დავალიანების განულების შემდეგ სტატუსშეჩერებული სტუდენტებიდან ჯერ მხოლოდ 13% მიუბრუნდა სწავლას

დავალიანების განულების შემდეგ სტატუსშეჩერებული სტუდენტებიდან ჯერ მხოლოდ 13% მიუბრუნდა სწავლას

დავალიანების განულების შემდეგ 4000 სტუდენტი უკვე დაუბრუნდა აუდიტორიებს. ეს სტატუსშეჩერებულთა საერთო რაოდენობის მხოლოდ 13,5%-ია. აღდგენის პროცესი ჯერ კიდევ გრძელდება და ეს მაჩვენებელი გაიზრდება, მაგრამ გარკვეული რაოდენობა მაინც არ გააგრძლეებს სწავლას. ფინანსური მდგომარეობის გარდა, მიზეზი შესაძლოა, ბევრი სხვა რამ იყოს.

განათლების და მეცნიერების მინისტრის მოადგილის, ნოდარ პაპუკაშვილის განცხადებით, სტატუსშეჩერებული სტუდენტების დავალიანებები თითქმის სრულად განულდა. კერძო უნივერსიტეტები თითქმის სრულად დაკონტრაქტებულია.

„მნიშვნელოვანია, სტატუსშეჩერებული სტუდენტებისთვის დავალიანებების ე.წ. განულება, სადაც ჩვენ სხვადასხვა მიდგომა გვაქვს გამოხატული, კერძო და საჯარო უნივერსიტეტების მიმართ. პროცესი დასრულების ეტაპზეა. ყველა სტუდენტს მიეცემა შესაძლებლობა, ვისაც სურვილი აქვს, აღიდგინოს სტატუსი და ისწავლოს. 40 მილიონი დავალიანება განულებულია. კერძო უნივერსიტეტები უკვე დაკონტრაქტდა და შესაბამის კომპენსაციას მიიღებენ. ვისაც სწავლა უნდა მობრძანდეს და ისწავლოს“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

საქართველოს მთავრობამ სტატუსშეჩერებული სტუდენტებისთვის დავალიანების ჩამოწერის შესახებ დაახლოებით 2 თვის წინ გააკეთა განცხადება. მათი ვარაუდით ამ ნაბიჯით 30 000-მდე სტუდენტი უმაღლეს სასწავლებლებში დაბრუნდებოდა, მაგრამ რეალობა სხვაგვარი აღმოჩნდა.

დეპუტატმა თინა ბოკუჩავამ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსგან გამოითხოვა ინფორმაცია სტატუსშეჩერებული სტუდენტების სასწავლებლებში დაბრუნების სტატისტიკის შესახებ.

მიღებული პასუხების თანახმად, ახალი პროგრამის ფარგლებში სწავლის გაგრძელების გადაწყვეტილება ჯერ 4 000-მდე სტუდენტმა მიიღო, რაც მთლიანად სტატუსშეჩერებული სტუდენტების 15%-ზე ნაკლებია, თუმცა აღსანიშნავია ისიც, რომ სტუდენტის სტატუსის აღდგენის პროცესი მიმდინარეა და ჯერ არაა დასრულებული.

„საქართველოს მთავრობის 2023 წლის 3 ოქტომბრის №378 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ფინანსური დავალიანების მქონე სტატუსშეჩერებული სტუდენტების სწავლის ხელშეწყობის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების წესის“ მე-2 მუხლის საფუძველზე ფინანსური დავალიანება ჩამოეწერა 30 000 - მდე სტუდენტს. 2023 წლის 27 ნოემბრის მდგომარეობით ფინანსური დავალიანების ჩამოწერის შემდგომ სტატუსი აღიდგინა 4000-მდე სტუდენტმა.

აქვე აღსანიშნავია, რომ ამავე დადგენილების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად სტუდენტი, რომელსაც ამ წესის შესაბამისად ჩამოეწერება ფინანსური დავალიანება, უფლებამოსილია, აღიდგინოს სტუდენტის სტატუსი სტატუსის შეჩერებიდან 5 წლის განმავლობაში. ამდენად, აღნიშნული პროცესი მიმდინარეა“, - ნათქვამია დეპუტატისადმი გაგზავნილ განათლების სამინისტროს პასუხში.

უნივერსიტეტები, რომლებმაც უკვე მოაწერეს ხელი შესაბამის მემორანდუმს, აცხადებენ, რომ მთავრობის შეთავაზება მათთვის მისაღები აღმოჩნდა იმდენად, რამდენადაც ეს იყო მიუღებელი თანხები, თუმცა არც იმას გამორიცხავენ, რომ სტატუსშეჩერებული სტუდენტების ნაწილს მთავრობის ამ გადაწყვეტილების გარეშეც დაეფარათ დავალიანება. გარდა ამისა, ისინი ყურადღებას ამახვილებდნენ სწორედ იმ ფაქტზე, რომ ყველა სტუდენტი არ დაუბრუნდებოდა სასწავლო პროცესს, რადგან ეს მხოლოდ ფინანსურ საკითხებს არ უკავშირდება. ახალგაზრდების გადაწყვეტილებებზე ბევრი სხვა ფაქტორიც ახდენს გავლენას.

