„ქართველთა გენოციდის აღიარების შემდეგ აფხაზებსაც უნდა გავაგებინოთ, რომ რუსებმა მათ მუჰაჯირობა მოუწყვეს“

„ქართველთა გენოციდის აღიარების შემდეგ აფხაზებსაც უნდა გავაგებინოთ, რომ რუსებმა მათ მუჰაჯირობა მოუწყვეს“

ყოველთვის, როცა მთელი სამყარო ირაზმება რუსეთის წინააღმდეგ, საქართველოში აქტიურდებიან ადამიანები, რომლებიც მოითხოვენ, რომ შანსის ხელიდან გაშვება არ შეიძლება და საქართველომ რუსეთი ქართველთა გენოციდში უნდა ამხილოს მსოფლიოს წინაშე. ასეთი გააქტიურება შეინიშნებოდა ბუჩის ტრაგედიის დროსაც, როცა რუსული სიმხეცით გაოგნებული დასავლეთი ნელ-ნელა გამოფხიზლდა და ბუჩაში დაინახა ის, რაც 1992-93 წლებში აფხაზეთში „გამორჩა“ მხედველობიდან, ასევე, „გამორჩა“ აგვისტოს ომის დროს და, მთლიანობაში, რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის 200-წლიან პერიოდში.

საქართველოში კარგა ხანია, გამოჩნდა პეტიცია, სახელწოდებით, „იმოქმედე გენოციდის აღიარებისთვის“. საუბარია რუსეთის მიერ აფხაზეთში დატრიალებულ უბედურებაზე. პეტიციის თანახმად, აფხაზეთში მომხდარი დანაშაულის მასშტაბი და ხასიათი ეთნიკურ წმენდას სცილდება და გენოციდად კლასიფიცირდება.

როგორც ცნობილია, რუსეთის მიერ ბუჩაში, ირპენში, გოსტომელსა და უკრაინის სხვა ქალაქებში ჩადენილი ომის დანაშაულები გენოციდად უკვე შეფასდა აშშ-ის პრეზიდენტისა და მსოფლიოს არაერთი ლიდერის მიერ. ესტონეთის, ლატვიის, ირლანდიის, კანადისა და ჩეხეთის პარლამენტებმა უკრაინელთა გენოციდი ოფიციალურადაც აღიარეს.

სულ ახლახანს საქართველოს პარლამენტშიც გახმიანდა მოთხოვნა ქართველთა გენოციდის აღიარების შესახებ, ვინაიდან არსებობს დიდი რაოდენობით დოკუმენტური მასალა, რომელიც ადასტურებს რუსეთის სახელმწიფოს მიერ ეთნიკური ქართველების მიმართ განხორციელებულ გენოციდს 1992-93 წლებში. საქართველოს პროკურატურაში გახსნილია და თაროზე დევს 25 ათასი ასეთი საქმე, ანუ აფხაზეთში ჩადენილი დანაშაულები.

გაიხსნა თუ არა შესაძლებლობა საერთაშორისო ასპარეზზე აფხაზეთში ქართველთა გენოციდის აღიარების კამპანიის დასაწყებად და რას მოგვიტანს ეს ნაბიჯი აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების მშვიდობიანი დაბრუნების თვალსაზრისით?

ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე მიიჩნევს, რომ ქართველთა გენოციდის ფაქტის წინ წამოწევა, ალბათ, მაინც ღირს, ოღონდ ეს არ უნდა დაბრალდეს აფხაზებს, რადგან აფხაზეთის ომში რეალურად რუსეთი მონაწილეობდა. ამავდროულად, გამოძიებულ უნდა იქნას აფხაზთა გენოციდის საკითხიც რუსეთის ხელით. ეთნიკურ აფხაზებს ჩვენ უნდა შევახსენოთ, ვინ არის აფხაზების ნამდვილი მტერი და მოყვარე.

