ანალიტიკოსები უკვე იმ სცენარს განიხილავენ, რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუკი უკრაინა რუსეთთან ომში დამარცხდება?! ვის დაბრალდება მარცხი - დასავლეთს, რომელსაც უკრაინის დახმარება ყელში ამოუვიდა და ფუფუნების რეჟიმიდან გამოსვლა არ ისურვა, თავად ზელენსკის გარემოცვას, რომელიც კორუფციაშია ჩაფლული და დასავლეთიდან მიღებულ დახმარებას სათავისოდ ინაწილებს, თუ საქართველოს, რომელმაც არ გახსნა მეორე ფრონტი და 40-მილიონიან უკრაინას არ „წაეშველა“?!
უკრაინაში რუსეთის შეჭრისას დასავლელი ანალიტიკოსები ითვლიდნენ, რამდენ დღეს გაუძლებდა უკრაინა რუსეთის მოგერიებას. მათდა გასაოცრად, უკრაინამ დიდი ხნის განმავლობაში გაწია წინააღმდეგობა. ახლაც დასავლელი ანალიტიკოსები ითვლიან, მაგრამ ითვლიან არა უკრაინის გამარჯვებამდე დარჩენილ დღეებს, არამედ იმას, ამერიკის და დასავლეთის დახმარების გარეშე უკრაინა რამდენ ხანში დამარცხდება და შეწყვეტს წინააღმდეგობას.
„სიენენი“ პირდაპირ ამბობს, რომ დასავლელი მაღალჩინოსნები შეშფოთებულნი არიან უკრაინის დაფინანსების საკითხთან დაკავშირებით კონგრესის გადაწყვიტილებით, რადგან სამხედრო დახმარებაში არსებული ხარვეზები უკვე აისახა ომის მიმდინარეობაზე და რუსული ძალები გაცილებით ინტენსიობით ისვრიან, ვიდრე უკრაინელები.
უშუალოდ უკრაინაშიც გრძნობენ, რომ უკრაინის დახმარების ეიფორიამ მსოფლიოს გადაუარა და ველურ დასავლეთს ისევ ოქროს ციებ-ცხელება მოედო. ამდენად, პრაგმატულმა დასავლეთმა უკრაინელები შეიძლება რუსებს შეატოვოს.
„დადგა დრო, საფასური გადავიხადოთ ჩვენი სულელობისთვის, ჩვენთვის ეს კატასტროფას ნიშნავს“, -აცხადებს ზელენსკის ადმინისტრაციის ყოფილი მრჩეველი ალექსეი არესტოვიჩი აშშ-ის სენატის მიერ უკრაინისა და ისრაელის დახმარების კანონპროექტის დაბლოკვაზე, რომლითაც 61 მილიარდი დოლარი უკრაინის დასახმარებლად მიდიოდა.
შეერთებული შტატების ხაზინის მდივანი ჯანეტ იელენი სწორედ ამერიკას აკისრებს პასუხისმგებლობას უკრაინის დამარცხების შემთხვევაში.
ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი მიიჩნევს, რომ „სერიალის“ დასასრულს სრულიად სერიოზულად განაცხადებენ, რომ ომში უკრაინის წარუმატებლობა საქართველოს მიერ მეორე ფრონტის გახსნაზე უარის თქმამ და საერთაშორისო სანქციებთან არ მიერთებამ განაპირობა.
ყველანაირ სცენარს აქვს არსებობის უფლება და უკრაინის დამარცხების შემთხვევაში ვინ უნდა ზიდოს პასუხისმგებლობის ტვირთი?
ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ თუკი უკრაინა დამარცხდება, დამნაშავე უპირველეს ყოვლისა იქნება რუსეთი და შემდეგ დამნაშავე იქნება უშუალოდ უკრაინა. არ უნდა გამოვრიცხოთ უკრაინის ბრალეულობაც, რომელმაც მთელი აქცენტი გადაიტანა იმაზე, რომ მას მისცემდნენ იარაღს, თვითონ იარაღის წარმოებას კი ხელი არ მოჰკიდა.
