ციხის ყოფილ დირექტორს - ლაშა ბრეგვაძეს 565 პატიმარი უჩივის

ციხის ყოფილ დირექტორს - ლაშა ბრეგვაძეს 565 პატიმარი უჩივის

რუსთავის №2-ე საპყრობილის ნაცემი ექს-დირექტორის წინააღმდეგ პროკურატურაში 565 პატიმრის კოლექტიური საჩივარი შევიდა. ამის შესახებ For.ge-ს პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებულმა გიორგი გაბედავამ აცნობა, რომელმაც მთავარი პროკურორის სახელზე პირადად შეიტანა ორი საჩივარი, არაერთი პატიმრის ხელმოწერით.

გაბედავას განმარტებით, აღნიშნულის მიზეზი ის გარემოება გახდა, რომ ბრეგვაძის ცემის ბრალდებით, სამი ახალგაზრდა დააკავეს. ეს მაშინ, როცა ამ საჩივრების მიხედვით, პატიმრები პროკურატურას თავად სთხოვენ, ლაშა ბრეგვაძის მიერ ნაცემი პატიმრების საქმეები გამოიძიოს.

„თითოეული ხელმომწერი ადასტურებს, რომ მას ფიზიკური შეურაცხყოფა ბრეგვაძემ მიაყენა, თუმცა პროკურატურა ამ საქმეებს რატომღაც არ იძიებს“, - განაცხადა გაბედავამ.

გიორგი გაბედავას თქმით, საგანგებოდ დაწერილ წერილში პატიმრები ბაჩო ახალაიას მინისტრობის დროს, სასჯელაღსრულების სამინისტროს №17-ე დირექტორის  ლაშა ბრეგვაძისა და № 6-ე დაწესებულების დირექტორის მოადგილის სანდრო ხულორდავას მიერ, პატიმართა არაადამიანური მოპყრობის ფაქტებზე საუბრობენ. ამდენად, ლაშა ბრეგვაძე თავისუფლებაზე არ უნდა იმყოფებოდეს, რადგან მას უამრავი პატიმარი ჰყავს ნაწამები.

კერძოდ, გაბედავა აცხადებს, რომ რუსთავის N6-ე დაწესებულების კარცერში ბრეგვაძის და მისი თანამოაზრეების მიერ გაშიშვლებულები იყვნენ მსჯავრდებულები და ასეთ დამამცირებელ და ღირსების შემლახველ მდგომარეობაში ისხდნენ კარცერში დირექტორის და მისი მოადგილეების გამოგონებული ბრალდებებით.

ერთი კვირის წინ რუსთავის №17-ე ციხის ყოფილი უფროსის ლაშა ბრეგვაძის ცემასთან დაკავშირებით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საგანგებო ბრიფინგი გამართა. აკაკი მინაშვილი ირწმუნებოდა, რომ ციხის ყოფილი უფროსი სამმა კრიმინალმა - გაგა ჩხაიძემ, ლევან კვარაცხელიამ და გიორგი გუდაძემ ლევან კვარაცხელიას მამის ლადო კვარაცხელიას სახლში მიიყვანეს და ჩაკეტეს. თანაც, ისე სცემეს, რომ მან ექვსჯერ დაკარგა გონება და ძალიან სერიოზული დაზიანებები მიიღო.

ცემის მთავარ მიზნად კი აკაკი მინაშვილი იმას ასახელებდა, რომ თურმე ლაშა ბრეგვაძისგან მოითხოვდნენ, ეგინებინა ბაჩო ახალაიასთვის. ასევე, უმეორებდნენ, რომ ყველას, ვინც იბრძოდა ქურდული სამყაროს წინააღმდეგ, იგივე ბედი ეწეოდა და „სისხლს დაანთხევინებდნენ“.

მოგვიანებით შსს-მ ლაშა ბრეგვაძის საქმესთან დაკავშირებით სამი ახალგაზრდა დააკავა, რასაც საპროტესტო აქციები მოჰყვა. მოქალაქეები აპროტესტებდნენ, რომ ლაშა ბრეგვაძეს კანონის წინაშე უნდა ეგო პასუხი და მაშინ ქუჩის ანგარიშსწორება საჭირო აღარ იქნებოდა.

ჩვენ გავეცანით პატიმართა საჩივარს, სადაც აღნიშნულია, რომ მარტო ქსნის №17-ე დაწესებულებაში დირექტორის თანამდებობაზე მუშაობის დროს ლაშა ბრეგვაძემ არაერთი დანაშაული ჩაიდინა.

უფრო კონკრეტულად, 2006 წელს ბაჩო ახალაიას სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსად დანიშვნის შემდეგ ლაშა ბრეგვაძე დაინიშნა რუსთავის №6 საპყრობილის დირექტორის პირველ მოადგილედ. ამის მიზეზი ბაჩო ახალაიასთან მეგობრობა და ინტერესთა თანხვედრა იყო. ამავე რეჟიმის დაწესებულების დირექტორი იყო, ასევე, ბაჩო ახალაიას მეგობარი სანდრო ხულორდავა.

