გადაზიდვები ისევ ძვირდება - პალესტინაში მიმდანარე ომმა გლობალურ ვაჭრობაში მასობრივი შეფერხება გამოიწვია

გადაზიდვები ისევ ძვირდება - პალესტინაში მიმდანარე ომმა გლობალურ ვაჭრობაში მასობრივი შეფერხება გამოიწვია

პირველად, ორ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში, ისრაელი-ჰამასის ომმა გლობალური ვაჭრობის მასობრივი შეფერხება გამოიწვია. ვითარება ამ მხრივ სულ უფრო რთულდება, ხოლო გადაზიდვა კი – ძვირდება. საქმე უკვე მიწოდებული პროდუქციის გაძვირებამდეა მისული. პრობლემები საგრძნობი გახდა ყველგან და მათ შორის საქართველოშიც.

იემენელმა ჰუსიტებმა, პალესტინელებთან სოლიდარობის გამო, ცეცხლი გაუხსნეს კომერციულ გემებს. ამის გამო უმსხვილესმა საერთაშორისო გადამზიდავმა კომპანიებმა შეაჩერეს კონტეინერების, ნავთობის, თხევადი გაზისა და სხვა საქონლის ტრანსპორტირება ევროპასა და აზიას შორის მთავარი სავაჭრო გზის გასწვრივ - წითელი ზღვის, სუეცის არხისა და ბაბ ელ-მანდების სრუტის გავლით.

ჰუსიტები, რომლებიც აკონტროლებენ იემენის დიდ ნაწილს, აქვთ ირანის მხარდაჭერა და მტრად მიიჩნევენ საუდის არაბეთს, აშშ-სა და ისრაელს. ისინი აცხადებდნენ, რომ მათი სამიზნე იყო ისრაელის სავაჭრო ფლოტი, მაგრამ გემებს, რომლებიც ისრაელთან კავშირშიც არ იყო, ასევე ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროდნენ და რაკეტებიც მოახვედრეს.

შედეგად, მსოფლიოს გემთმფლობელთა უმეტესობამ, მათ შორის გიგანტებმა MSC-მა, Maersk-მა, CMA CGM-მა, საკონტეინერო გემები აფრიკის შორ მანძილზე გადაამისამართეს.

ჰუსიტების თავდასხმებმა გაზარდა ფასები დაზღვევისა და წითელი ზღვის გემების უსაფრთხოებისთვის. შედეგად, მხოლოდ ერთ კვირაში ტვირთების ფასი 4%-ით გაიზარდა.

ტრანსპორტირებისა და დაზღვევის ახალი ხარჯები, მიწოდების შეფერხებები და რიგები პორტებში აუცილებლად გაზრდის საბოლოო მომხმარებლის ფასებს - გაძვირდება როგორც საწვავი ავტოგასამართ სადგურზე, ასევე საქონელი მაღაზიებში.

წითელ ზღვაში გახშირებული თავდასხმების გამო გადამზიდავმა კომპანიებმა მარშრუტი შეიცვალეს. ქართულ გადამზიდავ კომპანიებში ადასტურებენ, რომ ახლა უკვე სამხრეთ აფრიკის ქვეყნების გავლა უწევთ, რაც ტვირთის ადგილზე მიტანის დროს, სავარაუდოდ, ერთ თვემდე გაზრდის. შესაბამისად, მატულობს ხარჯიც.

„დაახლოებით 6000 საზღვაო მილით მეტის გავლა უწევთ გემებს. ეს სამხრეთ აფრიკის გზაა. გემმა, ფაქტობრივად, მთელი აფრიკა უნდა შემოიაროს. მოლოდინის დრო 3-დან 4 კვირამდე გაიზრდება. ის, რაც დაგეგმილი იყო, რომ მიმდინარე თვეში ჩამოსულიყო, ერთი თვით გადაიდება. დაახლოებით 2000 დოლარი ღირდა 40-ფუტიანი კონტეინერის ტრანსპორტირება ჩინეთიდან ფოთამდე, დღეს 5000-6000 დოლარია, ველით კიდევ უფრო ზრდას. საბოლოოდ, როგორც მზა პროდუქცია, ისე ნედლეული გაძვირდება“, - განუცხადა „ბიზნეს მედიას“ Kairos Logistics-ის გენერალურმა დირექტორმა, მიხეილ ნამადოვმა.

გადამზიდავ კომპანიებში არ ელიან, რომ ვითარება უახლოეს მომავალში დასტაბილურდება. შესაბამისად, მათ ნაწილს მიაჩნია, რომ ალტერნატიული გზა არის გამოსაყენებელი. ამ ალტერნატივას ისინი შუა დერეფანში, სარკინიგზო გზის მეშვეობით ხედავენ.

„რატომღაც ყველამ დაივიწყა, რომ საქართველოში არსებობს რკინიგზა, აბრეშუმის გზა, რომელიც ჩინეთიდან საქართველოში მოდის. მას შემდეგ, რაც საზღვაო ფასი დაეცა, მომხმარებელი რკინიგზას აღარ მიმართავდა, ამჯობინებდა ზღვით ლოდინს, ვიდრე მეტი ფული გადაეხადა. დაახლოებით 20-30 პროცენტით არის ძვირი რკინიგზა, როდესაც 70%-ით იყო ძვირი. თუ ეს ასე გაგრძელდა, არ გამოვრიცხავ, რომ საზღვაო გადაზიდვები კიდევ გაძვირდეს. ამ შემთხვევაში ორი ვარიანტი რჩება: საჰაერო, რომელიც კიდევ უფრო ძვირია და რკინიგზა. ის სატრანზიტო დროის მხრივაც უფრო მარტივია. დარწმუნებული ვარ, ეს ალტერნატივა აღდგება და რკინიგზაზე მოთხოვნა გაიზრდება“, - განაცხადა ლოგისტიკური კომპანია SKYLOG-ის დამფუძნებელმა, გიორგი ზუმბაძემ.