დენი ყველასთვის გაიაფდა, წყალი კი მხოლოდ ბიზნესისთვის გაძვირდა. სემეკის გადაწყვეტილებამ უკმაყოფილო არავინ დატოვა, მათ შორის არც ბიზნესი, რადგან წყლის ტარიფის მატების საპირწონედ, მათ იანვრიდან იაფი ელექტროენერგია ექნებათ. შესაბამისად, ეს ორი კომპონენტი ერთმანეთს დააბალანსებს და საწარმოო ხარჯი არ გაიზრდება.
სემეკის მიერ დადგენილი ახალი ტარიფების მიხედვით, წყლის სამომხმარებლო ტარიფები უცვლელი დარჩება, ხოლო ზრდა შეეხება კომერციულ აბონენტებს. მათთვის ტარიფის ზრდა 1 კუბურ მეტრ წყალზე ასეთი იქნება: თბილისი და მცხეთა - არსებული ტარიფი არასაყოფაცხოვრებო აბონენტებისთვის 1 კუბურ მეტრზე იყო 6.5 ლარი, ახალი ტარიფით კი - 8.8 ლარი; რუსთავში არსებული ტარიფი იყო 3.7 ლარი, ახალი ტარიფით კი - 6.5 ლარი.
რაც შეეხება ელექტროენერგიის გადასახადს: 0-დან 101 კილოვატის ჩათვლით დენის ტარიფი იქნება 15 თეთრი, 101-დან 301 კილოვატამდე მომხმარებლებისთვის - 19 თეთრი, ხოლო 301 კილოვატზე მეტს ვინც მოიხმარს, ტარიფი იქნება 23.5 თეთრი.
სემეკის სხდომაზე ელექტროენერგიის ტარიფი მომდევნო სამი წლით დამტკიცდა.
ელექტროენერგიის ტარიფის შემცირებისა და წყლის გაძვირების მიზეზები სემეკის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ განმარტა. მისი ინფორმაციით, დენის ტარიფის შემცირების მთავარი საფუძველი ქვეყანაში არსებული ჰიდროლოგიური მდგომარეობა და ენგურჰესის გამომუშავების ზრდაა. შემცირებული ტარიფი მინიმუმ სამი წლის განმავლობაში იმოქმედებს.
„ტარიფის შემცირების უმთავრესი საფუძველი არის ის ჰიდროლოგიური მდგომარეობა და უხვი ნალექი, რაც ბოლო პერიოდის განმავლობაში იყო, ასევე ის, რომ რეაბილიტირებული ენგურჰესის გამომუშავება მნიშვნელოვნად არის გაზრდილი. შესაბამისად, შედარებით იაფიანი დენი, რასაც ენგურჰესი მომხმარებლებს აწვდის, გვაძლევს ამ გადაწყვეტილების მიღების საფუძველს“, - განაცხადა ნარმანიამ.
რაც შეეხება წყალმომარაგების ტარიფის ზრდას კომერციული მომხმარებლებისთვის თბილისში, რუსთავსა და მცხეთაში, ნარმანია ამბობს, რომ ეს ზრდა არის ბოლო სამი წლის ინფლაციისა და ასევე მომდევნო სამი წლის განმავლობაში საპროგნოზო ინფლაციის ოდენობის გათვალისწინებით.
„კომისიამ გეგმურად გადახედა წყალმომარაგების ტარიფებს. მოსახლეობისთვის წყალმომარაგების ტარიფები დარჩა უცვლელი როგორც თბილისში, ასევე მცხეთასა და რუსთავში. ტარიფები გაიზარდა მხოლოდ კომერციული მომხმარებლებისთვის. მნიშვნელოვანია, რომ საკმაოდ სერიოზული ინვესტიციები განხორციელდება „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მიერ როგორც დედაქალაქში, ასევე რუსთავსა და მცხეთაში. ამით მნიშვნელოვნად შემცირდება ავარიები. კომისია ყურადღებით დააკვირდება კომპანიის საქმიანობას, რომ გაზრდილი საინვესტიციო გეგმა აისახოს მოსახლეობისთვის და კომერციული სექტორისთვის წყლის მიწოდების მდგომარეობის გაუმჯობესებაში.
კომპანიის მოლოდინი იყო უფრო მეტი, თუმცა მხოლოდ ოპტიმალური გეგმა შეიცვალა და ასევე, კომისიამ 45 მლნ ლარი არ გაითვალისწინა კომპანიის ხარჯებში, რამაც საშუალება მოგვცა, მოსახლეობისთვის შეგვენარჩუნებინა შემდგომი სამი წლისთვის პრაქტიკულად უცვლელი ტარიფები. მეორე მხრივ, ამან საშუალება მოგვცა დაგვედგინა ოპტიმალური და სამართლიანი ტარიფები“,- განაცხადა დავით ნარმანიამ.
სემეკის გადაწყვეტილება ეკონომიკურ წრეშიც შეფასდა.
როგორც ეკონომისტი ვახტანგ ჭარაია მიიჩნევს, სამომავლოდ საყოფაცხოვრებო და არასაყოფაცხოვრებო ტარიფი დასარეგულირებელი იქნება.
„ტარიფი საყოფაცხოვრებო სისტემისთვის უცვლელი დარჩა და გაიზარდა არასაყოფაცხოვრებო სექტორისთვის. გასათვალისწინებელია, რომ „აქვალია“, რომელიც დარგში შემოვიდა, მნიშვნელოვანი ინვესტიციების განხორციელების გეგმითაა მოსული.