„უკრაინამ თავისი რესურსები არაფრით განავითარა, არ გამოიყენა, არადა, უზარმაზარი რესურსების ქვეყანაა. ასე რომ, აქ მაინცდამაინც მხოლოდ უცხოელები არ არიან დამნაშავენი, მით უმეტეს, უპრეცედენტო დახმარება გაუწიეს უკრაინას. თვითონ უცხოელები დამნაშავენი არიან იმდენად, რამდენადაც კარგად არ გათვალეს ყველა შესაძლო ვარიანტი. ამ შემთხვევაში, არ გათვალეს საომარი მოქმედებების თავისებურებები როგორც უკრაინის, ისე რუსეთის მხრიდან“,-აცხადებს რამაზ საყვარელიძე.
რაც შეეხება საქართველოს დადანაშაულებას, რომლის მცდელობაც ომის დასაწყისიდანვე იგრძნობოდა უკრაინელების მხრიდან და გვადანაშაულებდნენ, რომ მეორე ფრონტის გახსნით მხარში არ ამოვუდექით უკრაინას, რამაზ საყვარელიძე თვლის, რომ ძალიან სასაცილო იქნება, ვინმეს თავში მოუვიდეს უკრაინის მარცხში საქართველოს დადანაშაულება.
ანალიტიკოს ნიკა ჩიტაძის აზრით, პროცედურული პრობლემებია თავად დასავლეთში უკრაინისთვის თანხის გამოყოფასთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, უკრაინის დახმარება დასავლეთში უმრავლესობას სურს და, ალბათ, გაგრძელდება კიდეც ეს დახმარება, მით უმეტეს, ევროკავშირის დღის წესრიგშია 50 მილიარდი ევროს უკრაინისთვის გამოყოფის საკითხი, მაგრამ აქ პრობლემა უფრო დასავლეთის ბიუროკრატიულ სისტემაშია. დიქტატორულ სახელმწიფოში ერთი ადამიანი იტყვის და მისი ნათქვამი სრულდება, დასავლეთში კი დემოკრატიული საზოგადოებაა.
„დემოკრატიისა და კანონის დაცვის გამო ხშირად ნელდება გადაწყვეტილებების მიღება. ესაა დასავლეთის სისუსტეც და სიძლიერეც - გადაწყვეტილებების მიღების პროცესის გაჭიანურება. სავარაუდოდ, უკრაინა არ დამარცხდება ამ ომში, ასე რომ იყოს, მაშინ რუსები წინ წავიდოდნენ, ვერც უკრაინა მიიწევს წინ, ვერც რუსეთი. დასავლეთი აცნობიერებს იმ ფაქტს, რომ უკრაინის დამარცხება მათი დამარცხებაა და ამის შემდეგ რუსეთმა შეიძლება მოინდომოს ბალტიისპირეთზე თავდასხმა. მაშინ დასავლეთი უშუალოდ უნდა ჩაებას ომში. ამის შესახებ ბაიდენმაც განაცხადა, რომ უკრაინის დამარცხების შემთხვევაში, ამერიკელ ჯარისკაცებს რუსებთან დაპირისპირება მოუწევთ, რაც, ცხადია, ამერიკას არ აწყობს“, -აღნიშნა ნიკა ჩიტაძემ for.ge-სთან საუბრისას.
....ჰოოდა გაუშვათ ლომჯარიები გიგაურები ნაცვლიშვილები სამადაშვილები, ბოკუჩავები
მაგატ ხომ უკრაინის დახმარება უნდოდათ..... ჰოოდა წავიდნენ დაეხმარონ
მოკლედ არც ერთი ნაცი არ დავტოვოთ აქ................... დაჟე სამალიოტს ლიჩნად მე დავუქირავებ