დღეს დილით გამოცემამ „Marca” გაავრცელა ცნობა, რომ უელსის ეროვნული გუნდისა და მადრიდის „რეალის“ 24 წლის ნახევარმცველმა გარეთ ბეილიმ მუხლის ტრავმა საბოლოოდ მოიშუშა და თავისი გუნდის უახლოეს შეხვედრაში ძირითად შემადგენლობაში იასპარეზებს.
ესპანეთის პირველობის მორიგ ტურში „სამეფო გუნდი“ კატალონიის დედაქალაქს ეწვევა და ადგილობრივ „ბარსელონას“ დაუპირისპირდება. ცნობილი გახდა რომ ბრიტანელი „კამპ ნოუს“ სტადიონზე „რეალის“ სასტარტო შემადგენლობაში აუცილებლად იქნება.
„ესპანეთში გადაბარგების შემდეგ მუხლის ტრავმა მაწუხებდა და ახალ გუნდს სრულფასოვნად ჯერ ვერ დავეხმარე. საბედნიეროდ ამჯერად სრულ მზადყოფნაში ვიმყოფები და „რეალის“ გულშემატკივრები ჩემს შესაძლებლობებში მალე დარწმუნდებიან.
ორ დღეში მორიგი „ელ კლასიკო“ გველის და ამ მატჩისთვის განსაკუთრებულად ვემზადები. გუშინ კარლო ანჩელოტის ვესაუბრე. მწვრთნელი დამპირდა რომ „რეალის“ ძირითად შემადგენლობაში ვიასპარეზებ. დარწმუნებული ვარ რომ კატალონიიდან სამ ქულას წამოვიღებთ“. - განაცხადა გარეთ ბეილიმ.