„აფხაზთა გენოციდი, რომელიც მუჰაჯირობის სახელითაა ცნობილი, პირველად 1853-56 წლებში ყირიმის ომის დროს მოხდა და მეორედ უკვე 1877-78 ებში რუსეთ-თურქეთის მორიგი ომის დროს. ამ პერიოდში სხვადასხვა მონაცემებით, ასი ათასზე მეტი ეთნიკური აფხაზი გადაასახლეს რუსებმა. თავის დროზე საქართველოს პარლამენტმა ცნო ჩერქეზთა გენოციდი, ასევე, ქართველებმა უნდა ვცნოთ აფხაზთა გენოციდი რუსეთის მხრიდან“, - აცხადებს ნიკა ჩიტაძე for. ge-სთან საუბრისას.

რაც შეეხება ქართველთა გენოციდს აფხაზეთში, ანალიტიკოსის განმარტებით, აქ არ უნდა იყვნენ ნახსენები სეპარატისტები, უნდა ვთქვათ, რომ ქართველთა გენოციდი განხორციელდა რუსეთის მიერ, რომელიც აფინანსებდა გარკვეულ ტერორისტულ დაჯგუფებებს ჩრდილოეთ კავკასიაში. ჩვენ უნდა ვეცადოთ, ქართველთა გენოციდი აფხაზებს კი არ დაბრალდეს, არამედ ნამდვილ დამნაშავეს - რუსეთს. აფხაზები ცალკე ვერ განახორციელებდნენ ქართველთა გენოციდს და იმ ომში ვერ გაიმარჯვებდნენ, თუ ამას გამარჯვება ჰქვია 1992-93 წლებში, რომ არა რუსეთი. საქართველო დაამყარებდა კონტროლს საკუთარ ტერიტორიაზე - აფხაზეთზე და უკეთესი მდგომარეობა იქნებოდა.

გენოციდის აღიარება საჭიროა, მაგრამ, ამავდროულად, ნიკა ჩიტაძე არ გამორიცხავს საშიშროებას, რომ სიმართლის თქმისა და რუსეთის მხილების შემთხვევაში, რუსეთმა არ გამოხატოს საქართველოს მიმართ აგრესია. ამის თავიდან ასაცილებლად ერთი გზაა, საქართველოს პარლამენტმა ამ ეტაპზე ოფიციალურად კი არ უნდა მიიღოს დადგენილება გენოციდის შესახებ, არამედ ქართულმა საზოგადოებამ ეთნიკურ აფხაზებს უნდა მიაწოდოს რეალური ინფორმაცია აფხაზთა გენოციდის შესახებ.

„ცხადია, რუსეთს ომს ვერ დავუწყებთ აფხაზეთში, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, საინფორმაციო ბერკეტი გვაქვს აფხაზურ საზოგადოებასთანაც და ცხინვალის რეგიონის მაცხოვრებლებთანაც. ცხინვალში უნდა მივაწოდოთ ინფორმაცია, თუ როგორ იყო ოსთა უფლებები საქართველოში დაცული, კომუნისტური მმართველობის დროს სკოლების 60% ოსური იყო ცხინვალის რეგიონში. ჩრდილოეთ ოსეთის მაშინდელ დედაქალაქ ორჯონიკიძეში (ახლანდელ ვლადიკავკაზში) კი არც ერთი ოსური სკოლა არ იყო, ოსური გენოფონდი ნადგურდებოდა, ფაქტობრივად, რუსიფიკაცია მიმდინარეობდა“, - აღნიშნა ნიკა ჩიტაძემ.

ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე იხსენებს, როგორ სიტუაციაში გამოაცხადეს ცალკეულმა ქვეყნებმა გენოციდი. თორემ ასე გენოციდიო რომ ვიძახოთ, არაფერს ნიშნავს, თუ არ აღიარებს ყველა დანარჩენი ქვეყანა.

„გენოციდის აღიარებას უამრავი მასალის შესწავლა სჭირდება. მახსოვს, შევარდნაძის დროს 90-იან წლებში ქართველთა ეთნიკურ წმენდასთან დაკავშირებით ბუდაპეტში მიღებულ იქნა სპეციალური რეზოლუცია, რომლის თანახმადაც, ეთნიკური წმენდა მოეწყო აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში. ახლაც ქართველთა ეთნიკურ წმენდაზე შეიძლება ყურადღების გამახვილება, გენოციდის აღიარებას კი რამდენი ხანია, ცდილობდნენ სომხები თურქებთან დაკავშირებით. რუსეთი რომ ოკუპანტია, ამის შესახებ ორი აზრი არ არსებობს, რუსეთს ოკუპირებული აქვს ჩვენი ტერიტორიები, მაგრამ გენოციდი ნიშნავს ხალხთა აბსოლუტურ ჟლეტას“, - აცხადებს ედიშერ გვენეტაძე ჩვენთან საუბრისას.

