურაშვილის განმარტებით, მოსახლეობას სურვილის შემთხვევაში თავის კუთვნილი ენერგო ვაუჩერის სხვა პირზე გადაცემის საშუალებაც ექნება.

„ამ დროისათვის ენერგო კომპანიებთან ტენიკური დეტალები დაზუსტება მიმდინარებს და მისი განხორციელება, დაპირებისამებრ აუცილებდალ თებერვალში დაიწყება. დაბალშემოსავლიან ოჯახებს თვეში დაახლოებით 15-20 ლარის ხარჯი აქვთ და ამ გადათვლით გაჭირვებულ ოჯახებს მთლიანი თვის ხარჯს უფარავს“, - აცხადებს ბაინდურაშვილი.