ლარმა ბოლო წლებში სტაბილურობას მიაღწია და 2024 წელსაც ასე გაგრძელდება. საარჩევნო წელს გაცვლითი კურსისადმი მთავრობა და ეროვნული ბანკი განსაკუთრებულ ყურადღებას გამოიჩენენ. შესაბამისად, ყველა ამჟამინდელი პროგნოზი საიმედოა - სავალუტო ბაზარზე რყევას არავინ ელოდება.
აქედანვე ვარაუდობენ, რომ 2024 წელსაც ლარის კურსის გამყარება და სტაბილურობაა მოსალოდნელი. ასეთი მოლოდინი აქვთ, როგორც საფინანსო ინსტიტუტებს, ისე ეკონომისტებს. „გალტ ენდ თაგარტში“ გაისად ვალუტის 2%-იან გამყარებას არ გამორიცხავენ და ამბობენ, რომ მოსალოდნელია ქვეყნის გარედან დიდი ოდენობით, სოლიდური ფინანსების შემოდინება, რაც იმის მოლოდინს აჩენს, რომ 2024 წელს ლარი სტაბილურობას შეინარჩუნებს.
„საქართველოს ეკონომიკა ზრდას აგრძელებს. ინფლაციის კლებამ, 2024 წელს, რეფინანსირების განაკვეთის შემცირების შესაძლებლობა უნდა მოგვცეს. დოლარის საგარეო შემოდინება კი ლარის სტაბილურობის საშუალებას იძლევა. ქვეყანას კიდევ უფრო ძლიერი ზრდის პერსპექტივა აქვს, ვინაიდან 2024 წელს იგი ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებით, მომხმარებელთა და ბიზნესის ნდობის გაძლიერებით იწყებს.
2023 წლის 10 თვეში საქართველოს ეკონომიკა 7%-ით გაიზარდა. ამ ზრდის უმთავრესი მამოძრავებელი ძალა კი ინვესტიციები იყო, სადაც დიდ როლს თამაშობს მყარი საგარეო შემოსავლებიც. ანგარიშის მიხედვით, 2024 წლისთვის, საინვესტიციო ბანკი ელოდება 5.4%-იან ზრდას და იმის დიდ პოტენციალს, რომ ეს მაჩვენებელი 6%-მდე მოიმატებს“, - წერია „გალტ ენდ თაგარტის“ ანგარიშში.
2024 წელს აგრეთვე არსებობს ლარის გამყარების პოტენციალი. მოსალოდნელია ქვეყნის გარედან დიდი ოდენობით, სოლიდური ფინანსების შემოდინება, რაც იმის მოლოდინს აჩენს, რომ მომავალ წელს ლარი სტაბილურობას შეინარჩუნებს, დოლართან მიმართებაში 2.70-იანი, ხოლო ევროსთან მიმართებაში 3.0-იანი კურსით. „გალტ ენდ თაგარტი“ ასევე არ გამორიცხავს ეროვნული ვალუტის 2%-იან გამყარებას.
გარკვეულწილად იგივე პროგნოზი აქვთ „თიბისი კაპიტალშიც“, ოღონდ ისინი კონკრეტული ციფრების დასახელებისგან თავს იკავებენ. როგორც ორგანიზაციის ყოველკვირეულ კვლევაშია აღნიშნული, მკვეთრი გამყარება მოსალოდნელი არ არის, მაგრამ, ზოგადად, ლარისთვის პოზიციების გაუმჯობესება გამორიცხული არ არის.
კვლევის თანახმად, ქვეყანაში წმინდა სავალუტო შემოდინებები ისეთი ძლიერი აღარ არის, რასაც ისტორიული დინამიკის გათვალისწინებით, „თიბისი კაპიტალი“ არა კლებად, არამედ ნორმალიზებად აფასებს. „ამასთან, ბოლო თვეებში გაუმჯობესება აღინიშნება. თანაც, იმ ფონზე, რომ მიგრაციამ 2023 წელს პიკს უკვე მიაღწია და, როგორც ჩანს, სამომავლოდაც ეტაპობრივი შემცირების ტენდენცია გაგრძელდება. ასევე, დაბალი ინფლაცია უკვე ფაქტია. ეს კი, ეკონომიკის ზრდის ნორმალიზებასთან ერთად ნიშნავს, რომ ლარში გაყიდვებისა და მომგებიანობის, ხელფასების მატების უფრო ზომიერი ტემპია მოსალოდნელი.
„თიბისი კაპიტალის“ შეფასებით, ნაკლებად სავარაუდოა ლარის მკვეთრი გამყარება. ამასთან, ანალიტიკოსების უმრავლესობა, მომდევნო წლებში აშშ დოლართან მიმართებით უფრო მყარ ევროზე თანხმდება. საპროცენტო განაკვეთების კუთხით, ლარის და, როგორც ჩანს, დოლარისა და ევროს შემთხვევაშიც, პიკური პერიოდები უკვე გადავლილია“ - წერია კვლევაში.
სტაბილურობას ელიან ეკონომისტებიც. ისინიც მიიჩნევენ, რომ ეროვნული ვალუტა 2024 წელს სტაბილურობას დანამდვილებით შეინარჩუნებს და შეიძლება ციტათი კიდეც გაიუმჯობესოს პოზიცია.
ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის პრეზიდენტი გიორგი კაპანაძე ვარაუდობს, რომ ლარი დაახლოებით ამ ფარგლებში იქნება, როგორც დღესაა.
„ლარის კურსი ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული და ზუსტი პროგნოზის გაკეთება რთულია, მაგრამ დღეს არსებული მონაცემებით და სხვა თანაბარ პირობებშიც, იმის არანაირი საფრთხე არ არსებობს, რომ ლარმა მყისიერად გაუფასურება, ანდა გამყარება დაიწყოს. მგონია, რომ ლარი დაახლოებით ამ ფარგლებში იქნება, როგორც დღეს არის. ყოველ შემთხვევაში, დიდი რყევის ნიშნებს ვერ ვხედავ.
ლარზე არჩევნებიც ახდენს გავლენას და სხვადასხვა ფაქტორებიც, ქვეყანაში თუ მის ფარგლებს გარეთ მომხდარი გარემოებები. მთავრობა ყველა მხრივ ეცდება, რომ კურსი სტაბილურად შეინარჩუნოს“, - განაცხადა გიორგი კაპანაძემ.
არსებობს ვარაუდი, რომ გაზაფხულამდე ეროვნული ვალუტა ნელ-ნელა გამყარებას გააგრძლებს და 2,60-2,64-ის ფარგლებში დასტაბილურდება. ამის შემდეგ კი მთავრობა და სებ-ი ყველანაირად ეცდებიან მიღწეული ნიშნული შეინარჩუნონ.