ირაკლი ალასანიას მეუღლე: სულ არ მაქვს ბიძინას ხათრი

ირაკლი ალასანიას მეუღლე: სულ არ მაქვს ბიძინას ხათრი

ირაკლი ალასანიას მეუღლე ნათია ფანჯიკიძე ხვალინდელ არჩევნებთან დაკავშირებით "ფეისბუქზე" პოსტს აქვეყნებს:

"დამკვიდრდა აზრი, რომ გიორგის ხმა უნდა მისცეს ხალხმა ბიძინას ხათრით, ანუ ხმა მისცეს არა გიორგის, არამედ ბიძინას.

სულ არ მაქვს ბიძინას ხათრი, ვხედავ კარგს და ვხედავ ცუდს და არც სიკარგე მგვრის აჟიტაციას, რადგან დაბადებიდან კარგი ადამიანების გვერდით ვარსებობ და სიკარგეს არ ვთვლი ანომალიურ მოვლენად, და არც სისუსტე მაოცებს, რადგან არავინაა იდეალური.

ბიძინას თავის წილი ხმა მივეცი შარშან, ხვალ პირადად გიორგის ვაძლევ ხმას, რადგან ვთვლი, რომ არის ნიჭიერი, ადამიანური და ვერასოდეს გახდება სასტიკი, ან ინტრიგანი, ან ხარბი..

მომწონს, რომ გიორგი სერიოზულად ეკიდება ახალ ამპლუას, მისი შინაურული იმიჯი შეიცვალა რესპექტაბელური გარეგნობით და არ ვიზიარებ ზოგიერთის აზრს, რომ ეს სწრაფი გარდასახვა ხელოვნურია. ცხოვრება არის როლების ფართო რეპერტუარი და როცა ადამიანი ირჩევს ახალ სოციალურ როლს, უნდა შეიცვალოს გრიმი, კოსტუმი, სხვანაირად ვერ მოხდება როლის სიღრმისეული შეგრძნობა.

ხმას ვაძლევ იმიტომ, რომ მგონია, რომ გიორგისთვის პრიორიტეტი გახდება კულტურა და განათლება, რადგან ეს მისთვის ხელოვნური და ირაციონალური წარმოსახვა არაა.

მჯერა, რომ გიორგი იმდენად თვითკმარი, ჩამოყალიბებული პიროვნებაა, რომ იაფფასიანი ემოციურობისგან თავისუფალი იქნება მისი ფსიქიკა და შეძლებს საქმე და ქვეყნის კეთილდღეობა იყოს მისთვის ამოსავალი წერტილი და გზადაგზა ყოველ შეყეფებაზე თავი გვერდით არ მიატრიალოს და წვრილმანი ადამიანური განცდებით არ დაკავდეს."- წერს ნათია ფანჯიკიძე "ფეისბუქის" გვერდზე.