აღმოაჩინეს სიცოცხლისთვის ვარგისი ახალი პლანეტა

აღმოაჩინეს სიცოცხლისთვის ვარგისი ახალი პლანეტა

„ჩვენი მზის სისტემის საზღვრებს გარეთ, დედამიწიდან 20 სინათლის წლის მანძილზე, აღმოჩენილია პლანეტა, რომელიც სიცოცხლისთვის ვარგისია“, – ამ დასკვნამდე მივიდნენ. კალიფორნიის უნივერსიტეტის ქალაქ სანტა-კრუზისა და ვაშინგტონის კარნეგის ინსტიტუტის მეცნიერები.

აღმოჩენა ჰავაის შტატში დამონტაჟებული გიგანტური ოპტიკური ტელესკოპის დახმარებით დაფიქსირდა. ეს ხელსაწყო უმსხვილესად ითვლება დედამიწაზე არსებულ მსგავსი ტიპის ტელესკოპებს შორის.

სასწორის თანავარსკვლავედში აღმოჩენილ ამ ახალ ციურ სხეულს მიენიჭა დასახელება „581ჯ“. ის სამ-ოთხჯერ მძიმეა ჩვენს პლანეტაზე, ბრუნავს ვარსკვლავ „გლიზ 581-ის“ ირგვლივ. მისი ბრუნვის პერიოდი დედამიწის 37 დღე-ღამეს შეადგენს.

მის ზედაპირზე შეიძლება წყალი თხევად მდგომარეობაში იყოს, გრავიტაციის ძალის სიდიდე კი ატმოსფეროს არსებობაზე მიუთითებს.

თუ ეს დასკვნები სინამდვილეს შეესაბამება, მაშინ ლაპარაკია პლანეტაზე, რომელსაც აქვს სიცოცხლისთვის ყველაზე ოპტიმალური პირობები იმ ციურ სხეულთა შორის (რასაკვირველია, დედამიწის შემდეგ), რომლებიც დღემდეა აღმოჩენილი.