სემეკმა უნდა მისცეს შესაძლებლობა, რომ ის რთული, დიდწილად ამორტიზებული ინფრასტრუქტურა, რომელიც გვაქვს დედაქალაქში და შემოგარენში აუცილებლად უნდა განახლდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში არათუ გაუმჯობესება, არამედ წყალმომარაგების სისტემების გაუარესება არის მოსალოდნელი, როგორც წყალმომარაგების ისე წყალარინების მიმართულებით. საინვესტიციოდ „აქვალიასთან“ გზა აუცილებლად გასახსნელია, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ ტარიფის კუთხით ამან არ იქონიოს მნიშვნელოვანი ზეგავლენა მოსახლეობაზე.
ამ კუთხით იდეალური შედეგი გვაქვს, რომ ამ მიმართულებით ტარიფი არ იზრდება. თუმცა დისბალანსი საყოფაცხოვრებო და არასაყოფაცხოვრებო სექტორს შორის იყო 13-ჯერადი და კიდევ უფრო დიდი გახდა, რაც დროთა განმავლობაში დასაბალანსებელი იქნება.
ევროპული პრაქტიკა ცხადყოფს, რომ ეს ტარიფები ერთმანეთთან ახლო-ახლოსაა და ამხელა სხვაობები არ არის. ამიტომ ეს, ალბათ, სამომავლო იქნება. თუმცა მნიშვნელოვანია, რომ კომპანიას მიეცეს ინვესტიციის განხორციელების და ინფრასტრუქტურის განახლების შესაძლებლობა. ეს შესაძლებლობა კომპანიისთვის მიცემულია და, ალბათ, ტარიფის კუთხით სამომავლოდ საყოფაცხოვრებო და არასაყოფაცხოვრებო ტარიფი დასარეგულირებელი იქნება“, - განმარტა ჭარაიამ.
გადაწყვეტილებას აფასებს ბიზნესიც. მცირე და საშუალო ბიზნესს ასოციაციის შეფასებით, ელექტროენერგიის ტარიფის შემცირება იმ კომპანიებისთვის, რომლებიც წარმოებაში ძირითადად ელექტროენერგიას გამოიყენებენ, შეღავათია, თუმცა წყალმომარაგების ტარიფის ზრდა საკმაო წნეხი იქნება მათთვის, ვინც წარმოებაში წყალს მოიხმარს.
„ეს ცალსახად გამოიწვევს თვითღირებულების გაზრდას მათთვის, ვინც სასმელს აწარმოებს და წარმოებაში წყალს იყენებს. რაც შეეხება ელექტროენერგიის გაიაფებას, მაგალითად, საცხობებისთვის, ვინც ელექტროენერგიას ინტენსიურად იყენებს, ეს შეღავათი იქნება. მათ მიერ ნაწარმოები პროდუქტის თვითღირებულება უფრო შემცირდება და უფრო კონკურენტუნარიანი გახდებიან ბაზარზე“, - განაცხადა ჭელიძემ.
უფრო კონკრეტულ კომენტარს აკეთებენ მეწარმეები. „საქართველოს პურის მრეწველთა კავშირის“ თავმჯდომარის, მალხაზ დოლიძის განცხადებით, საქართველოში წყალმომარაგების ტარიფის გაზრდა კომერციული მომხმარებლებისთვის, პურის ფასზე არ იმოქმედებს. ამის საპირწონე მიზეზი ელექტროენერგიის გაიაფებაა. ეს ორი კომპონენტი ერთმანეთს აბალანსებს.
„არანაირად არ დააწვება პურის ფასს, რადგან მოგვიანებით გავიგეთ, რომ ელექტროენერგიაზე ფასმა დაიკლო. ეს ერთმანეთს აბალანსებს და არ აისახება პურის ფასზე“, - განაცხადა დოლიძემ.
სემეკის გადაწყვეტილებით კმაყოფილებას ვერ მალავენ მთავრობაში.
ეკონომიკის მინისტრის მოადგილის ვახტანგ ცინცაძის შეფასებით, ელექტროენერგიის ტარიფის შემცირება განაპირობა ქვეყნის სწორმა ეკონომიკურმა და ენერგეტიკულმა პოლიტიკამ, რომელსაც საქართველოს მთავრობა თანმიმდევრული ნაბიჯებით ახორციელებს უკვე წლების განმავლობაში
„უნდა აღინიშნოს, რომ ელექტროენერგიის ტარიფი სამომხმარებლო კალათის მნიშვნელოვანი კომპონენტია და შესაბამისად, ტარიფის შემცირება პოზიტიური ფაქტორია ინფლაციის მიზნობრივ დონეზე შენარჩუნების თვალსაზრისით, მეორე მხრივ, ეს გაზრდის მოსახლეობის მსყიდველუნარიანობას“, - აღნიშნა ცინცაძემ.
მისივე აზრით, აღნიშნული გადაწყვეტილება პოზიტიურად აისახება ასევე კერძო სექტორის საქმიანობაზე, მათ შორის, მცირე და საშუალო ბიზნესზე, რაც, მინისტრის მოადგილის თქმით, ხელს შეუწყობს წარმოების ხარჯების შემცირებას და შესაბამისად, გაზრდის ქართული ბიზნესების კონკურენტუნარიანობას როგორც შიდა, ასევე საერთაშორისო ბაზრებზე.