„ლაშა ბრეგვაძისა და სანდრო ხულორდავას სახელები აღნიშნულია სახალხო დამცველის აპარატის მოხსენებაში. რუსთავის №6-ე დაწესებულების კარცერში მათ მიერ გაშიშვლებულები იყვნენ მსჯავრდებულები და ასეთ დამამცირებელ და ღირსების შემლახავ მდგომარეობაში ისხდნენ კარცერში დირექტორის და მისი მოადგილეების მიერ გამოგონილი ბრალდებებით. აღსანიშნავია, რომ პატიმრები, ასევე, იყვნენ ნაწამებნი. ისინი ასეთ მდგომარეობაში აღმოაჩინა მონიტორინგის ჯგუფმა №6-ე საპყრობილის კარცერებში. ამგვარი გაშიშვლება იყო იმ დროისთვის დამკვიდრებული პრაქტიკა“, -ვკითხულობთ მსჯავრდებულების განცხადებაში.

ასევე, პატიმრები მოუწოდებენ მთავარ პროკურორს, გამოითხოვოს სრული ინფორმაცია, თუ რამდენი ადამიანის სიცოცხლე იქნა ხელყოფილი ლაშა ბრეგვაძის ჯერ პირველ მოადგილედ ყოფნის, ხოლო შემდეგ დირექტორობის პერიოდში. კერძოდ, ლაშა ბრეგვაძის როგორც №6-ე საპყრობილეში, ასევე, მე-17-ე დაწესებულების დირექტორობის დროს სიცოცხლის ხელყოფა შენიღბული იყო თვითმკვლელობებით, ან სამედიცინო დოკუმენტაციებით, თითქოს, გარდაცვლილი პატიმრები იყვნენ მძიმედ დაავადებულები.

სამედიცინო დოკუმენტაციას კი ამყარებდა სამკურნალო დაწესებულების ყოფილი დირექტორი ალექსანდრე მუხაძე და ყოფილი მთავარი ექიმი, შემდგომში სამედიცინო დეპარტამენტის თავმჯდომარე დავით ასათიანი.

პატიმრების კოლექტიური განცხადების მიხედვით ისიც ირკვევა, რომ ლაშა ბრეგვაძე ხვდებოდა №6-ე და №7-ე დაწესებულებაში მიყვანილ ყველა პატიმარს და გაუგონარი სისასტიკით ექცეოდა მის დაქვემდებარებაში მყოფ პატიმრებს, რათა ყველა პატიმარი მის ავადმყოფურ ფანტაზიებს დამორჩილებოდა.

ამდენად, პატიმრებისთვის გაუგებარია, რა მექანიზმით მოხერხდა, რომ ლაშა ბრეგვაძე სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას არ მიეცა არაერთი პატიმრის შენიღბული მკვლელობის, დაშანტაჟების მიზნით გრძელვადიანი პაემნების ოთახებში აღმოჩენილი ფარული ვიდეოგადაღებების და სხვა დანაშაულების გამო.

„ეს იყო სააკაშვილის, ბაჩო ახალაიას, ლაშა ბრეგვაძის და მისნაირების ანტიქართული კამპანიის ნაწილი. ეს ადამიანები, ასევე, ალექსანდრე მუხაძე გასამართლებულნი უნდა იყვნენ კანონის შესაბამისად. ასევე, გთხოვთ გამოიძიოთ ის ფაქტი, როცა ბაჩო ახალაიას თავდაცვის მინისტრობის პერიოდში ლაშა ბრეგვაძე და ალექსანდრე მუხაძე გადაიყვანეს თავდაცვის სამინისტროში მაღალ თანამდებობებზე. კონკრეტულად, ლაშა ბრეგვაძე გენინსპექციის უფროსად, ალექსანდრე მუხაძე კი სამხედრო ჰოსპიტლის დირექტორად, რა დროსაც დაფიქსირდა სამხედრო მოსამსახურეების რამდენიმე საეჭვო თვითმკვლელობა“, -  ამ წერილს ხელს აწერენ მსჯავრედებულები, ხვიჩა მინდიაშვილი, ზურაბ სიხარულიძე, დავით ზიბზიბაძე, ელმარ მამედოვი, ნიკა იანქოშვილი, ზაალ აბაშიძე, გივი ქსოვრელი და უამრავი სხვა პატიმარი.

შეგახსენებთ, რომ ერთი კვირის წინ ლაშა ბრეგვაძე თავდასხმის ობიექტი გახდა. აღნიშნულთან დაკავშირებით შს სამინისტრომ სამი პირი დააკავა.