პსჟ-ის თავდამსხმელ კილიან მბაპესა და პარიზული კლუბის მთავარ მწვრთნელს ლუის ენრიკეს შორის ურთიერთობა ბოლო ერთი კვირის განმავლობაში საგრძნობლად გაუარესდა - წერს L'Équipe.
წყაროს ცნობით, ფრანგი თავდამსხმელი უკმაყოფილოა ორი ძირითადი მიზეზის გამო. ჯერ ერთი, მბაპეს არ მოეწონა ესპანელი სპეციალისტის მოთხოვნა, შეემცირებინა ინტენსივობა დორტმუნდის „ბორუსიასთან“ ჩემპიონთა ლიგის ბოლო მატჩის (1:1) დროს, რაზედაც დამოკიდებული იყო პსჟ-ის ამ ტურნირის 1/8 ფინალში პირველი ადგილით გასვლა. მეორეც, მბაპე აგრძელებს უკმაყოფილების გამოხატვას იმის გამო, რომ ენრიკე მას ცენტრალურ თავდამსხმელად იყენებს, თავად მოთამაშე კი შემტევ ფლანგზე თამაშს ამჯობინებს.
შეგახსენებთ, რომ მას შემდეგ, რაც 24 წლის თავდამსხმელმა ლიგა 1-ის ბოლო მატჩში ლილთან (1:1) გოლი გაიტანა, მან არ იზეიმა, რაც ზოგიერთმა ექსპერტმა პროტესტის გამოხატულებად მიიჩნია მის პოზიციასთან დაკავშირებით.