ჯანდაცვის სამინისტროსა და ფარმაცევტულ კომპანიებს შორის დაპირისპირებს ახალი ეტაპი იწყება. ამჯერადაც საქმე მედიკამენტების ფასებს და გარკვეულ მანიპულაციებს ეხება. ბრალდება სერიოზულია და საქმეში ჩართვას კონკურენციის სააგენტო აპირებს.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მედიკამენტები, რომლებზეც რეფერენტული ფასი ჯერ არ მოქმედებს, აფთიაქებში, იმპორტის ფასთან შედარებით, 32-ჯერ ძვირად, ზოგ შემთხვევაში 1000%, 2000% და 3000%-იანი ფასნამატით იყიდება.
„აღსანიშნავია ისიც, რომ მედიკამენტებს, დიდ ფარმაცევტულ ქსელებში, თითქმის, იდენტური ფასი აქვს. ჭარბი ფასნამატი და ფასების ერთმანეთთან თანხვედრა აჩენს საფუძვლიან ეჭვს, რომ ადგილი აქვს ფარმაცევტულ კომპანიებს შორის არაკეთილსინდისიერ შეთანხმებას და დომინირებული მდგომარეობის არასათანადოდ გამოყენებას.
ჯანდაცვის სამინისტროსთვის მიუღებელია წამლების ფასის ხელოვნური ზრდა. არსებული არასამართლიანი ფასებითა და არაჯანსაღი კონკურენციით, სექტორი მაქსიმალური მოგების უზრუნველყოფის მიზნით, აზარალებს მოქალაქეებს. ნათელია, რომ მედიკამენტებზე არ ხდება თავისუფალი ფასწარმოქმნა, ბაზარზე მოქმედ დიდ ეკონომიკურ აგენტებს შორის, შეთანხმების საფუძველზე იზღუდება ჯანსაღი კონკურენცია.
მსხვილი ფარმაცევტული კომპანიების მიერ, წარმოებული საფასო პოლიტიკა კარტელური გარიგების ნიშნებს შეიცავს. შესაბამისად, საკითხის შესწავლის მიზნით, ჯანდაცვის სამინისტრო კონკურენციის ეროვნულ სააგენტოს მიმართავს, რომელსაც ყველა საჭირო დოკუმენტს გადასცემს.
საზოგადოების ინფორმირებისთვის განვმარტავთ, რომ აღნიშნულ მედიკამენტებზე, უახლოეს მომავალში, სახელმწიფო სამართლიან, რეფერენტულ ფასებს (ფასის ზედა ზღვარს) დააწესებს, რომელზე მაღალ ფასადაც მათი გაყიდვა აიკრძალება“, - აღნიშნულია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სამინისტროს ბრალდებას მალევე მოჰყვა გამოხმაურება და კომენტარები. ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენელთა ასოციაციის დირექტორი ირაკლი მარგველაშვილის აზრით, კვლევა აუცილებლად უნდა ჩატარდეს და მხოლოდ ამის მერე გაირკვევა, რამდენად მასშტაბურია პრობლემა.
„ერთია, რომ აღნიშნული მედიკამენტები, რომლებიც ჯანდაცვის სამინისტრომ წარმოადგინა, ალბათ, მართლაც იყიდება ასეთი ფასნამატით, რადგან ინფორმაცია, დიდი ალბათობით, გადამოწმებულია. მეორეა ის, თუ რამდენად მასშტაბურია ეს თემა.
ჩვენს ასოციაციაში არის 19 ტიპის მწარმოებელი, მათი პროდუქცია შეადგენს ფარმაცევტული ბაზრის დაახლოებით მესამედს, შესაბამისად, მათი ფასნამატები იწყება 5%-დან და არ აღემატება 25%-ს.
სიაში, რაც დღეს გამოქვეყნდა, სადაც არის ინდური, უზბეკური წარმოშობის წამლები, ფასნამატს რომ შევხედვათ და მათემატიკურად რომ დავითვლით, ჩნდება კითხვა: რა მედიკამენტია ასეთი, რომელსაც თავისი ფასი 10 თეთრი აქვს და 35 ლარად იყიდება? აქ ხარისხზეც მაქვს მე კითხვა, შესაბამისად, ეს საკითხი უფრო ღრმა ანლიზს და კვლევას მოითხოვს. კითხვებს პასუხი უნდა გაეცეს“, - განაცხადა მარგველაშვილმა.
ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენელთა ასოციაციის დირექტორი მიიჩნევს, რომ კონკურენციის სააგენტოს მხრიდან მოკვლევის დაწყება კარგია, მაგრამ ჯანდაცვის სამინისტროსაც უნდა ჰქონდეს იმ მედიკამენტებზე აქცენტი, რომლებიც ასეთი ფანსამატით იყიდება და მათ ხარისხობრივ გადამოწმებაზეც უნდა იყოს ლაპარაკი.