„ჩვენ ჩავერთეთ ამ პროგრამაში და მხარს ვუჭერთ სტუდენტები დაუბრუნდნენ სასწავლო გარემოს. ჩვენთან სტატუსშეჩერებული სტუდენტები ძალიან ცოტანი არიან, რადგან ჩვენ, ძირითადად, ორიენტირებული ვართ საერთაშორისო ბაზარზე და 4 500-მდე უცხოელი სტუდენტი გვყავს.

პროექტს მივესალმებით, რადგან სტუდენტები უბრუნდებიან სასწავლო გარემოს. ინიციატივა არის კარგი, თუმცა შეძლებენ თუ არა სტუდენტები სწავლის გაგრძელებას, ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული. მხოლოდ სწავლის გადასახადი არ არის... შესაბამისად, არ მაქვს კითხვაზე პასუხი, ყველა სტუდენტი დაბრუნდება თუ არა ან რა პროცენტი დაბრუნდება ამის თქმა რთულია“, - აცხადებდა ცოტა ხნის წინ „ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის“ რექტორი, გიორგი ბარკალაია.

მისი თქმით, ის თანხა, რასაც სახელმწიფო უნივერსიტეტებს სტუდენტების დავალიანებაში უხდის, ფაქტობრივად, დაკარგული შემოსავალი იყო.

„შეიძლება 5 წელი გავიდეს და სტუდენტი დაუბრუნდეს უნივერსიტეტს, გამორიცხული არაფერია. მაგრამ ყოველ წელს მცირდება იმის შანსი, რომ სტუდენტი დაბრუნდეს. შანსი, რა თქმა უნდა, იყო, ეს სტუდენტი დაბრუნებულიყვნენ, თუმცა სტუდენტის დაბრუნების შანსი, რომელიც სამ წელიწადზე მეტია წასული უნივერსიტეტიდან და არ იხდის სწავლის საფასურს, დაბალი იყო“, - განუცხადა „ბიზნეს მედიას“ ბარკალაიამ.

ლაზი თუ ამ ქვეყანაში რაიმე არის უცვლელი და იაფი, ეს სწორედ სტუდენტის სწავლის გადასახადია, რომელიც 15 წელია არ შეცვლილა. ყველაფერი 2-3 ჯერ გაძვირდა, სტუდენტობა უკვე 1,5 საშუალო ხელფასი ღირს.
ამ ქვეყანაში, ყველაზე ძვირფასი - განათლება, ჩალის ფასია.
არ შეუწყვეტია მაგ ახალგაზრდების უმრავლესობას სტატუსი გადახდის უუნარობის გამო და იმიტომაც არ მიაწყდენ უნივერსიტეტებს.
აღარ უჭირთ დღეს მაგ თანხის გადახდა, სხვა რამეშია საქმე.
შემოიღეთ საგანმანათლებლო სტანდარტები ყველა სპეციალობისათვის და დაავალდებულეთ უნივერსიტეტებს მათი შესრულება. აკრედიტაციამ უნდა აკონტროლოს სახელმწიფო სტანდარტების შესრულება და არა თვითშემოქმედება, რომლის საზომი ჯერ არავის გამოუგონია.
აკადემიური თავისუფლება, მხოლოდ სასწავლო პროგრამის 25%-ის ფარგლებში, დანარჩენი სახელმწიფო სტანდარტების მიხედვით.
სწავლის გადასახადი თითონ დაადგინონ უნივერსიტეტებმა, რაც უზრუნველყოფს კონკურენტული გარემოს შექმნას.
გააუქმეთ მისაღები გამოცდები და ნახავთ რომ უნივერსიტეტში მხოლოდ ისინი მივლენ ვისაც სწავლა უნდა.
დღეს პრესტიჟული, სწავლა კი არა, მისაღები გამოცდების ჩაბარებაა.
ყველა ჯგუფში, 20% უფასო ადგილი, არა სახელმწიფო დაფინანსებით, არამედ 80%-ის გადახდილის ხარჯზე. ნახავთ რა კონკურენცია გაჩაღდება სტუდენტებს შორის. მკვეთრად გაიზრდება აკადემიური მოსწრება, რადგან ყველა იბრძოლებს იმ 20%-ისათვის.
არანაირი ხელშეწყობა და წახალისება სტუდენტთა დასაქმებას. ნებისმიერი მუშაობა სწავლასთან შეუთავსებელია.
დანარჩენები, როცა დაინახავენ რომ, სტუდენტობა მარიაჟობიდან საქმედ გადაიქვევა, უნივერსიტეტს არ გაეკარება. ახლა უმრავლესობა, ფულს მარიაჟობაში და გერმანიაში სამუშაოდ წასავლელი, სტუდენტის სტატუსში იხდის.
ყველა მონახავს თავის გზას და ყველაფერი დადგება თავის ადგილზე.
4 თვის უკან