ანალიტიკოსის აზრით, ასეთი საკითხების თავიდან წამოჭრა რუსეთთან კონფრონტაციაში შესვლას ნიშნავს, ჩვენ კი გვინდა, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის საკითხი დადებითად გადაწყდეს და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა აღდგეს. ამისთვის რუსეთთან მოლაპარაკება მოგვიწევს, მოლაპარაკების გარეშე არც ერთი საკითხი არც ერთ დროში არ გადაწყვეტილა.

ედიშერ გვენეტაძის შეფასებით, გარკვეულ წრეებს, როგორც ოკეანის გაღმა, ისე გამოღმა არ აწყობთ ურთიერთობების დათბობა საქართველოსა და რუსეთს შორის თავისი გეოპოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე. ამ ინტერესების გამო აღნიშნულ ძალებს სურთ, საქართველო მუდამ ჰყავდეთ ცხელ წერტილად, რომლითაც ყოველთვის წაუსისინებენ რუსეთს, როდესაც დასჭირდებათ. ერთ დღესაც, ღმერთმა ნუ ქნას, გაუთვალისწინებელი რამ მოხდეს და რუსეთმა აგრესია გამოხატოს, ეს წრეები მხოლოდ შეშფოთდებიან და აღშფოთდებიან დასავლეთში. ეს იქნება ჩვენი ტერიტორიების საბოლოო ოკუპაცია და ქართველი ერის ფიზიკური საფრთხის წინაშე დაყენება.

„ვნახოთ, რას ლაპარაკობენ ჩვენი დასავლელი მეგობრები, მართალია, ამდენი ხალხი დაიღუპა უკრაინაში, 300 ათას დაღუპულიაო, მაგრამ როგორ გავუწიოთ უკრაინას დახმარება, როცა ჩვენი ეკონომიკა მცირდებაო. ბლინკენმა თქვა ეს ორი დღის წინ. ამავე დროს, რუსეთში ლაპარაკობენ, რომ ამ ომის შედეგად რუსეთის ეკონომიკა 2,7%-ით გაიზარდა. ეს არის ე.წ. პროქსი ომი უკრაინაში, პროქს ქვეყნად უნდათ საქართველოს გამოყენებაც. ასეთ დროს, მსოფლიოს გაყოფისას, ვეშაპების ბრძოლისას, გადარჩენას უნდა ვეცადოთ, რომ რომელიმე მათგანის ხახაში არ აღმოვჩნდეთ. თუმცა ისიც ფაქტია, რომ ის ვეშაპები ჩვენისთანა პატარა ქვეყანაში აფინანსებენ ისეთ ნაძირლებს, როგორებიც არიან ხაბეიშვილები, წითლიძეები, ჭიჭიკო ვაშაძეები, პატიკო მანჯგალაძეები“, - აცხადებს ედიშერ გვენეტაძე.

 

trampi როგო ყველა ჩლუნგი ჩვენ გვიტრაკებს
ეს ჩლუნგი აფხაზები რატო იმას ვერა ხვდებიან რომ მეფის რუსეთში ქართველებს არავინ არფერს არ გააატრაკებინებდა??
და რომ ის ყველაფერი რუსებმა მოუწყვეს?
ნუთუ მარტლა სჯერათ ამ სისულელის?/
თუ უბრალოდ რუსების მოგონილ ამ ლეგენდას ჩვენ წინააღმდეგ სამარიოაჟოდ იყენებენ.??..
1 წლის უკან
Aburjga Tasmanieli ადმინ სად გააქრეთ ჩემი კომენტარი? რა ხდება, სიმართლე აღარ მოგწონთ, სიტყვის თავისუფლებაა მხოლოდ ისეთის რომელიც თქვენ მოგწონთ?! თუ უკვე ევროკავშირში ხართ?! უი ეშმაკს და სატანისგტების კავშირს, ევროკავშირად წოდებულს!
1 წლის უკან