„მთავარი ამ ამბავში ის არის, რომ საქართველოში ფასნამატი არ რეგულირდება, არც რეფერენტული ფასი არ რეგულირდება. თუკი რეფერენტული ფასი არეგულირებს მაქსიმალურ საბითუმო ფასს, მანამდე რამდენი აქვს დამატებული პროცენტი, ეს არ რეგულირდება და ეს დარღვევაც არ არის. დარღვევა არის იმ შემთხვევაში, თუ რამდენიმე კომპანია შეთანხმდება, რომ მაღალი ფასი დაიჭირონ - ეს არის ის, რაზეც კონკურენციის სააგენტომ პასუხი უნდა გაგვცეს. რატომ არის საერთოდ ასეთი მედიკამენტები მოთხოვნადი? ფაქტია, ვიღაც ზრდის მასზე მოთხოვნას - ბევრი სხვა პრობლემაა, რომელიც ამ ინფორმაციამ გამოაჩინა და თითოეული მათგანი შემდგომ კვლევას საჭიროებს“, - განაცხადა ირაკლი მარგველაშვილმა.
კონკურენციის სააგენტომ კი უკვე მზადაა კონკრტული ნაბიჯების გადასადგმელად და ფარმაცევტულ ბაზარზე მოკვლევის დასაწყებად. როგორც უწყების მიერ გავრცებეულ განცხადებაშია აღნიშნული, სააგენტო დეტალურად გაეცნობა სამინისტროს მიერ მოწოდებულ ინფორმაციას და განხილული იქნება ცალკეულ მედიკამენტებთან არსებული ფაქტობრივი გარემოებები.
„გონივრული ეჭვის არსებობის შემთხვევაში, სააგენტომ შესაძლებელია დაიწყოს მოკვლევა ბაზარზე შესაძლო შეთანხმებული ქმედების და დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენების მიმართულებით, კერძოდ მომხმარებლისთვის (პაციენტისთვის) ჭარბი ფასის დაწესების კუთხით“,- აღნიშნულია განცხადებაში.
ფარმაცევტული კომპანიების მხრიდან ჯერჯერობით განცხადება კომპანია „პეესპემ“ გააკეთა და წარმოადგინა დასაბუთება, სადაც აღნიშნულია, რომ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაცია არასწორია და ჩამოთვლილ მედიკამენტებზე მარჟები 29%-ს არ აღემატება.
მათი თქმით, ჯანდაცვის სამინისტრომ სააფთიაქო ქსელებთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ გამოაქვეყნა არაზუსტი ინფორმაცია, რითაც შეცდომაში შეიყვანა მოსახლეობა.
„დღეს საქართველოში 50-ზე მეტი GDP-ს სერტიფიცირებული დისტრიბუტორი კომპანია და 100-ზე მეტი ბროკერი ოპერირებს, რომლებიც ე.წ. „დიდი ფარმაცევტული ქსელების“ მომწოდებლები არიან.
2023 წლის დასაწყისიდან ყველა ფარმაცევტული კომპანია ჩართულია სავალდებულო ჯანდაცვის ელექტრონულ სისტემაში, რაც სამინისტროს საშუალებას აძლევს მედიკამენტის იმპორტიდან საბოლოო მომხმარებლამდე, ყველა ტრანზაქციაზე განახორციელოს კონტროლი, თუმცა მიზანმიმართულად ავრცელებს მცდარ ინფორმაციას და თვისი განცხადებით პირდაპირ ადანაშაულებს „დიდ ფარმაცევტულ ქსელებს“ არაჯანსაღ კონკურენციასა და კარტელურ გარიგებაში.
ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დღეს გამოქვეყნებული მედიკამენტების ჩამონათვალიდან მხოლოდ ერთი მედიკამენტი (დიოვანი) არის „პეესპეს“ მიერ იმპორტირებული. ყველა დანარჩენს შესყიდულია ადგილობრივი მომწოდებლებისგან. „დიოვანის“ ფასნამატი 26%-ია, ხოლო ყველა დანარჩენ მედიკამენტზე არა 3000%, არამედ მარჟა 29%-ს არ აღემატება;
რეფერენტული ფასების აუცილებლობაზე „პეესპეს“ მხრიდან წლების განმავლობაში არაერთხელ ყოფილა განცხადება გაკეთებული და კიდევ ერთხელ ვადასტურებთ აღნიშნულის აუცილებლობას. გარდა იმისა, რომ ეს მოგვცემს შესაძლებლობას მომწოდებლებისგან მივიღოთ უფრო დაბალი შესასყიდი ფასი, იმავდროულად ჯანდაცვის სამინისტროს მოუსპობს შესაძლებლობას გაავრცელოს არაზუსტი ინფორმაციები“, - აღნიშნულია კომპანიის განცხადებაში.